ანი დვალიშვილი, ალია
ხმამაღლა და დამარცვლით უნდა გითხრათ – როცა რაღაცას ვწერთ ხოლმე, ის „რაღაც“ რამდენიმე წყაროსთან არის გადამოწმებული და დაზუსტებული. ამიტომ, ხელისუფლების ხელის აქნევას და „ტყუილიას“ ძახილს ყურადღებას რაც ნაკლებად მიაქცევთ, მით უკეთესი. თუ გახსოვთ, ჯიუტად ვიმეორებდით, კომპანია „ენკას“ მშენებლობა არ შეუჩერებია, პირიქით, პროექტს მიჰყვება და წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს თქო. მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს, სამუშაოები შეჩერებულია, „ალიას“ ნუ უსმენთ, სანამ შეთანხმება არ მოხდება, „ენკა“ ხელს არ გაანძრევსო. ჰოდა, ამის „დასტურად“ პრემიერმაც თქვა, ამ პირობებით „ენკა“ მუშაობას არ აგრძელებს და ვერც გააგრძელებსო. სანაცვლოდ კი…
„კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის – „ნამახვანჰესის” გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ“, – ეს განცხადება „ენკას“ წარმომადგენლებმა ოფიციალურად გაავრცელეს და ისიც დაადასტურეს, რასაც ჩვენ ვწერდით – სამუშაოები ერთი წუთითაც არ შეჩერებულა და კომპანია ხელშეკრულების პირობებს ზედმიწევნით მიჰყვება. რეალურად, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რათა „ენკამ“ შეუფერხებლად იმუშაოს და ქვეყანაში ლამის ნახევარი მილიარდის პირდაპირ ინვესტიცია შემოვიდეს. ლარის გამყარების პროცესი შეუქცევადად თუ გაგრძელდება, ეს მმართველი გუნდისთვის უდიდესი პლუსი იქნება არჩევნების წინ. თუმცა, ვაღიაროთ ისიც, რომ ლარის გამყარების მიუხედავად, პროდუქტი არ გაიაფებულა და სამწუხაროდ, ამას უახლოესი ორი თვის განმავლობაში თურმე არც უნდა ველოდოთ.
„თუ ლარი 3.20-იან ნიშნულს არ გადასცდა, ფასების კლებას მომხმარებელი 2-3 თვეში იგრძნობს. იქამდე შესაძლებელია ფასები იმ პირველადი დანიშნულების პროდუქტზე შემცირდეს, რაც ყველაზე სწრაფად იყიდება. ძირითად პროდუქტზე კი ამას დრო დასჭირდება. როცა კომპანია სხვადასხვა მიზეზით ფასს აძვირებს, ამასაც დრო უნდა – 2 კვირიდან 1 თვემდე ჭრილში. კლებას კი კომპანიები მოეკიდებიან უფრო ფრთხილად. დასაკომპენსირებელია გაზრდილი ელექტრო მატარებლების ხარჯიც. გამყარებული ლარი ბიზნესს ხარჯებს დაუკომპენსირებს. ამ წუთას არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ფასების შემცირება სწრაფად მოხდება“, – ეს განცხადება დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ივა ჭყონიამ გააკეთა და ამ კაცს ნამდვილად დაეჯერება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროდუქტების გაიაფებას მინიმუმ ზაფხულის ბოლომდე არ უნდა ველოდოთ და თუ იმ დროისთვის ეროვნული ვალუტა 3.20-იან ნიშნულს გასცდება, გაიაფება ჩაილურის წყალს დალევს. ვაღიაროთ, რომ ეს ქართული ბიზნესისთვის ჩვეულებრივი ამბავია – გაძვირება ხდება ძალიან მალე, გაიაფებას სჭირდება დრო და რაც მთავარია, ამის გამო, პასუხს არავინ არავის სთხოვს და ყველა ბედნიერია, მოსახლეობის გარდა.
სხვათა შორის, მოსახლეობას ისიც უკვირს, სეზონური ხილი რატომ ღირს ძვირი და ადგილზე 30 თეთრად ღირებული კიტრი და 50 თეთრად ღირებული პომიდორი, ბაზარში სამმაგი და მეტი ფასი. ესეც ქართული ფენომენია, თუმცა… პირადად ვიცნობ ნიკოლოზ ბენიაიძეს და მასთან არაერთხელ მისაუბრია სოფლის მეურნეობაზე. ვინც არ იცის, ნიკა „შირაქის ველის“ მეპატრონე და შირაქის ფერმის მფლობელია. ჰოდა, გასულ კვირას ამ მეურნე კაცმა თქვა, 400 სულ ძროხას ვყიდი, ფერმა წამგებიან ბიზნესად იქცა საქართველოში, რადგან სახელმწიფო ხელს არ გვიწყობსო. არადა, ბენიაიძემ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, პრეტენზია ჰქონდა, რომ ნატურალური პროდუქტი ეწარმოებინა, დღეში მისი ფერმა 5 ტონამდე რძეს ყიდდა და… არაფერი, ხურავს ფერმას. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანიდან რძის ფხვნილი შემოვიდა, რომლისგანაც სულგუნის კეთებაც კი დაიწყეს და იმის მიუხედავად, რომ საყოველთაო დასკვნით, ეს ფხვნილი თითქმის ყველა ქვეყანაში აკრძალულია და მომწამვლელია, ფაქტია – ჩვენთან ადგილობრივ წარმოებას სერიოზული პრობლემა შეუქმნა და ზემოთ ხსენებული ფერმის გარდა, კიდევ ორი ფერმა იკეტება. ეს მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე არც თუ ბოლომდე ჯანსაღი პროდუქტი იქნება და ესეც არ იყოს, ბოლო დროს ირანული ხაზი ყველა მიმართულებით გააქტიურდა.
„თუ გახსოვთ, თავის დროზე, ირანიდან იაფი ცემენტის და არმატურის შემოტანა დაიწყეს. შემდეგ ექსპერტებმა დასკვნა დადეს, რომ იმ ცემენტით კორპუსების მშენებლობა კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანა და არც არმატურა იყო სამშენებლოდ ვარგისი. მერე ხორბლის ხაზი გაიჭრა, თუმცა ამაოდ – ირანული ხორბლით პური ვერ ცხვებოდა. ახლა კი ხილი და რძის ფხვნილი, რომლისგანაც ამზადებენ რძის ნებისმიერ პროდუქტს. ხილს რაც შეეხება, საქართველოს ბაზარი ირანულ საზამთროს მიაქვს და თუ ვინმეს შესაბამისი პრეპარატი გაქვთ, ნიტრატებზე შეამოწმეთ ეს საზამთრო და მერე ნახეთ, გაგიჩნდებათ თუ არა მისი ჭამის სურვილი“, – გვეუბნება ამ სფეროს ექსპერტი.
ფაქტია, რომ ხელისუფლებაში ვიღაცამ ირანული „კანალი“ გაჭრა და რაც იქ არ იყიდებოდა, ყველაფერი აქეთ შემოდის. სამშენებლო არმატურის დაწუნების შემდეგ, ირანიდან დიდი რაოდენობით, სამშენებლო პროფილები მოედინება. ვარგისიანობა ეჭვს იწვევს, მაგრამ იაფია და მოსახლეობაც იძულებულია, სწორედ იაფზე გააკეთოს სწორება.
საზამთრო ტყუილად არ გვიხსენებია. ჯერჯერობით მისი ფასი ისეთია, ბევრი მაინც ვერ ყიდულობს, მაგრამ, როგორც გვეუბნებიან, ქართული საზამთროს შემოსვლის შემდეგ, ირანულზე ფასი იმდენად დაეცემა, რომ ადგილობრივზე იაფი ეღირება და მერე უკვე მყიდველსაც გაუჭირდება გარჩევა, რას ყიდულობს და რას ჭამს.
„ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ხელისუფლებას ადგილობრივი წარმოება ფეხებზე ჰკიდია. არანაირი შეღავათი არცერთი მიმართულებით. სამაგიეროდ, უდიდესი შემსუბუქება შემოტანილ პროდუქტზე და რეალურად, ეს „შემსუბუქებული“ გადასახადი კონკრეტული ადამიანების ჯიბეში მიდის“,-გვეუბნება ჩვენი წყარო და მაგალითად… მეზობელი აზერბაიჯანი მოჰყავს.
ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში ვერ შეიტანთ თაფლსა და შავ ღვინოს. საუბარი არ არის დიდ ოდენობაზე, ათი ლიტრი შავი ღვინისა და ათი კილო თაფლის გადატანაც კი პრობლემაა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი მხრიდან ამ პროცესს კონკრეტული ჩინოვნიკები კურირებენ, აზერბაიჯანის მხრიდან კი ეს საქმე კონკრეტულ პირს აბარია და ამიტომ, თაფლიც (და ქართული თაფლი აზერბაიჯანში იმაზე სამჯერ ძვირი ღირს, ვიდრე აქ) და ღვინოს მხოლოდ „ერთი ხელიდან“ იღება. ვისაც სურს, ნუ დაიჯერებს, მაგრამ ამ პროცესში „ჩაჯდომა“ ერთ-ერთ ჩინოვნიკს ძალიან სურდა და საქმე ილხამ ალიევის დონეზე გადაწყდა, ანუ საქმის კურსში აზერბაიჯანის ძლევამოსილი პრეზიდენტი ჩააყენეს.
ეს ყველაფერი კი იმად მოგიყევით, რომ მარტივად აგიხსნათ – არ აქვს მნიშვნელობა, ლარი მყარია თუ გაუფასურებული, ხილი სეზონურია თუ დეფიციტური, სამშენებლო მასალა ხარისხიანია თუ უხარისხო – მოსახლეობის, ანუ რიგითი ადამიანების სასარგებლოდ გადაწყვეტილებებს არც შინაური იღებს და არც გარეული. ამიტომაცაა ამ დღეში რომ ვართ?!
კომენტარები