ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მაგისტრატურის საფეხურის ზოგიერთ პროგრამაზე სწავლის საფასური 500 ლარით შეამცირა – სტუდენტების თქმით, ბსუ-მ ამის შესახებ მათ უკვე აცნობა. თუმცა, „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტით დასტურდება, რომ 2018 წლის შემდეგ, მაგისტრატურის სტუდენტებს დამატებით 500 ლარს [რაც წელს გააუქმეს] ისე ახდევინებდნენ, რომ უნივერსიტეტს ამაზე ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდა.
სწავლის მომატებული გადასახადის მოკვლევის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, სტუდენტმა გიორგი მახარაძემ მიმართა. გიორგი სამართლის პროგრამის სტუდენტია და 2020 წლის 26 ნოემბერს მისწერა ხარისხის ეროვნულ ცენტრს, შეესწავლა სწავლის საფასურის გაზრდის კანონიერება. მონიტორინგის სამსახურმა მართლაც შეამოწმა უნივერსიტეტი. სწორედ ამ შემოწმების შედეგად აცნობეს სტუდენტებს, რომ სწავლის საფასურს უნივერსიტეტი 500 ლარით ამცირებს.
ირაკლი კორძაია, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი „ბათუმელებთან “ადასტურებს, რომ სწავლის საფასური სამაგისტრო საფეხურის ოთხ პროგრამაზე საქართველოს მთავრობის ოფიციალური თანხმობის მიღებამდე გაზარდეს.
2018 წელს სწავლის საფასური 2250 ლარიდან 2 750 ლარამდე გაიზარდა შემდეგ პროგრამებზე:
ფინანსები და საბანკო საქმე, სამართალი, ტურიზმისა და მასპინძლობის (ამჟამად, ტურიზმის მენეჯმენტის) და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებზე.
„სწავლის საფასურის 500 ლარით დაკლების მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ როდესაც სახელმწიფოს მიერ დაწესებულ საფასურზე მეტ თანხას აწესებს უნივერსიტეტი, ამ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს მთავრობას და მიიღოს თანხმობა გადასახადის გაზრდაზე.
ჩვენ მიმართვა გავაკეთეთ 2018 წელს, თუმცა მთავრობისგან უკუკავშირი არ იყო მოსული და ამის გამო მოგვიწია კორექტირების შეტანა სწავლის გადასახადში, რადგან არ გვქონდა უფლება უკუკავშირამდე სწავლის საფასური გაგვეზარდა. აკადემიურმა წარმომადგენლობითმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტები ამ ეტაპისთვის არ დაზარალებულიყვნენ. შესაბამისად, იმ სტუდენტებს, ვისაც ზედმეტობით აქვს გადახდილი, თანხები დაუბრუნდებათ უკან“, – ამბობს ირაკლი კორძაია.
კითხვაზე, რატომ არ დაელოდნენ მთავრობის თანხმობას ან რატომ ვერ მიიღეს სამი წლის განმავლობაში მთავრობისგან პასუხი, ირაკლი კორძაია ამბობს: „აქ ის მომენტია, რომ როდესაც განცხადებას წერ, შესაძლოა ერთი ან ორი წლის შემდგომ შეიძლება მოგცეს თანხმობა მთავრობამ“.
კორძაია ამბობს, რომ უნივერსიტეტმა არაკანონიერ ფაქტზე „მყისიერი“ რეაგირება მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოახდინა და ისიც, სამინისტროს „მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი ხარვეზის“ შემდეგ.
რატომ ითხოვს უნივერსიტეტი ამ ოთხ პროგრამაზე სწავლის საფასურის გაზრდას? – ვკითხეთ ირაკლი კორძაიას. მისი განმარტებით, ოთხივე პროგრამა სხვა პროგრამებისგან იმით განსხვავდება, რომ სპეციფიკურია.
მისი თქმით, როცა სტუდენტები აღნიშნულ პროგრამებზე აბარებდნენ, სწავლის გაზრდილი საფასურის შესახებ იყვნენ ინფორმირებული.
ირაკლი კორძაია ამბობს, რომ უნივერსიტეტი სწავლის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით ისევ ამზადებს განცხადებას და ხელმეორედ მიმართავს მთავრობას.
მართალია, ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ თანხა იმიტომ უბრუნდებათ სტუდენტებს, რომ არ სურთ მათი დაზარალება, მაგრამ როგორც “ბათუმელების” მასალიდან ვხედავთ, სინამდვილეში თანხა იმიტომ ბრუნდება უკან, რომ უკანონოდ მოხდა ამ ფულის აღება უნივერსიტეტის მიერ – შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი ვალდებულია აღნიშნული კანონდარღვების შესახებ შეატყობინოს შსს-ს და მოითხოვოს სრულფასოვანი გამოძიება. “ალია” კი შეგახსენებთ, დანაშაულის შეწყვეტა, პასუხისგებას არ ნიშნავს.
კომენტარები