პროფესორი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:
,,მეტს აღარ დავწერ, ისრაელის და ჰამასის ბრძოლაში ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ამ თემამ გადაფარა არანაკლებ მნიშვნელოვანი – ვის რა უნდა და რისი შანსი აქვს?
რეგიონის ექსპერტად არ მომაქვს თავი, მაგრამ უძაღლო ქვეყანაში მეც დავიყეფებ. თუ ვინმეს ვუბიძგებ, უფრო ჭკვიანური თქვას – მთლად კარგი.
ყველაფერი დაიწყო ჰამასმა. რა უნდოდა? ერთ-ერთი გაცხადებული ვერსიაა – მძევლები აიყვანა, რომ თავის დატყვევებულ პატიმრებში გაეცვალა. ძნელია, ეს ვერსია სერიოზულად მივიღოთ: ჰამასმა ისეთი საშინელებები დაატრიალა, რომ ამის შემდეგ წარმოუდგენელია, ისრაელმა მშვიდად აწარმოოს მოლაპარაკება ჰამასთან ტყვეების გაცვლაზე.
ჩემი აზრით, ჰამასის რეალური მიზანია ფართომასშტაბიანი კონფლიქტის პროვოცირება, რომელშიც უფრო ფართო არაბული ძალები ჩაერთვებიან. ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ისრაელს რაც შეიძლება მეტი არაბი ქალი და ბავშვი მოაკვლევინოს. ამან შეიძლება აიძულოს სხვა არაბები, ბრძოლაში ჩაერთონ და გააძლიეროს ისრაელის მოწინააღმდეგეები დასავლეთში.
ეს სრულიად თანხვდება ჰამასის მთავარი სპონსორების, ირანის და რუსეთის მიზნებსაც.
ბოლო წლებში ისრაელის პოლიტიკის მთავარი მიზანი იყო პალესტინელი ექსტრემისტების იზოლირება სხვა არაბულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ნორმალიზაციის გზით. მან ამ გზაზე გარკვეულ (თუმცა შეზღუდულ) წარმატებას მიაღწია. ახლა საუდის არაბეთთან დისპლომატიური ურთიერთობის დამყარება იყო დღის წესრიგში. ჰამასისთვის ეს ძალიან სახიფათოა, მან ეს პროცესი უნდა შეაჩეროს.
ახლა ისრაელის მხრიდან რომ შევხედოთ: მისთვის ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო, ამიტომაც ჩაფლავდა მისი თავდაცვა. ახლა გზადაგზა უნდა მოიფიქროს, სინამდვილეში რა შედეგი უნდა მიიღოს უკვე დაწყებული სამხედრო ოპერაციიდან. ზოგადად გასაგებია: თან ჰამასი გაანადგუროს, თან რაც შეიძლება ნაკლები ქალი და ბავშვი შემოაკვდეს.
ცხადია, ეს ორი ამოცანა შეუთავსებელია. ჰამასის განადგურება შეუძლებელია, თუ ღაზაში ფიზიკურად არ შეხვალ. ეს ნიშნავს ბინძურ და სისხლიან ურბანულ ომს, მრავალი ებრაელი ჯარისკაცის და, მეორე მხრივ, სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლს, ანუ ისევ ისრაელისთვის პოლიტიკურ ზიანს. ამიტომ ისრაელი ფეხს ითრევს, უნდა, რაც შეიძლება მეტი ხალხი გავიდეს ღაზადან, ჰამასი კი ამის საშუალებას არ იძლევა.
სხვა რა ალტერნატივა აქვს ისრაელს? შეუძლია, უბრალოდ მიაბომბოს ჰამასი, თქვას, დავასუსტეო, და ამას დასჯერდეს? უკვე ვეღარ. არსებობს შიდა წნეხი მთავრობაზე, რომ მან „რაღაც ქნას“ (არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ნეთანიაჰუა ხელისუფლებაში თუ ვინმე სხვა). მაგრამ ობიექტურადაც, ისრაელის ელემენტარული უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული, თუ ჰამასს რამე არ უყავი.
ჰამასმა წარმატებას მიაღწია იმ აზრით, რომ ისრაელი პოლიტიკურად ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენა. ღაზის „დადუღება“ არ გაუჭირდება, მაგრამ შედეგი შეიძლება მისთვისვე პოლიტიკურად მძიმე იყოს. როგორ გამოვა ისრაელი ამ მდგომარეობიდან? ესაა მთავარი კითხვა.”
კომენტარები