ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციები მოქალაქეებს მოუწოდებენ შეზღუდონ ქუჩაში გადაადგილება, რათა თავიდან აირიდონ სხვა პირებთან მჭიდრო კონტაქტი. მათი თქმით, ასე ვირუსის გავრცელების ნაწილობრივი პრევენციაა შესაძლებელი.
გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, ურბანული ლაბორატორია, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია და ჰაბ ჯორჯია ამბობენ, რომ გასათვალისწინებელიასაზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების მჭიდრო კონტაქტის რისკი, დისტანციის დაუცველობა და დაინფიცირების აქტიური შესაძლებლობა.
ისინი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავენ:
1. ავტობუსში, მეტროში, მიკროავტობუსში დროებით შეიზღუდოს ჭარბი მგზავრთა ნაკადის გადაადგილება, მათ შორის მოხდეს მძღოლის და მგზავრების შეძლებისდაგვარად იზოლირება.
2. მგზავრთა აუდიო გაფრთხილება ტრანსპორტში ქცევის წესების შესახებ.
3. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ ტაქსებში მგზავრთა გადაყვანა განხორციელდეს მხოლოდ უკანა კარიდან.
4. დროებით შეწყდეს ავტობუსებში მგზავრთა გაბილეთიანების მონიტორინგის სამსახურის მუშაობა.
5. მიუხედავად მგზავრთა ნაკადის კლებისა, არ შემცირდეს მეტროში მოძრავი შემადგენლობების რაოდენობდა და არ გაიზარდოს მოძრაობის ინტერვალი (ლოდინის დრო), რათა ვაგონებში დავიცვათ სიხალვათე.
6. მოხდეს ტაქსების შიდა სალონის (სახელურები, საჭე, სავარძლების ) დეზინფექცია.
7. საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ტაქსის მძღოლებმა და მგზავრებმა გამოიყენონ პირბადე.
8. პირბადითა და სადეზინფექციო სითხეებით მძღოლების უზრუნველყოფა სასურველია მოახდინოს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა და სატრანსპორტო კომპანიებმა.
„რეზონანსი“
კომენტარები