საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. “გახარიას წერილის” მისთვის გადაცემის შესახებ ისაუბრა. ჯაფარიძეს წერილის გადაცემის დეტალების გახსენება ჟურნალისტებმა სთხოვეს. საუბარია “მუქარის წერილზე”, რომელიც, ყოფილი ბიზნესმენის მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.
კითხვაზე – “როგორ აღმოჩნდით გახარიას კაბინეტში?”, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრს თიბისი ბანკზე განხორციელებული კიბერთავდასხმის საკითხზე ხვდებოდა. სხვა დეტალების გაჟღერებისგან ბადრი ჯაფარიძემ თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეს საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაში შედის.
„თქვენ ეტყობა ჩემს ინტერვიუებს თვალს არ ადევნებთ, შეხვედრის ადგილი არ დამიზუსტებია, მაგრამ შეხვედრები მქონდა შინაგან საქმეთა მინისტრთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა კიბერშეტევა ბანკის სერვერებზე, რომელიც წარმატებით მოგერიებული იყო, მაგრამ ჩვენ დავადგინეთ სერვერები, საიდანაც ვირუსის შეყვანის მცდელობა იყო და მე ეს ინფორმაცია მას მივაწოდე. იმავე პერიოდში დაახლოებით 17 გადასახდელი აპარატი – “თიბისი ფეი” გაიძარცვა. შეინიშნებოდა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები და ამ თემასთან დაკავშირებით მე მასთან შეხვედრა მქონდა. ამ თემაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, დანარჩენი საგამოძიებო უწყებების საქმეა.
გამოძიების ჩატარება საგამოძიებო უწყების კომპეტენციაა. ჩვენ კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს. საგამოძიებო უწყებებს თუ რამე აქვთ დასაზუსტებელი, შეუძლიათ დააზუსტონ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 4 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მუქარის შემცველი წერილი მისწერა. ხაზარაძემ დასძინა, რომ მან ამ წერილთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვისას ისაუბრა.
იმავე პერიოდში “კურიერის” მიერ გავრცელებული ინფორმაცით, გიორგი გახარია და ბადრი ჯაფარიძე მეზობლები არიან. ერთ-ერთი ვერსიით, ბადრი ჯაფარიძეს შსს მინისტრმა წერილი მათ საერთო ავტოფარეხში გადასცა. მეორე ვერსიის მიხედვით ადგილი, სადაც მინისტრმა წერილი ჯაფარიძეს გადასცა, მისი კაბინეტია. “კურიერი” აცხადებდა, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა ხაზარაძესა და მთავრობას შორის შუამავალი ბადრი ჯაფარიძე იყო, რომელსაც გიორგი გახარიასთან ახლო ურთიერთობა აქვს.
როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძეს “გახარიასგან მიღებული წერილი” ექსპერტიზაზე ლონდონში აქვს გაგზავნილი. თავის მხრივ, აღნიშნულ თემაზე განმარტება პროკურატურამ გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ხაზარაძემ საგამოძიებო უწყებაში მუქარის შემცველ წერილზე განაცხადა, თუმცა იქ გიორგი გახარიაზე არაფერი უთქვამს. მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, მან პროკურატურას წერილის დედანი გადასცა.
კომენტარები