„ალია“ ესაუბრება მედიცინის დოქტორს, ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას:
– გაცემული რეკომენდაციები ხილისა და ბოსტნეულის დამუშავებასთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, შეიცვალა – რეკომენდირებული იყო გათლა, თერმულად დამუშავება და გეცოდინებათ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაამატა ამ რეკომენდაციებს ხილისა და ბოსტნეულის საპნით, „ჟელეთი“ და სპირტით გარეცხვაც კი – რა შეიცვალა და როგორ უნდა მივიღოთ ხილი და ბოსტნეული?
-კი ბატონო, როგორც ციფრები იცვლება, ასევე იცვლება რეკომენდაციებიც, როგორც მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ, ასევე ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს მიერ. ვინაიდან ახალ კორონავირუსზეა საუბარი და მისი შესწავლა ჯერჯერობით დასრულებული არ არის, აქედან გამომდინარე, თუ როგორ ვრცელდებოდა ვირუსი – ამის შესახებ ბოლომდე რა იყო ინფორმაცია დადასტურებული.
თავიდან, როდესაც გამოჩნდა სამყაროში ვირუსი, იყო რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ხილი და ბოსტნეული ყოფილიყო გათლილი, რათა ზედაპირიდან არ მომხდარიყო დაინფიცირება, თუმცა, ექსპერიმენტების და კვლევების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სულ არ ხდება ხილისა და ბოსტნეულის ზედაპირიდან ინფიცირება და შეიცვალა რეკომენდაციაც – არ არის აუცილებელი ხილისა და ბოსტნეული გათლა და შეგვიძლია, ის უბრალოდ გამდინარე წყალში კარგად გავრეცხოთ.
საზოგადოებაში იყო ასეთი მოსაზრებაც რომ „ჟელეთი“, საპნით, ან სპირტის შემცველი სითხით უნდა მომხდარიყო ზედაპირის დამუშავება, მაგრამ ნამდვილად არ წარმოადგენს საშიშროებას გამდინარე წყალში გარეცხვის შემდგომ, ამიტომ – არ საჭიროებს დამატებით დამუშავებას, გარდა გარეცხვისა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – გამდინარე წყალში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია კვებითი რეკომენდაცია იმუნური სისტემის გასააქტიურებლად – ცოცხალი ხილი და ბოსტნეული უნდა მივირთვათ დიდი რაოდენობით, რომ მიკრო-მაკრო ელემენტები და ვიტამინები მიიღოს ორგანიზმა და ასევე ცნობილია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენთვის სასარგებლო ნივთიერებები არის სწორედ ხილისა და ბოსტნეულის ზედაპირში (კანში) და რიგ შემთხვევებში მეტალთან მათი შეხება იწვევს ორგანიზმისთვის საჭირო მიკრო-მაკრო ელემენტებისა და ვიტამინების გაუვნებელყოფას.
– როცა ამბობთ, კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში, დაახლოებით, რამდენ წუთს გულისხმობთ?
-გამდინარე წყალზე როცა ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ 3-დან 7 წუთამდე პერიოდს, გააჩნია როგორი ზედაპირი აქვს ხილსა და ბოსტნეულს – გლუვი, თუ დანაოჭებული. მწვანილების, სალათის ფურცლების შემთხვევაში, მაგალითად, უფრო დიდი ხნის განმავლობაში უნდა მოხდეს გამდინარე წყალში რეცხვა, რომ მოხდეს თითოეული ფურცლის თუ ნაოჭის კარგად გამორეცხვა, ხოლო კიტრი, პომიდორი, ვაშლი, ალუჩა – მათი გამდინარე წლით რეცხვა 3 წუთითაც სრულიად საკმარისია.
-თქვენ თქვით, რომ დიდი ოდენობით უნდა მივიღოთ ხილი და ბოსტნეული – სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას შეზღუდული ბიუჯეტი აქვს, ამიტომ, დაახლოებით მაინც რომ ვთქვათ, რას ნიშნავს დიდი ოდენობა, რამდენ გრამს დღიურ ნორმაში?
-ჩვეულებრივ პირობებში, დღის განმავლობაში 800-დან 1000 გრამამდე უნდა მივიღოთ ხილი და ბოსტნეული, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციისა და პანდემიის პირობებში, რეკომენდაციაა – 1200-დან 1500 გრამამდე ხილისა და ბოსტნეულის გამოყენება დღის რაციონში. ეს არის მრავალი ფაქტორით განპირობებული, ერთი ფაქტორი გახლავთ იმუნური სისტემის აქტიური მუშაობა, ვინაიდან მიკრო-მაკრო ელემენტებით მდიდარია ახალი ხილი და ბოსტნეული და მეორე – თვითიზოლაციის პერიოდში, ვიცით ყველამ, რომ ჭარბი წონა, სიმსუქნე, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პროცესია ამ პერიოდისთვის. ხილისა და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით გამოყენება კვების რაციონში, ერთ-ერთი კარგი პრევენციული ღონისძიებაა იმისათვის, რომ სიმსუქნე და ჭარბი წონა არ განვითარდეს.
-კიდევ რა რეკომენდაციები შეიცვალა?
-პირველი ეტაპისთვის იყო ასევე რეკომენდაცია, რომ თავი უნდა შეგვეკავებინა ხორცის პროდუქტებისგან, ვინაიდან იყო საშიშროება, რომ დავსნებულიყავით ცხოველური საკვების გზით, თუმცა, ეს მოსაზრებაც შეიცვალა. თავიდან თუ ნუტრიციოლიგები და ექსპერტები რეკომენდაციას იძლეოდნენ, რომ ცილოვანი პროდუქტები უნდა მიგვეღო უმეტესად მცენარეული ცილოვანი კომპონენტებით – დღეს ეს რეკომენდაციაც შეცვლილია და მოწოდებულია, რომ აუცილებელია ცხოველური ცილის მიღებაც, უბრალოდ, კარგად უნდა დავამუშავოთ.
-ნიკოტინთან დაკავშირებით გავრცელდა რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი კვლევა, ერთი კვლევა ამბობს, რომ მწეველი რისკ-ჯგუფშია, მეორე კვლევის მიხედვით, პირიქით, ნიკოტინი იცავს. რომელიმეს შეიძლება დავუჯეროთ?
-თამბაქოსთან დაკავშირებით, რამდენიმე კვლევა დაიდო, მაგრამ ჯერ მონაცემი საკმაოდ მწირია, საბოლოო ჯამში, სტატისტიკური მონაცემების გარეშე, ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია. უნდა იქნეს გამოკვლეული ინფიცირებულთა რამდენი პროცენტი იყო მწეველი, როგორც განვითარდა მწეველთა ან არამწეველთა სიმპტომატიკა და ა. შ. როდესაც ზუსტად გვეცოდინება, ინფიცირებულთა რამდენი პროცენტი იყო თამბაქოს მომხმარებელი, აი, შემდეგ მართლა საინტერესო იქნება ამ კვლევის პასუხი.
რაც შეეხება თავად თამბაქოს, რა თქმა უნდა რეკომენდაციას ვერ გავუწევ, ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს. უნდა მივსდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ამ წესში თამბაქო არ მოიაზრება.
-ყვავილებზე უნდა გკითხოთ, მომართვეს დავუშვათ, შემოვიტანო სახლში, შემოვიტანო და გავრეცხო, არ შემოვიტანო – როგორ მოვიქცე?
-ყვავილებთან დაკავშირებით, კონკრეტული რეკომენდაციები არ არის. თუ გავითვალსიწინებთ იმ ინფორმაციას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს, რომ ხილისა და ბოსტნეულის ზედაპირიდან არ დადასტურდა ინფიცირების გავრცელება და ზოგადად ვირუსი გარე სივრცეში არ ყოვდნება დიდი ხნის განმავლობაში, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ ყვავილიც შეგვიძლია შემოვიტანოთ სახლში.
-თავდაპირველად იყო რეკომენდაციები – კარის, ფანჯრის, საკეტის გაწმენდასთან დაკავშირებით, ვიცი ადამიანები, რომლებიც ახლაც კი, რასაც შეეხებიან, ყველაფერს მომენტალურად სპირიტს შემცველი ხსნარებითა და ქლორით წმენდენ. ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილე გვირჩიეს ფეხსაცმლთან დაკავშირებით. შეიცვალა თუ არა ამ მხრივაც ხედვა?
-რაც შეეხება ფეხსაცმელს, ფეხსაცმლის ზედაპირზე ნამდვილად დიდი ხნის განმავლობაში რჩება ვირუსი. ერთ-ერთი მეცნიერის ექსპერიმენტით, მყარ ზედაპირზე, ვირუსი კულტივირებას, ანუ გამრავლებას ვერ ახდენს…
-გერმანელი კვლევა იყო, თუ არ ვცდები…
-დიახ, კვლევის შედეგის მიხედვით, რადგან მყარ ზედაპირზე ახალი კორონავირუსი არ გამრავლდა, მყარი ზედაპირიდან გავრცელებაც ნაკლებ სავარაუდოა.
დღესდღეობით, რადგან გადადების ტიპები არ არის ბოლომდე დაზუსტებული, ამიტომ ყველა რეკომენდაცია და სიფრთხილე გასათვალისწინებელია, თუმცა, ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ექსპერტთა თვალსაზრისით, დეზინფექციის წესები შედარებით უნდა შევამციროთ, იქედან გამომდინარე რომ ადაპტირება მოახდინოს ორგანიზმმა და ვირუსთან ერთად ცხოვრება შევძლოთ.
-არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება მუდმივი დეზინფექციისას, გავანადგუროთ ჩვენი მეგობარი ბაქტერიებიც და რადგან ე.წ. მცველი ბაქტერიები აღარ გვეყოლება, მარტივად დავავადდეთ გარეთ გამოსვლისთანავე რომელიმე დაავადებით – სოკოვანი დაავადებებით, მაგალითად.
-ის, რომ სიფრთხილეს ვიჩენთ და ყველაფერს დეზინფექციას ვუტარებთ – ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის დადებით ბაქტერიებსაც 100 პროცენტით გავანადგურებთ კანის ზედაპირზე, თუმცა, გააჩნია, რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი. თუ დიდხანს გასტანს, ოდესმე ჩვენთვის დადებით ბაქტერიებსაც ამოეწურება რესურსი.
არსებობს დასაბუთებული მოსაზრება, რომ სტერილურ გარემოში არც ბავშვის გაზრდა ვარგა და არც ჩვენი მოქცევაა კარგი კოლბაში, ეს შემდგომში შექმნის საშიშროებას, რომ უფრო მარტივად დავინფიცირდეთ რომელიმე ვირუსით.
თამო კეშელავა
“ალია” №14
კომენტარები