დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი მმართველი პარტია “ქართული ოცნება” გარიცხეს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კონკრეტულად კი, 10 აგვისტოს. “ქართულმა ოცნებამ” მაშინ მიზეზიც დაასახელა და თქვა, რომ მიზეზი მე-14 საარჩევნო ოლქში კონკურენტი მაჟორიტარი კანდიდატის მხარდაჭერა გახდა.
დმანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა პარტიიდან მისი გარიცხვის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო. მისივე თქმით, ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარს დაუჭერს პარლამენტარ კახა ოქრიაშვილს და მის პარტიას.
“დმანისის მთელი მოსახლეობა კახა ოქრიაშვილს უჭერს მხარს, მეც დმანისელი ვარ, რა უფლება მაქვს, მხარი არ დავუჭირო?.. მხარს დავუჭერ როგორც მაჟორიტარ კანდიდატს, პროპორციულში კი ოქრიაშვილის მიერ შექმნილ პარტიას”, – თქვა მაშინ ტატუაშვილმა.
გიორგი ტატუაშვილი, 2017 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის მერად არჩევამდე, კახა ოქრიაშვილის ფარმაცევტულ კომპანიაში იურისტად მუშაობდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მე-14 საარჩევნო ოლქში, რომელიც კონსტიტუციური ცვლილების შემდეგ, მოიცავს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებს, მმართველი პარტიიდან კენჭს უმრავლესობის წევრი გოგი მიშველიანი იყრის. ამავე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატი ოფიციალურად ჯერ არც ერთ პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს არ დაუსახელებია.
დღეს გიორგი ტატუაშვილმა თქვა, რომ დაპირისპირება, რასაც უყურებს, მერობის 4-წლიანი გამოცდილების განმავლობაში, არ უნახავს.
გიორგი ტატუაშვილი:
“ესეთ რაღაც მე მაგალითად 4-წლიანი მერობის პერიოდში პირველად ვნახე. ესეთი რამე არ ყოფილა არასდროს და არც იქნება სამომავლოდ დარწმუნებული ვარ. ეს ეთნიკურ ჭრილში ნამდვილად არ არის იმიტომ, რომ დმანისში ეგეთი რაღაცეები არ ხდება, არც მოხდება არასდროს. შეიძლება რაღაც გაუგებრობა მოუვიდათ ერთმანეთში ან ნასვამი ხალხი იყო ან რაღაც მასეთი, დმანისში ძალიან მეგობრულად ცხოვრობს ყველა ადამიანი”
საყოფაცხოვრებო, ნასვამ ნიადაგზე კონფლიქტი, არ უნდა გახდეს ასეთი გრძელვადიანი დაპირისპირების მიზეზი, თუ სახელმწიფო სწორ პოლიტიკას ატარებს! მით უფრო, რომ ასეთი სერიოზული დაპირისპირება წლებია დმანისში არავის ახსოვს.
სამწუხაროდ, ჯერ ისევ არ გაუვრცელებია განცხადება სუს-ს, რომელსაც პირდაპირ ეხება ეთნიკური ხასიათის დაპირისპირებების კონტროლი ქვეყანაში. როგორც სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშებში ვკითხულობთ, ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ ამ კუთხით, თუმცა, ამ მუშაობის შედეგი როგორია – ბუნდოვანია. რატომ და როგორ ვერ/არ მოახერხა სახელმწიფომ კონფლიქტის დროულად მოგვარება და არის, თუ არა, კავშირში, დმანისში მომხდარი დაპირისპირება პოლიტიკასთან? – ეს ის კითხვაა, რომელსაც, წესით, სწორედ სუს-მა უნდა გასცეს პასუხი.
კომენტარები