„ალიას“ ესაუბრება, მედიცინის დოქტორი, გიორგი კავკასიძე:
-როგორც ვხედავთ და არც არავინ მალავს, რომ ე.წ. სწრაფ ტესტებზე გადავიტანეთ აქცენტი, არადა, მაშინ როცა ჩვენ ვითხოვდით სწრაფ ტესტებზე ხელმისაწვდომობას, გვპასუხობდნენ, მაგ ტესტებს დიდი ცდომილება აქვსო და პისიარია „ოქროს“ სტანდარტიო. რას მოგვიტანეს ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის ამ რაოდენობით გამოყენება?
-სახელმწიფო იხდიდა პისიარის ფულს და აღარ იხდის, ისმის კითხვა – რატომ? ფული აღარ აქვთ? ეს ხომ არ არის მთავარი მიზეზი? ანტიგენზე დაფუნებული სწრაფი ტესტი უფრო იაფი ღირს, ვიდრე პისიარი. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ანტიგენის ტესტი არის ნაკლებად ზუსტი, ვიდრე პისიარია. გაზაფხულის შემდეგ, არაფერი შეცვლილა, კი იძახიან ახალი ანტიგენის ტესტებიაო, მაგრამ არაფერი ახალი არ არის, ზუსტად ის ტესტებია, რომლებიც იყო მაისში და ივნისში. ინგლისში, ლივერპულში რომ ჩაატარეს სწრაფი ტესტით ტესტირება, აღმოჩნდა, უსიმპტომო პაციენტების 50 პროცენტზე მეტში იყო ცრუ უარყოფითი, ეს რას ნიშნავს, იცით? ადამიანებს ეგონათ, რომ არა აქვთ ვირუსი, სინამდვილეში იყვნენ ვირუსის მატარებლები და გამავრცელებლები, ეს დიდი რისკია და რატომ აკეთებენ, ვერ გეტყვით! საერთოდ კოვიდის პანდემიასთან ბროლა არის სრულიად გაუმჭვირვალე პროცესი – ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე დევს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი კორეული კომპანიისგან ვიყიდეთ 2 600 000-ის ღირებულების სწრაფი ტესტები – თან პირდაპირი შესყიდვით. ვინ, რატომ, რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება? ვიღაცეები აწარმოებენ რაღაც მოლაპარაკებებს, ისე რომ არ ვიცით, ვინ არიან, რა კომპეტენცია აქვთ და სახელმწიფოს ფულს ხარჯავენ თავის ჭკუაზე. ვინმემ იცის, რატომ იყიდეს კორეული და არ იყიდეს მაგალითად ამერიკული სწრაფი ტესტები? ვინ შეამოწმა? ევროსაბჭოს 18 ნოემბრის დადგენილებით, ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდებენ, აუცილებლად ადგილზე შეამოწმონ ანტიგენზე დაფუძნებული ყველა იმ ტესტის ეფექტურობა, რომლის ყიდვასაც დააპირებენ. ანტიგენის სწრაფი ტესტების რეგისტრაცია და ბაზარზე დაშვება მოხდა დაჩქარებული წესით და არ მომხდარა დოკუმენტაციის შემოწმება მესამე მხარისგან! როგორც ეს ნორმალურ სიტუაციაში ხდება. სწორედ ამიტომ იძლევა ევროკავშირი რეკომენდაციას, სანამ წევრი ქვეყანა ხმარებაში დაუშვებს ტესტს, თავად ჩაატაროს ვალიდაცია, ანუ შეადაროს ოქროს სტანდარტს. ჩვენთან უჩინარი ხალხის გადაწყვეტილებით ხდება სახელმწიფო ხარჯების განკარგვა.
-მკითხველმა არ იფიქროს, რომ მხოლოდ კოვიდის მართვის სტატისტიკაა ბუნდოვანი, ჯანდაცვის 2019 წლის სტატისტიკა საერთოდ არ დევს, 2018 წლის და უფრო ძველი სტატისტიკა კი ისე ზედაპირულად და ბუნდოვნადაა წარმოდგენილი, რეალურად, არც ერთი ციფრი არ იცი. გრიპისმაგვარი დაავადებები, წერია და რას მოიაზრებს, ვერ გაიგებ. 2018 წელს 7 ათასამდე გარდაცვლილის გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია.
-გეთანხმებით, არაფრის სტატისტიკა არ გვაქვს. დავინტერესდი, მაგალითად, 1 დღეში თბილისში რამდენი კილოგრამი პური იყიდება – არ არის მაგის სტატისტიკა. ომი რომ დაიწყოს, ქალაქმა უნდა იცოდეს, აი, ამდენი ტონა ფქვილი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ გაუძლოს 1 თვიან იზოლაციას ან ალყას – არ არის მაგის სტატისტიკა, არ ვიცით. ვერც გრიპის სტატისტიკას იპოვნით, არ არის. გინდ ამერიკას, გინდ ევროპულ ქვეყნებს ყველაფერის სტატისტიკა აქვთ, ჩამოწიკწიკებული. სტატისტიკა გეხმარება მომავლის დაგეგმვაში, უნდა იცოდე რა გქონდა, რა გაქვს და გეგმავ მომავალს. ეს რომ არ არის, მაგიტომ გვაქვს ის უბედურება, რაც ტრიალებს.
-თუმცა, ამ უვარგისი სტატისტიკითაც კი მარტივად დაადგენ, რომ გამიზნულად კლავენ პირველად ჯანდაცვას – 2017 წლიდან 2018 წლამდე სასწრაფო დახმარების სადგურები შემცირდა 82-დან 73-მდე, იგივე 1 წელში შემცირდა სოფლის, ოჯახის ექიმთა რიცხვი, პოლიკლინიკები შემცირდა 2369-დან 2283-მდე, და 2020 წელს, კიდევ შეამცირეს პოლიკლინიკები, პანდემიის დროს, დიდ ქალაქებში მინისტრის ბრძანებით, პოლიკლინიკების ნაწილს დაფინანსება სრულად შეუწყდა!
-ბოლო 15 წელია, ჯანდაცვის ოფიციალური სტრატეგია იყო პირველადი ჯანდაცვის განვითარება, ნებისმიერი მინისტრი თუთიყუშივით ამას იმეორებს და რეალურად, პირველადი ჯანდაცვის განვითარების მაგიერ, პოლიკლინიკების და ოჯახის ექიმების რაოდენობა მცირდება, რანაირად უნდა განვითარდეს პირველადი ჯანდაცვა? გამოდის, დეკლარირებული და რეალური ერთმანეთთან აცდენილია!
-ჩაკეტვები უნდა გაიხსნას 24 დეკემბერს, თუ არა? როგორ ფიქრობთ?
-მე თუ მკითხავთ, ქვეყანა 29 ნოემბერს კი არა, 25 დეკემბერს უნდა ჩაკეტილიყო 15 იანვრამდე. ეს არის ჩემი აზრით ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე საშიში პერიოდი. ახლანდელი ეს დაკეტვა და 24 დეკემბერს „გახსნა“ სრული აბსურდია. მობილობა შემცირდაო, რანაირად შემცირდა, ხომ ვხედავთ, როგორი საცობებია თბილისი ქუჩებში?. ვინ იღებს ამ ჩაკეტვა-გახსნის გადაწყვეტილებებს, რის საფუძველზე იღებს, ეგაც იცის ვინმემ? უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების აღსრულება არ ხდება, რა მნიშვნელობა აქვს რას დაწერენ, რას გამოაქვეყნებენ, თუ აღსრულება არ არის? მოხდა? დღემდე შავ პარასკევზე საუბრობენ და შავი პარასკევი რომ 27 ნოემბერს იქნებოდა მოსახლეობამ რამდენი ხნით ადრე იცოდა?
-1 წლით ადრე, გასული შავი პარასკევიდან მოყოლებული.
-და რომ ჩაიკეტებოდა ქვეყანა, ის ჩაკეტვამდე რამდენი ხნით ადრე იცოდა მოსახლეობამ? ჩაკეტვა გამოაცხადეს შავი პარასკევის წინა დღეს და როგორ შეიძლება ვიღაცის დადანაშაულება იმაში რომ ხალხი მარკეტებს და მოლებს მიაწყდა? პირველი დამნაშავე ვინცაა, ესაა ხელისუფლება თავისი არათანმიმდევრული მოქმედებებისთვის.
-ექიმების გადამზადებას, საშუალოდ, რა დროს დასჭირდება? ისე, რომ კრიტიკულად მძიმე პაციენტებსაც მიხედონ?
-ამ გადამზადების შესახებ ბევრს წერენ დასავლეთში მომუშავე ქართველი ექიმები. მაგალითად ექიმი ნანა გეგეჭკორი, კარგი კარდიოლოგი, მუშაობს ამერიკაში, არ არის სპეციალობით „ინტენსივისტი“ ჩვენებურად რეანიმატლოგი, რეანიმატოლოგად მის გადამზადებას თუ არ ვცდები 1-2 კვირა დასჭირდა! ექიმი ირმა კვიცარიძე, მუშაობს ავსტრიაში, არის რადიოლოგი, რამდენიმე კვირაში გადაამზადეს და მუშაობდა ინტენსიურ განყოფილებაში. ჩვენ არ გვყავს ბევრი მაღალკვალიფიციური ექიმი და შეიძლებოდა მეტი დრო დაგვჭირვებოდა ექიმების გადამზადებისთვის, მაგრამ ზაფხულის განმავლობაში შეიძლებოდა საზღვარგარეთიდან ჩამოგვეყვანა სპეციალისტები, რომლებიც ერთ ან ორთვიან კურსებს ჩაუტარებდნენ ჩვენ ექიმებს და მზად ვიქნებოდით იმისთვის, რაც დაგვიდგა სექტემბერ-ოქტომბერში.
-ბევრი გვეუბნებოდა, რომ ის რაც გვქონდა გაზაფხულზე არ იყო პირველი ტალღა, რომ ნამდვილი პირველი ტალღის დროს, გვექნებოდა დღეში 400 ახალი შემთხვევა კი არა, არამედ, 4 000 ახალი ინფიცირებული! მიუხედავად ამისა, სრულიად არაადეკვატურად ვიქცეოდით, 34 ინფიცირებულზე ჩავკეტეთ სვანეთი და აჭარაში სანამ ბოლომდე არ გაგვექცა სიტუაცია, არ ჩავკეტეთ.
-ზუსტად ასე იყო. მთელი უბედურება ისაა, რომ ისევ იგივე ხალხი მართვას პროცესებს, როგორ უნდა გვქონდეს იმედია, რომ ესენი რამეს სწორად გააკეთებენ? არც შეცდომები უღიარებიათ. ერთხელ თქვა გახარიამ, ვერ გავთვალეთ ტალღის სიმძლავრეო, გახარიამ თქვა ეს ექიმებმა კი არა. ექიმები დღემდე ამტკიცებენ რომ ყველაფერი კარგადაა და კონტროლის ქვეშაა! ხელისუფლებამ გაწირა სამედიცინო მუშაკები! როგორც ამბობენ 5 000-ზე მეტი სამედიცინო მუშაკია დაინფიცირებული საქართველოში, ასეთი რამ არ ყოფილა იტალიაში. რატომ არ ქვეყნდება ოფიციალურად რამდენი მედიკოსია დაინფიცირებული და რამდენი გარდაცვლილი? ბოლო ერთ კვირაში, რასაც სოციალური ქსელიდან ვიგებ, ბათუმში 2 ექიმი გარდაიცვალა, ქუთასში – 3, ქობულეთში კიდევ – 2.
-რა უნდა გაეკეთებიათ, რომ ექიმები და ექთნები არ გაეწირათ?
-მოემარაგებიათ პირადი ჰიგიენის საშუალებები, ხომ უყურებთ ტელევიზორს, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები სპეციალური აღჭურვილობის გარეშე დადიან…
-დიდი ბოდიში, სანამ ტელეიზიები მაგაზე ყურადღების მიქცევას მოიფიქრებდნენ, ჯერ კიდევ იანვარში და თებერვალში ატეხა „ალიამ“ განგაში, მასალას მასალაზე ვაქვეყნებდით, რომ არ შეიძლება სასწრაფოს ექიმების ასე გაწირვა! მერე რა რომ 26 თებერვალს დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, ვინმემ იცოდა, როდის დაფიქსირდებოდა? არც 26 თებერვლის მერე გადაჰყოლიან აღჭურვას! იმდენად ბევრი ვწერეთ მაშინ მაგ თემაზე, გამყრელიძემ განცხადება, ტყუილია რომ ექიმებისთვის აღჭურვილობა არა გაქვს, გვაქვს, მაგრამ შენახულია და რომ დაფიქსირდება, მერე გამოვიტანო! არაფერიც ჰქონდა სინამდვილეში, მერე იყიდეს ის მცირედი. აი, მაშინ რომ აგვყოლოდნენ ტელევიზიები, შესაძლოა მეტი აღჭურვილობის შეძენა გვეიძულებია.
-დიახ, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ყველა გასვლა, უნდა განიხილებოდეს, როგორც კოვიდინფიცირებულთან გასვლა, არ იცი წინასწარ, პაციენტს შეიძლება გულის შეტევა აქვს და კოვიდიც აქვს. ამიტომ სასწრაფოს ბრიგადები უნდა იყვნენ ეპიკირებულნი, რაც არ გააკეთეს და მეორე – არ ასწავლეს ნორმალურად ამ კომბინიზონების ჩაცმა და გახდა. როგორ უნდა ასწავლო ჩაცმა და გახდა, თუ კომბინიზონს არ აძლევ?
-საუბარი იმაზეც, რომ კლინიკებში შედის არასამედიცინო პირბადე, გიორგი ფხაკაძე აცხადებს მაგ ინფორმაციას და სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაღალი რიცხვის მიზეზად ასახელებს. მე მაშფოთებს, სარქველიანი პირბადეების რეკლამა, შაბათს, ჯანდაცვის მინისტრს ეკეთა სარქველიანი პირბადე და ტელევიზიითაც გამოჩნდა – მეტად როგორ დაარეკლამებს? არადა, თუ კოვიდი გაქვს და სარქველიანი პირბადე გიკეთია, გინდ გკეთებია და გინდ – არა!
-კი, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სარქველიანი პირბადით ქუჩაში გამოსვლა არის აკრძალული, დაგაჯარიმებენ! ჩვენთან ჰგონიათ, რო რაღაცა მაგარი უკეთით, სინამდვილეში კატასტროფაა. სარქველიანი პირბადის მტარებელი კოვიდ-19 ინფიცირებული ადამიანი ინფექციის გამავრცელებელია, რადგან ამოსუნთქვისას სარქველიდან ვირუსის შემცველ „აეროზოლს“ გამოაფრქვევს და სხვებს დააინფიცირებს. ჩვენებმა კიდევ ერთი ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს და ეს შეცდომაა ჰიბრიდული საავდმყოფო, როდესაც კოვიდიანი და არაკოვიდიანი ერთ საავადმყოფოში წევს. დასავლეთშიც არის ასეთი კლინიკები, მაგრამ კოვიდპაციენტებისთვის ცალკე შესასვლელი და მიმღები განყოფილებაა და არაკოვიდიანებისთვის ცალკე, ამიტომ საავადმყოფოში შესვლამდე ტარდება პაციენტების ტრიაჟი. სად გინახავთ ჩვენთან ტრიაჟი ჰოსპიტალიზაციამდე? ამის გარდა, კოვიდიანების სავენტილაციო სისტემა იზოლირებულია და არ აქვს შეხება არაკოვიდიანების პალატების ვენტილაციის სისტემასთან – თუ გახსოვთ, იტალიის გემზე რო გავრცელდა კოვიდი, იქ ნახეს, რომ ინფექცია გავრცელდა სავენტილაციო სისტემით, ხალხი კაიუტებიდან გარეთ არ გამოდიოდნენ და დაინფიცირდნენ! ჩვენთან კი ამ ჰიბრიდულ კლინიკებს აქვთ ერთიანი სავენტილაციო სისტემა!
-ელოდებით, თუ არა, მესამე ტალღას და რა პროგნოზი გაქვთ ზოგადად კოვიდთან მიმართებაში?
-მესამე არა, ველოდები მეორე ტალღას, ჩვენ პირველი ტალღა არ გვქონია, ახლა ეს არის პირველი ტალღა და დიდი ალბათობით მეორე იქნება გაზაფხულზე. ეს ერთი. მეორე – რას ველოდები და სამწუხაროდ არაფერს კარგს, ვხედავ, როგორ მართავენ ეპიდემიას , აქ თითქმის ბუნებრივი გადარჩენამდეა მისული საქმე, ვისი ორგანიზმიც გაუძლებს, ის გადარჩება, ვისიც ვერ გაუძლებს, დიდი შანსია, რომ დაიღუპოს. სამწუხაროდ. შეიძლება ასეთ პესიმისტურ რამეს არ უნდა ვამბობდე, მაგრამ რეალობა ასეთია. ერთდერთი საშუალება იქნება, ვინც დღეს არის ამ პროცესებზე პასუხისმგებელი, ისინი ყველანი ჩამოშორდნენ მართვას და გაკეთდეს ახალი გუნდი, პროფესიონალებით დაკომლექტებული, რომელსაც ექნებაუმაღლესი სახელმწიფო მანდატი. საზღვრის გახსნის და დაკეტვის უფლებით დაწყებული, ახალი სამკურნალო გაიდლანებისა და პროტოკოლების მიღებითდამთავრებული. მაშინ კიდევ შეიძლება, რომ ის მეორე ტალღა, რომელიც წინ გველოდება, შედარებით უმტკივნეულოდ გადავიაროთ. რადგან ჩემი აზრით, ჩვენთან ვაქცინა, ყველაზე ადრე, ივნისი-ივლისში, ან უფრო გვიან შემოვა, მეორე ტალღას კი ველოდები გაზაფხულზე. ვფიქრობ რომ ხელისუფლება აჩენს უსაფუძვლო იმედს, როცა ხალხს ეუბნება, რომ ცოტაც და ვაქცინას შემოვიტანთ და გვეშველებაო!
-ვისი პასუხისმგებლობაა ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება?
-ეგ ყველას პასუხისმგებლობა იქნება, ვისაც რაღაცა ევალა და არ გააკეთა, ჯანმრთელობის მინისტრს თავისი პასუხისმგებლობა ექნება, პრემიერის – თავისი, ეკონომიკის მინისტრს თავისი, შს მინისტრს თავისი, სხვა მინისტრებსაც და უწყებების ხელმძღვანელებსაც თავისი – ამ ხალხმა არ გააკეთა ის, რაც ევალებოდათ, – უნდა დაეცვათ მოსახლეობის სიცოცხლე – არ დაიცვეს! 7 თვე ჰქოდათ მოსამზადებლად და არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსახლეობა ყოფილიყო დაცული.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები