„პრაიმტაიმისთვის“ ინფორმაციით, გლდანის ციხეში ერთ-ერთ პატიმართან ამანათის შესაგზავნად მისულ ახალგაზრდა მამაკაცს, გიორგი ნ-ს იქვე მყოფმა უცნობმა მისი ამანათის შეგზავნაც სთხოვა იმ მოტივით, რომ თავად პირადობის მოწმობა დაავიწყდა.
გიორგი ნ-მ სხვისი ამანათი მართლაც შეგზავნა, თუმცა შემოწმების დროს ხილში დამალული „სუბოტექსი“ იპოვეს.
სუბოტექსის რამდენიმე აბი ვაშლში კურკების ნაცვლად იყო ჩალაგებული. შემოწმების დროს კი ერთ-ერთ ვაშლს მიმაგრებული ყუნწი მოწყდა და ნარკოტიკული საშუალებები გადმოცვივდა.
უცნობი პირი ადგილზე აღარ იმყოფებოდა, გიორგი ნ. კი სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთიერების შეტანის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს.
გ.ნ. ამავე დღეს დააკავეს და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2020 წლის 28 ნოემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19/378-ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
2020 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულ გ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა“.
კომენტარები