რამდენიმე დღის წინ, დეპუტატმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის წევრმა, ემზარ კვიციანმა, სოციალურ ქსელში, დაწერა, რომ სამართლიანობისთვის იწყებს ბრძოლას და შიმშილობის დაწყებას აპირებს.
„ალია“ დაუკავშირდა დეპუტატს იმის გასარკვევად, რას აპირებს, ვინ ბლოკავს, ვინ უშლის ხელს სამართლიანობის აღდგენაში:
-„მოგიწოდებთ დამოუკიდებელ პარლამენტარებს, ფრაქციებს მათ შორის ფრაქცია პატრიოტებს! ხელისუფლება და ნაცები აპირებენ არჩევნების გაყალბებას“ – ასე იწყებთ, წერილს, თუმცა, თავად ხართ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი – ეს განცხადება მხოლოდ თქვენია, ერთი ადამიანის? არ არის პარტიის პოზიცია?
– ეს არის ჩემი უშუალოდ, არ ვრევ ასეთ საქმეებში, არც პარტიას, არც ფრაქციას. ყველგან არიან სუს-ისგან ჩანერგილი ადამიანები…
– „პატრიოტთა ალიანსშიც“?
– დიახ, რა თქმა უნდა, ყველგან არიან ჩანერგილი ადამიანები, ვისაც, სწადია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მივატოვო და წამოვიდე, მაგრამ არ გამოუვათ. სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ. მე პარტიას ამ საქმეებში არ ვრევ, თავად თუ მოვლენ და დამიდგებიან გვერდით, კარგი იქნება, თუ არადა, არც დავემდურები არავის.
არაფერი შეცვლილა, როგორც გვდევნიდნენ ქართველებს, ისე გვდევნიან ახლაც და თუ არ დავდექით ფეხზე და თუ არ დავდექით ერთად არაფერი გვეშველება. ვითხოვ სავალდებულო არჩევნებს, ეს არ არის ჩემი მოგონილი, ათეულობით ქვეყანაშია და მათ შორის ბელგიაში. ყველა რომ გამოვა, სუსი ვეღარ გააყალბებს ისე. ვერ ეტყვის, არ მოხვიდე არჩევნებზეო. სოფელ ჭუბირში ჩემი მომხრეები 300 კაცი არ გამოვიდა, დაურეკეს, არც შენი მოცემული ხმა არ გვინდა, საერთოდ არ გამოხვიდე არჩევნებზეო. ჩემ სოფელში, 8 ხმით მოვიგე არჩევნები, რატომ? – სუსი მუშაობდა. არ უნდა მივცეთ საშუალება ძალოვნებს, რომ პოლიტიკაში ჩაერიოს.
დღეს გახარიას ვუსმენდი, ისე მესიამოვნა, ისე მესიამოვნა, მაგის გულისთვის წამსვლელი ვარ ყველაფერზე, რურუას გათავისუფლებაზე თქვა, ეს არის საქართველოს მართლმსაჯულებაზე ზეწოლაო, პირდაპირ თქვა, რომ გარედან გვაძალებენო…
ან კობახიძემ რომ თქვა მანამდე, ეგაც იყო გმირობა – თქვა, უცხოელი პარტნიორები, გვაძალებენ, გვაიძულებენ, ცუდი წარსულის მქონე ოპოზიციის, „ნაციონალების“ მხრებით ტარებასო – რა თქვას მეტი, რა ქნას მეტი ამ კაცმა? დაავალეს ბოკერიას და ნაციონალების მხრებით ტარება…
– კი ატარებენ მერე…
– კი, ბატონო, ატარებენ, მაგრამ მან ეს თქვა, ივაჟკაცა და გააჟღერა, დღეს რომ თქვა გახარიამ გვაიძულებენო, მხარში უნდა დაუდგეს გახარიას ყველა…. ყველა ერთად უნდა დავდგეთ, რადგან ახლა არასამთავრობოები შეუტევენ მაგრად – რადგან უკვე თქვა, რომ გარედან არის ზეწოლაო…
– რომც მოუნდეს ხალხს გვერდით დადგომა, როგორ აპირებთ? გამოვლენ და თავად ის ხალხი დაარბევს ისევ, ვის დასაცავადაც გამოვლენ…
– ეროვნული სუსი რომ გყავდეს, დაუშვებდნენ ხალხის გარეთ გამოსვლას, ეს სუსი, ამას არ დაუშვებს. გავრილოვი, ეს ათეისტი რომ გამოუშვეს მართლმადიდებლების შეკრებაზე – რატომ? ვინ დასვა სავარძელში? არავის წინააღმდეგ არ უნდა გამოსულიყო ხალხი, უნდა გამოსულიყო სუსის წინააღმდეგ, რატომ დაუშვა სუსმა? კობახიძე და ქუცნაშვილი იყვნენ მძევლები… პროტოკოლი შეადგინა სუსმა.
– ახლაც აპირებს ხალხი გამოსვლას 20 ივნისს.
– ახლა იმდენი ხალხი არ გამოვა, მაშინ უამრავი გულანთებული ახალგაზრდა ერთად გამოვიდა….
– დავუბრუნდეთ სუსს. ხალხს თუ ვეტყვით, რომ ბიძინა კარგია და სუსია ცუდი – მოდი სუსის წინააღმდეგ გამოვიდეთ – გამოვლენ? დაიჯერებენ, რომ არავის არაფერი ეკითხება ქვეყანაში სუსის გარდა?
– ბიძინას წინააღმდეგ გამოდიან ვინ? – ვისაც ბიძინა აფინანსებს? იმდენი რაღაცა მაქვს გაშიფრული, ვერც წარმოიდგენთ. გახსოვთ, 2005 წელს, ანტისოროსული მოძრაობა რომ იყო, იგორ გიორგაძე რომ აფინანსებდა მოსკოვიდან, ჯერ კარგად მოძლიერდნენ და მერე ბრახ და გაქრნენ. მაშინ იგორ გიორგაძის პირიდან გავიგე, რომ სოროსი აფინანსებდა მაგათ. თავის საწინააღმდეგო ჯგუფებს თავად აფინანსებდა. ნახე, რა ჭკვიანურად მართავდნენ?
– ანალოგიურად იქცევა ახლა ხელისუფლება.
– რა თქმა უნდა. ახლა ჩანაცვლება ხომ უნდა მოხვდეს? – იმის გამო, რომ არ დაბრალდეს სუსს, ბიძინა, ბიძინას გაჰყვიარიან, რომ მთელი ყურადღება წავიდეს ბიძინასკენ და არა ნამდვილი დამნაშავისკენ.
– გადააბარებენ ხელისუფლებას?
– გადაბარება შეიძლება დავარქვა, რომ 80 პროცენტი ნაციონალები ეყოლებათ სიებში, აბა, რა დავარქვა? რატომ იკლავენ უცხოელები თავს პროპორციულზე? მათი „დავერბოვკებული“ ხალხი იქნება სიებში. რატომ ითხოვდნენ ქალები იყოს 50 პროცენტიო? კვოტირებით თან და არა არჩევით. მისაღები უნდა იყოს კანდიდატი, რა შუაშია ქალი და კაცი. მე შენ გეტყვი და ტრადიციულ ქართველ ქალს შეაყვანინებენ სიაში?
– ისევე როგორც კაცსაც… ბევრი უპატიოსნო კაცი ვიცი მთავრობაში და ბევრ უპატიოსნო კაცს დამატებით რუსეთში ბიზნესი აქვს და რუსული ფულით ირჩენს თავს…
– ერთადერთი ადამიანი, ვინც შანტაჟი გადალახა და მოშანტაჟეებს დედა უტირა, ეს არის ეკა ბესელია, შანტაჟი შეუბრუნა უკან, მაგარი უბედურება გადაიტანა, მაგრამ იმათზე რამდენი თავით უფრო მაღლაა, ვინც აშანტაჟებდა, გადალახა შანტაჟის ენა, მაგარი მაგალითი მისცა ყველას, მაგრამ სხვები ვერ აკეთებენ, ვერ ბედავენ მსგავსის გაკეთებას.
– სუსის ამჟამინდელი უფროსით, ლილუაშვილით შეცვლიან გახარიასო, ამასაც ამბობენ…
– შეიძლება, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად ვმუშაობდი, კოლეგები ვიყავით, წესიერი პიროვნებაა….
– სუსზე ასეთ რამეებს ამბობთ და სუსის უფროსი წესიერი პიროვნება როგორ შეიძლება იყოს?
– სუსი არის მანქანა, დიდი მანქანაა და სუსის უფროსი თუ გგონიათ სიტუაციას მართავს, ძალიან ცდებით. ვერც გომელაურს ეტყვი შენი ბრალიაო, ვერც ლილუაშვილს.
– მაგაშია მთელი უბედურება, არავისი ბრალი არ არის კონკრეტულად და ყველაფერი „მანქანის“ ბრალია და „მანქანას“ ვერ დავაპატიმრებთ…. რას აპირებთ?
– სისტემაა შესაცვლელი. რას ვაპირებ და უნდა ვაჩვენო მთელ მსოფლიოს ტრანსფარანტი, „ამერიკელებო, დაგვიბრუნეთ თქვენ მიერ წართმეული თავისუფლება“, ასე მივადგები ამერიკის საელჩოს იმ კვირაში. თავი დაანებონ თითის ქნევას და ზეწოლას.
– ხალხმა არ ვქნათ, ხალხმა, აქეთ რუსეთი ოკუპანტი, იქეთ დავით გარეჯს ვკარგავთ, ამდენი წელია დეპუტატი ხართ და თქვენც კი ვერ იპოვნეთ სამართალი, პრემიერია და ხელფასს იღებს ქვეყნის მართვაში და გვეუბნებით, ეგ სულაც არ მართავს ქვეყანასო…
– მაგალითი გვაქვს კოდორის ხეობა, სადაც არ იმართებოდა უცხო ქვეყნის სამსახურების მიერ, იქ ყველგან გამარჯვებული ვიყავით ქართველები, უნდა მოვაშოროთ უცხო ქვეყნის აგენტურა ხელისუფლებიდან და ეროვნული ხალხი მოვიყვანოთ, დაინახავთ როგორ კარგად წავა საქმეს. როცა რუსი ან ამერიკელი დაჯდება სალაპარაკოდ თავის აგენტთან, ის თავისი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტს და არა საქართველოს. არიან პატიოსანი ხალხი, ვინც განზე ჰყავთ ახლა გაწეული. მეცნიერები მაგალითად, გააუქმა აკადემიები სააკაშვილმა და მოიცილა.
– სააკაშვილმა რომ გააუქმა, ამჟამინდელ ხელისუფლებას აღედგინა…
– აი, რატომ არ აღადგინა? იმიტომ რომ სააკაშვილმა რაც გააუქმა და რაც ცუდი გააკეთა, თურმე, იმის დავალებით აკეთებდა, ვინც ახლა თითს გიქნევს, ამიტომაც არავის უნდა მისი ციხეში ჩასმა. საპარლამენტო მარათონი არ უნდა იყოს, შენი განვლილი უნდა იყოს შენი მარათონი, აი, მაშინ, ყველა ყოველდღიურად იმუშავებს. იმის იმედი, რომ სადღაც ფული იშოვნა, მოვიდა, იყიდა ადგილი და ხალხის ხმები ფულით მიიღო – არ უნდა არსებობდეს. არ უნდა ჰქონდეს ფულიან კაცს საშუალება პარლამენტში ადგილი იყიდოს იმ ფულით და დაიჩაგროს პროფესიონალი. აი, მერე შეიცვლება ქვეყნის საქმე უკეთესობისკენ.
თამო კეშელავა, ალია №19
კომენტარები