პირველ მარტს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, პრემიერ ღარიბაშვილთან საუბრის შემდეგ, პრემიერთან ერთად ბრიფინგი მოაწყო და ბრიფინგისას თქვა:
“ყველა მხარეს მოგიწოდებთ, მოხდეს დეესკალაცია, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. დადგა ის დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე, დადგა პოლიტიკური დიალოგის დროს – ეს პროცესი რამდენიმე პრობლემას მოაგვარებს, ეს არის სასამართლოს რეფორმა – დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებულ სასამართლო, ეს ისაა, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ძირითად ასპექტს წარმოადგენს, საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოს ნდობა, ეს მნიშვნელოვანია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნეს მოგვარებული.“
მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელმა, მედიის თანდასწრებით, პირისპირ და ღიად უთხრა პრემიერს, რომ სასამართლოს არ აქვს ნდობა, და თქვა რომ “ყველამ იცის კონკრეტული საქმეები, რომლებიც უნდა იქნეს მოგვარებული” – პრემიერმა მის ამ რეპლიკას 1 მარტს ასე უპასუხა:
“მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზადყოფნა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს.”
დიახ, პრემიერმა, ბრწყინვალე ინიციატივა უწოდა ოპოზიციასთან მოლაპარაკების იდეას და სიტყვა არ დაუძრავს სასამართლოს იმ საქმეებზე, რომლებიც, შარლ მიშელის თქმით, “ყველამ იცის და უნდა მოგვარდეს!”.
დღეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადის, სააკაშვილის დროს“ – რატომ არ თქვა იგივე ფრაზა შარლ მიშელის თანდასწრებით პრემიერმა? – ამ კითხვას, სავარაუდოდ, ღარიბაშვილი არ უპასუხებს, სამაგიეროდ, დღეს მან რამდენჯერმე თქვა, რომ არ სურს საუბარი გვარამიაზე, არ სურს საუბარი ვადამდელ არჩევნებზე, არ სურს საუბარი პოლიტპატიმრებზე, თუმცა, პარალელურად, ისაუბრა ვადამდელ არჩევნებზეც, პოლიტპატიმრებზეც და გვარამიაზეც. როგორ აიძულებს მედია პრემიერს იმაზე საუბარს, რაზეც შარლ მიშელის თანდასწრებით ხმას ვერ იღებს – ეგ მეორე ამოუცნობი განტოლებაა.
კომენტარები