ანი დვალიშვილი, ალია
სალომე ზურაბიშვილმა კი დიპლომატიის მაასტერკლასი ჩაატარა. მან ერთი კენჭი ხელისუფლების ბოსტანში ისროლა, საერთაშორისო ვიზიტებს მიზღუდავენო და მეორე ოპოზიციისაში – არავის შეწყალებას არ ვაპირებო. არადა, ოპოზიცია ელოდა, რომ დაბრუნებული ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეიწყალებდა. “ნაციონალური მოძრაობა” იმასაც მიხვდა, რომ სიის განულებით ვერაფერი მოიგო და ახლა ცდილობს, სამარლამენტო სია აღადგინოს და იქიდან წასულების ნაცვლად, სხვები შეიყვანოს. ჰო, არც ის გამართლდა, ზაალ უდუმაშვილი “მთავარ არხზე” რომ წავიდოდა და ნიკა გვარამიას სრულფასოვნად ჩაანაცვლებდა. როგორც გვეუბნებიან, გვარამიამ ციხიდან შემოთვალა, აქედანაც კარგად ვუძღვები საქმესო და უდუმაშვილიც სასწრაფო წესით “ტვ პირველზე” გაამწესეს. ეს მეორედ მოხდა, როცა უდუმაშვილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გადააგდეს, პირველად მაშინ, როცა პარტიის თავმჯდომარედ მოიაზრებდნენ, მეორედ კი – ახლა. ჰოდა, იმის გამო, რომ დაპირებული ხელფასი აიღოს და საერთოდ არ განაწყენდეს, ზალიკო “ტვ პირველზე” მთავარი საინფორმაციო გამოშვების გარდა, მენეჯერულ თანამდებობასაც დაიკავებს და ვნახოთ, რამდენად მოახერხებს არც თუ მცირე პერიოდის გასვლის შემდეგ დიქტორობას.
ის, რომ “ნაციონალებს” ყველაფერი რიგზე არ აქვთ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდანაც ჩანს, მიშამ წერილით დაადასტურა, რა პარტიის ხელმძღვანელობა, ავადმყოფი კაცი ვარ, აგერ მელიაა ლიდერი და ნიკას გაჰყევითო. ეს კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ მელიამ უკვე მერამდენედ გაიწია და როგორც კულუარულად გვიყვებიან, პარტიიდან წასვლით დაიმუქრა. ახლა მისი წასვლა პაარტიის საბოლოო ჩამოშლას ნიშნავს, რადგან ყველა ხვდება, ოპოზიცია რეალურად ძალიან დასუსტებულია და ნაციონალური მოძრაობა არსებობის მანძილზე ყველაზე სუსტ პოზიციებზეა. საპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენი წევრები ხვდებიან, რომ ნაციონალების ნავში ჩაჯდომა აღარ გამოვა და ამიტომ, მიშას გუნდს ისინიც უტევენ და სამომავლო თადარიგს ახლავე იჭერენ. რამდენად დასჭირდება ისეთი ოპოზიცია, როგორიც მაგალითად „გირჩი“ და „მოქალაქეები“ არიან, მომავალ არჩევნებზე გამოჩნდება.
კომენტარები