დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია სინოფარმის ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა.
გარდა ამისა, გამყრელიძე ამბობს, ამ ეტაპზე მოლარაპაკებები გრძელდება ფაიზერთან, ნოვაქსთან, ჯონსონ ენდ ჯონსონთან და სხვა კომპანიებთან.
“კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია სინოფარმთან, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. აპრილში სინოფარმის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.
მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ფაიზერთან, ნოვოვაქსთან, ჯონსონ ენდ ჯონსონთან, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან და ბევრ მწარმოებელთან, რათა საქართველოში თანდათან შემოვიტანოთ ვაქცინების მეტი რაოდენობა. გვინდა, რომ ივლისიდან ფართოდ გაიშალოს ე.წ. მასობრივი ვაქცინაცია”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
“ალია” შეგახსენებთ, რომ სინოფარმის ვაქცინის მარეგისტრირებელი ორგანო გაერთიანებული საემიროა.
გაერთიანებული საემირო კი არ შედის იმ 37 ქვეყნის დასახელებაში, რომლის დარეგისტრირებული მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანა, საქართველოს კანონმდებლობით დასაშვები შეიძლება იყოს!
შეგახსენებთ იმასაც, რომ “ალიას” მკითხველმა ჩინური ვაქცინის შესყიდვაზე ინფორმაცია 18 მარტს მიიღო, მაშინ როცა გაგაცანით ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება (15 მარტით დათარიღებული, გამოაქვეყნა მწერალმა ალექსანდრე პაიკიძემ) ჩინური ვაქცინის ყიდვის თაობაზე!
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩევლის, ექიმ ზაზა წერეთელის ინფორმაციით, ჩინური ვაქცინით ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტია აცრილი!
და ბოლოს, ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ არაერთი ჩინოვნიკის დაპირება, რომ ქვეყანაში მხოლოდ ის ვაქცინა შემოვა, რომელსაც ექნება ჯანმოს რეკომენდაცია!
კომენტარები