იმის მიუხედავად, რომ ივანე მერაბიშვილმა ხმამაღლა გამოაცხადა, არანაირი პოლიტიკური თანამდებობა არ მინდაო, წინასაარჩევნო კამპანიაში თავიდან ფეხებამდეა ჩაფლული და რეგიონებში მოგზაურობს. ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ „იმ ვანოს“ თითქმის ყველა შეხვედრაზე დავით კირკიტაძე ახლავს და ეს მაშინ, როცა „კირკიტას“ რუსთავი აქვს მოსაგები და საკუთარ ოლქში არც თუ ცოტა სამუშაო უნდა ჩაატაროს. მართალია, ნინო ლაცაბიძის სახით კირკიტაძეს ძლიერი კონკურენტი არ ჰყავს და მეორე ტური პრაქტიკულად გარანტირებული აქვს, იოლი არჩევნები ნამდვილად არ ექნება. თანაც, ეჭვი გვაქვს, რუსთავის კვოტით ხელისუფლება ისეთ კაცს (და არა ქალს) ჩასვამს, რომელსაც ხმების მოგროვება არ გაუჭირდება. ცალკე თემაა დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც ასევე არ იქნება „ვიღაც“ და ეს რეალურად, სწორედ ამ ორზე მოუწევს კირკიტაძეს ფიქრი. დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ სიაში ჩასასმელი კაცის ვინაობა ნაციონალებმა უკვე იციან, დამოუკიდებელი კანდიდატის – არა და… ვანო მერაბიშვილი ტყუილად არ გვიხსენებია.
ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ძალიან მშვიდად გაატარეს ციხიდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ვაჟა ლელუაშვილის ციხიდან გამოსვლის თემა. არადა, ამ კაცის სახელს იმდენი რამ უკავშირდებოდა, ლამის მთავარ დამნაშავედ იყო შერაცხული, მაგრამ საბოლოოდ, მას უმნიშვნელო ბრალდებები დაუმტკიცეს და ციხეში ზუსტად იმდენი ხნით გამოკეტეს, რამდენიც სჭირდებოდათ – წინასაარჩევნოდ ლელუაშვილი თავისუფალია და ახლა ის არის საქმე, ვის წისქვილზე დაასხამს წყალს. მუდამ ფრთხილი და წინდახედული „ბაბუ“ (სწორედ ასე მოიხსენიებდნენ მას ქვემო ქართლში, რომლის კურატორიც გახლდათ) ღიად არც ახლა გამოჩენილა, არც ხმაური აუტეხავს, არიქა, გამოვედიო. საჭირო წრეებში მისი გათავისუფლების ამბავი გამოსვლამდეც იცოდნენ და ახლა მითუმეტეს, მოწყენის საშუალებას არ მისცემენ. ჩვენი ინფორმაციით, ლელუაშვილი „ოცნებაზე“ და ქვემო ქართლში მის კანდიდატებზე იმუშავებს, ნაციონალებს კი იმედი აქვთ, რომ მის გადაბირებასა თუ განეიტრალებას სწორედ მერაბიშვილი მოახერხებს. ჯერჯერობით მათი შეხვედრა ვერ შედგა (როგორც გვითხრეს, ამ შეხვედრას ლელუაშვილი არიდებს თავს), მაგრამ არაა ვანო ის კაცი, სასურველ პიროვნებასთან დალაპარაკება ვერ მოახერხოს. რამდენად „დაკერავს“ მერაბიშვილი ლელუაშვილს, მალე ვნახავთ.
ანი დვალიშვილი, ალია №29
კომენტარები