ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი:
„მე ვფიქრობ, უნდა შეწყდეს განხილვა კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მით უფრო, იმის ფონზე, რომ დასავლეთიდან კრიტიკა ისმის, განსაკუთრებით, ევროკავშირიდან და თანაც, ეს ყველაფერი ხდება ასოცირების სტატუსის მონიჭების წინ.
ეს კანონი მკვეთრად შეაფერხებს დემოკრატიულ პროცესებს, ოპოზიციურ დამოკიდებულებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრიობისათვის.
ვერ მივხვდი, აგენტად რეგისტრირება რას ემსახურება? ვთქვათ, ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გრანტს იღებს ევროკავშირიდან, აგენტია?
რამდენი სასაკითო საქმე გაკეთდა ევროკავშირის ან იუსაიდის მიერ.
როდის იყო, აგენტები საჯარო დაფინანსებას იღებდნენ ან ხმამაღლა და რეგისტრაციით აცხადებდნენ, რომ აგენტები არიან?
ერთი შეხედვით, კანონპროექტი უწყინარია, ვენეციის კომისიამაც არ დაიწუნოს, მაგრამ შემდეგში უმრავლესობაში მყოფი ხელისუფლებისთვის მის სათავისოდ გადაკეთების ცდუნებას ტოვებს.
სწორედ ასე გააკეთეს რუსეთში და მივიდნენ იქამდე, რომ დემოკრატია მოსპეს.
თუ მართლა აგენტების წინააღმდეგ მიმართული კანონი უნდათ, ლუსტრაციის შესახებ კანონი მიიღონ. ასევე, მოძებნომ გზები, რათა დაიბლოკოს მტრულად განწყობილი ქვეყნებისგან მიღებული დაფინანსება, რომელიც პოლიტიკურ და მედიაგავლენას ხმარდება.
რა არის ამ კანონის მიზანი? – ფინანსური დეკლარაცია? რა, ამის დადგენა აქამდე რთული იყო თუ ვინმე მალავდა? ეს ხომ გამჭვირვალეა?
რაც შეეხება აშშ-ს ვარიანტს, ჯერ ერთი, ამ ქვეყნის ყველა კანონი არ ნიშნავს, რომ ჩვენთან გადმოვიტანოთ (სხვათა შორის, ზოგიერთ შტატში სიკვდილით დასჯაც აქვთ, ასევე, არაერთი უცნაური კანონია), არც იმას ნიშნავს, რომ ყველა კანონი იდეალურია და თანაც, ეს კანონი ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას აქვს.
კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის შესახებ ახლა განხილვის პროცესშია და თუ მართლა ევროკავშირი გვინდა, ეს განხილვა უარით უნდა დასრულდეს.“
კომენტარები