დიდი გვალვების დროს სამეგრელოში ერთ უცნაურ რიტუალს ატარებდნენ: 5-6 ქალბატონი, თურმე, თმას გაიშლიდა, ქუჩაში დადგებოდა და ისეთ ყვირილს იწყებდა, აი, გასვენებაში რომ იციან ხოლმე. ახლა, გულახდილად რომ ვთქვათ, როცა პაპანაქება სიცხეა, ირგვლივ ყველაფერს ცეცხლი უკიდია და მოსავალი, ხატოვნად რომ ვთქვათ, სულს ღაფავს, გლეხს საქმე, მართლაც, სატირლად აქვს.
ჰოდა, ეს მოტირალი მეგრელი ქალები ქუჩაში მოთქმა-გოდებით რომ დაიღლებოდნენ, მერე, მდინარეზე მიდიოდნენ, თოჯინას „ახრჩობდნენ“ და ტირილს და ვაი-ვიშს აძლიერებდნენ, თან გაიძახოდნენ, შვილი მოგვიკვდა, შვილიო. თოჯინას “ძივავვა” ერქვა.
შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ამ რიტუალის ჩატარებიდან მეორე დღეს, არსთაგამრიგე წვიმას „იმეტებდა“.
ისე, გვალვის საწინააღმდეგ რიტუალს კახეთშიც ატარებდნენ, ოღონდ სამეგრელოსგან განსხვავებით, ქალები კი არ ტიროდნენ, არამედ, ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ, ხელში წყლით სავსე დოქები ეჭირათ, წყალს მიწაზე ღვრიდნენ და ბუტბუტებდნენ, აღარ გვინდა გორახი, ღმერთო, მოგვეც ტალახიო.
არ დაიჯერებთ და, უფალი კახელი დიაცების თხოვნასაც ისმენდა და მეორე დღეს გვალვას ავდარი ცვლიდა.
წყარო – თაიმერი
კომენტარები