იურისტი ლია მუხაშავრია “ამბები.ჯი”-თან ამბობს:
“ვფიქრობ, ეს იყო კარგად დადგმული ინტერვიუ. ბერას არ უარყვია იმ ჩანაწერის შინაარსი, რომელმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია. უბრალოდ, ბერას ინტერვიუს პროდიუსერები, თუ რეჟისორები შეეცადნენ საზოგადოებისთვის ამ სატელეფონო საუბრების შინაარსის შელამაზებას – თითქოს ეს ქართულ-ვაჟკაცურ ტრადიციებზე იყო დამყარებული. მეორე ნაწილზე, რომელმაც ნამდვილად შოკი გამოიწვია და აშკარად სახელმწიფოებრივი ხასიათის ინსტიტუციურ სავარაუდო დანაშაულზე მიუთითებდა, არაფერი იყო ნათქვამი და ვიტყოდი, საზოგადოების ყურადღების გადატანის უსუსური მცდელობა იყო.
იმაზე გამეცინა – როგორ, ღარიბაშვილს უსმენენო? აბა, რა ჰგონიათ, მარტო ღარიბაშვილს? მასაც, მის დედიკოსაც და ყველას უსმენენ. ის საშინელება, რაც ჩამოიტანეს, დაამონტაჟეს და მომართეს, ახლა არის ურჩხული და ყველას შეჭამს, პირველ რიგში – მათ შეჭამს და დაიწყო კიდეც ეს პროცესი.
პროკურატურის რეაქციაც ავლენს იმას, რომ ეს ქვეყანა სრულიად უკუღმართადაა დღეს მოწყობილი – სავარაუდო დანაშაულის ნიშნები სრულიად აშკარაა, თან ეს არის ძალიან მაღალი სამოხელეო დანაშაულის ნიშნები, როდესაც დანაშაულის ორგანიზებაში, განხორციელებაში და მერე მის შესახებ პატაკის ჩაბარებაში ეჭვმიტანილნი ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან. ბერა არასრულწლოვანი რომც ყოფილიყო და ესენი რომც არ ყოფილიყვნენ საჯარო მოხელეები, მაინც დანაშაულია, უდაოდ. მეორეც, ღარიბაშვილი პრემიერი რომ არ იყოს და ჩუბინიძეც თანამდებობაზე, ამათ რომც სდომოდათ, “ნაციონალების” დროს პიპინ-პიპინით და ოფიციალური მანქანებით, ივანიშვილის შვილის განკარგულებებს ვერ შეასრულებდნენ ან თუ შეასრულებდნენ, ამ საუბრის შესახებ მაშინ გავიგებდით.
დაგვავიწყდა, 10 დღის წინ ვინ გადადგა თანამდებობიდან და უთანხმოების გამო ვინ წავიდა გაბრაზებული? სულ არ გამიკვირდება, ეს გახარიას გაკეთებული იყოს, ვინაიდან ამ დონის ჩანაწერის სამზეოზე გამოტანა, საშუალო რგოლის და დონის წარმომადგენელს რომ ვერ ექნება, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ამ საუბრების შესახებ შეიძლება ის საქმის კურსში იყო და არც ის დაგვავიწყდეს, მისი გადადგომა ბატონი ბიძინას დაბადების დღეს რომ ემთხვევა – ეს დაბადების დღის საჩუქარიც იყო და გახარიას მხრიდან შურისძიების მოტივიც ჩანდა 20 ივნისისთვის, რომელიც მეც მჯერა, მისი თაოსნობით არ განხორციელებულა, მაგრამ მას მიეწერა. თუ ეს ადამიანი შურისძიების მოტივით მოქმედებს, სულ არ გამოვრიცხავ, ეს ნაბიჯი გადაედგა. უფრო საშიშიც შეიძლება მოხდეს მომავალში…
ჩემი აზრით, ღარიბაშვილის ჩამოცილება უნდა ღირდეს იმად, რომ “ოცნებამ“ ტალახი ჩამოირეცხოს. ღარიბაშვილი პრემიერის სავაძელში არის უკვე ჩართული დეტონატორი იმ ბომბის, რომელსაც აფეთქებამდე ძალიან მოკლე დრო აქვს. ოპოზიცია თავისას რომ ცდილობს, რა გასაკვირია, მაგრამ შენ იმიტომ ხარ ხელისუფლება, რომ არც მტერს და არც მოყვარეს არ მისცე იმის საშუალება, რომ ესკალაცია გამოიწვიოს. ისინი თუ რამეს კარგად არ აკეთებენ, ესენი რომ ცეცხლზე ნავთს ასხამენ, ესეც ხომ ფაქტია?“
კომენტარები