რას წერდა “ალია” 14 წლის წინ
“ალია”, 2007 წელი, ავტორი დარეჯან მეფარიშვილი
ირაკლი ოქრუაშვილის “გაფუჭების” შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ანტიკორუფციული კომისიის შექმნით ცდილობს “შეუმოწმებელი ტერიტორიების” ათვისებას. მართალია, პრეზიდენტმა გასულ კვირას “შეაშინა” მინისტრები, თქვენს საქმიანობას კომისია შეისწავლისო, მაგრამ დღემდე წინ ერთი ნაბიჯი არავის გადაუდგამს არც კომისიის შესაქმნელად და არც რომელიმე მინისტრის შემოსავალ-გასავალის აღსარიცხად. მინისტრებიც ისე “დაფეთდნენ”, საქართველოში ყოფნის ბოლო წამებს ათი დღეა, ითვლიან და ითვლიან. მათ “შიშს” უფრო ამძაფრებს ის, რომ ეს კომისია მხოლოდ პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
ოტია იოსელიანის არ იყოს, ეს ჩვენი პრეზიდენტი, მგონი, საქართველოში მართლა არ ცხოვრობს. ნინო ბურჯანაძეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დედად რომ გამოაცხადებ, თავად კი მამობას დაიჩემებ (ადიუტანტებად გოგორიშვილი და კემულარია მაინც უნდა გყავდეს!), ხალხი ან მართლა ბრმა და ყრუ უნდა გეგონოს, ან სკლეროზიანი. ვინ უნდა დაუთვალოს ფულები, მაგალითად, კახა ბენდუქიძეს, კახა ლომაიას, დავით კეზერაშვილს, მიხეილ მაჭავარიანს, ზურაბ ნოღაიდელს და სხვებს, ვინ? ნინო ბურჯანაძემ, რომლის მამაც ბაღლინჯოიან პურს გვაჭმევდა?! თუ მიხეილ სააკაშვილმა, რომლის ძმაც ჯერ მოსამართლეებს და პროკურორებს ატყავებდა, ახლა კი `ვისოლს” ლობირებს. ამათ სხვა ახლო ნათესავებზე რომ არაფერი ვთქვათ, 2003 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში მიხეილ სააკაშვილი ნინო ბურჯანაძეს ხან ფქვილის, ხან ქატოს დედოფალს სახალხოდ რომ ეძახდა, თავად პრეზიდენტს არ ახსოვს, თორემ იმერეთში არ ავიწყდებათ. და თან ვის უჭერდა მხარს #1 ნაცმო? სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ მსხვილიძეს, რომელსაც ბაღდადელები არა ერთ დანაშაულებრივ ქმედებაში ამხელდნენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ანტიკორუფციული კომისიის შექმნით მიხეილი თავისი გუნდის წევრებს სათითაოდ გამოაცხადებს `შეუმოწმებელ ტერიტორიად”, მით უმეტეს მის გამზრდელ ედუარდ შევარდნაძესაც ასე სჩვეოდა, ოღონდ საპრეზიდენტო სავარძელი არ გამოეძრო ვინმეს და უერთგულეს ადამიანებსაც კი კარგად ნახმარი ტუალეტის ქაღალდივით ჩარეცხავდა. `ჯერ არ გამომძვრალა ეს ღობემძვრალა” ანტიკორუფციული კომისია და კულუარებში უკვე საუბრობენ იმ ადამიანებზე, რომელთა ქონებასაც `სეკვესტრი” ელის. წინასაარჩევნოდ ეს აპრობირებული მეთოდი რამდენად გაამართლებს, სხვა თემაა, თუმცა ფაქტია, სააკაშვილს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ობიექტური კომისია. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება ვინმემ იკითხოს, _ თუ ვარდების “ერთი გუნდის”, თუნდაც, 2-3 წევრი კორუმპირებულია, ჩვენი პრეზიდენტი ოთხი წელია, სადა ბანაობსო და მეორეც, ვინ უნდა დაადგინოს თავად პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის არაკორუმპირებულობა? ხალხმა იცის, ვინ რა გზა განვლო, ვინ როგორ, სად და საიდან აღმოჩნდა. “ალია-ქრონიკა” პრეზიდენტს შეახსენებს რამდენიმე პირის მიმართ კონკრეტულ ფაქტებს (რომლის არცოდნაც სააკაშვილს, უბრალოდ, არ ეპატიება), თუმცა ეს ხალხი დღეს მას გვერდსაც უმშვენებს და მაღლა-მაღლაც დაფრინავს.
კარგად დავიწყებული ძველი
დღეს `ნაციონალები” ხელისუფლებაში რომ არიან და საერთოდ, ყველა მოწვევის პარლამენტარის მანდატი არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე განაღდებული რომ ჰქონდათ, ხათუნა გოგორიშვილის დამსახურებაა. ხათუნა გოგორიშვილის დამსახურებაა ნინო ბურჯანაძის პარლამენტის თავმჯდომარეობაც. პროკურატურამ სამუდამოდ დაასამარა ბურჯანაძის `პარლამენტის გრაფინიად” არჩევნებისას დაფიქსირებული გაყალბების ფაქტზე აღძრული საქმე, ზუსტად ისე, როგორც ანზორ ბურჯანაძის წინააღმდეგ წარმოებული დოკუმენტაცია. არადა, ჟვანიას გადადგომის შემდეგ, ჟვანიასავე ხელდასხმული ნინო ანზორევნას პარლამენტის თავმჯდომარეობა გოგორიშვილის მაქინაციების დამსახურება იყო და ამას არც არავინ ფარავდა, თუნდაც იმიტომ, რომ მხოლოდ გოგორიშვილს მიუწვდებოდა ხელი სათანადო დოკუმენტაციაზე. მაშინ არაპირდაპირ გოგორიშვილს ადებდნენ ხელს, პირდაპირ ხაზზე კი პროკურატურა არ გავიდა. პროკურატურაში უფრო ადრე შევიდა კონტროლის პალატის მიერ გაკეთებული დასკვნა (ამ დროს თავმჯდომარე იყო რეზო შავიშვილი, რომელიც სააკაშვილმა 2003 წელს ყველაზე სამართლიან, პროფესიონალ და პატიოსან ადამიანად გამოაცხადა), სადაც შავით თეთრზე აღნუსხულია ხათუნა გოგორიშვილის `ბიზნეს-ინტერესები”.
1996 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ხათუნა გოგორიშვილმა, ირლანდიურ ფირმა `ბაჯდეთ ინშურანსის ლტდ”-სთან ერთად დააარსა შპს `საკონსულტაციო ცენტრი”, საწესდებო კაპიტალში 262 ათასი აშშ დოლარი (ორივე მხარემ თანაბარი წილი), შეიტანა, მაგრამ ხათუნა გოგორიშვილმა თანხის ნაცვლად სახელმწიფო ქონება ჩადო ბიზნესში: `საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა პარლამენტის ავტობაზის ძირითადი შენობის მეოთხე სართული, რომელიც სააუდიტორო ფირმის `მეგა აუდიტის” მიერ შეფასებულია 130 ათასი აშშ დოლარის ექკვივალენტად ლარებში”, _ ვკითხულობთ კონტროლის პალატის დასკვნაში.
გოგორიშვილის პარტნიორებმა კი საწესდებო კაპიტალში 31 ათას დოლარად შეფასებული `ლენდ როვერი” და 100 ათასი შეიტანეს. გოგორიშვილმა დაარღვია პრეზიდენტ შევარდნაძის 1996 წლის 21 მარტის #235 ბრძანება, რომლის თანახმადაც საწესდებო კაპიტალში პარლამენტის აპარატის ქონების შესატანად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გადაწყვეტილება იყო აუცილებელი. აბა, ხათუნას ვინ რას გაუბედავდა, ბოლოს და ბოლოს, აპარატის უფროსი იყო, ამიტომაც მან გვერდი აუარა ქონების მართვას. აქ უფრო მთავარია სხვა საკითხი. ირლანდიური ფირმის მიერ `საკონსულტაციო ცენტრის” საწესდებო კაპიტალში შეტანილი 100 ათას დოლარს იმავე `საკონსულტაციო ცენტრმა” გაუკეთა კონვერტაცია და 100 ათასი ლარი შეიტანეს ავტობაზის სალაროში პარლამენტის აპარატისთვის გაცემული სესხის სახით, ანუ `ცენტრის” დამფუძნებელმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის აპარატის უფროს ხათუნა გოგორიშვილს ასესხა ფული(?!), უფრო მეტიც, `აღნიშნული თანხა, რომელიც სესხის გაცემის მომენტისთვის შეადგენდა 78 .186 აშშ დოლარს, აპარატის მიერ დაბრუნებული იქნა 84.860 აშშ დოლარის ოდენობით, მაშინ, როდესაც მისმა ვალდებულებამ ბანკის მომსახურების გადასახადისა და ვადების დარღვევის გამო, საურავის ჩათვლით, შეადგინა 81.322 აშშ დოლარი. ე. ი. სესხი პარლამენტის აპარატის მიერ დაბრუნებულ იქნა კუთვნილზე 3338 აშშ დოლარით მეტი ოდენობით. აღნიშნული 84.660 აშშ დოლარიდან, შპს `საკონსულტაციო ცენტრის” მოთხოვნით, პარლამენტის აპარატმა 84000 აშშ დოლარი გადაურიცხა ფირმა `რასეი ინტერპრაიზის” ნიუ-იორკში, ხოლო 660 დოლარი შპს `ბარვილ ჯორჯიას”, _ აღნიშნულია დასკვნაში.
ამას ჰქვია _ კომენტარი ზედმეტია! გოგორიშვილმა საკუთარ თავს ფული მიაპროცენტა და ეს პროცენტები სახელმწიფოს გადაახდევინა, ამას ხათუნას მეტი, ვერავინ მოიფიქრებდა! გარდა ფულის გაპროცენტებისა, აპარატის უფროსმა გოგორიშვილმა შპს-ს დამფუძნებელ გოგორიშვილთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. შპს-ს ევალებოდა აპარატის შიდა და გარე მარკეტინგული სამუშაოების ჩატარება, მატერიალური რესურსებით და ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა, საქმიანი კონკურსების და ტენდერების მოწყობა და ა. შ. მხოლოდ 1997 წელს `საკონსულტაციო ცენტრმა” პარლამენტის აპარატს მიჰყიდა 116.975 ლარის სხვადასხვა სახის ქაღალდი, 99.982 ლარის ელექტროსაქონელი, 19323 ლარის საკანცელარიო და სხვა საქონელი. შპს-ს საქმიანობაზე გაწეულმა ხარჯებმა ერთ წელიწადში 243.318 ლარი შეადგინა, ზარალმა კი _ 11.330 ლარი. 1998 წელს `საკონსულტაციო ცენტრმა~ ქონების მართვის სამინისტროს `შევროლეტის” მარკის მანქანები მიჰყიდა ე. წ. თავის ფასში 31.211 ლარად, ხოლო ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის გახარჯულმა თანხამ 40.349 ლარი შეადგინა, რაც მთლიანად ზარალს განეკუთვნა. მეტიც, `თვითღირებულებაში შესატანი ხარჯების სისწორის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 1997 წელს ირაკლი ჩუბინიშვილის (დღეს საქართველოს ელჩი რუსეთში) მოსკოვში მივლინებისას, ხარჯებში ჩამოწერილ იქნა მივლინების დღიური ნორმის სახით დღეში 80 აშშ დოლარი, მაშინ, როდესაც მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილების საზღვარგარეთ მოკლევადიანი მივლინებისას არსებული ნორმების თანახმად, იმ პერიოდში რუსეთის ფედერაციაში მივლინებისას შეადგენდა 25 აშშ დოლარს”, _ აღნიშნულია კონტროლის პალატის დასკვნაში. ანუ ირაკლი ჩუბინიშვილის 8 წლის წინანდელ მადას თუ გავითვალისწინებთ, ადვილი წარმოსადგენია, დღეს დღეში რამდენს ხარჯავს საქართველოს ელჩი რუსეთში. ხათუნა გოგორიშვილმა თავისი ნიჭი სხვა `ფრონტზეც” გამოამჟღავნა. `საკონსულტაციო ცენტრისთვის~ უცხოეთიდან შემოდიოდა ტექნიკა, რომელსაც არ აბაჟებდნენ, თუმცა შპს `კონიუქტურს”, რატომღაც, განბაჟების თანხას, 22.515 ლარს, მაინც უხდიდნენ. გოგორიშვილმა ისე `კარგად იმუშავა”, რომ `საკონსულტაციო ცენტრის” კრედიტორულმა დავალიანებამ პარლამენტის აპარატისადმი ორ წელიწადში 1.306.764 ლარი შეადგინა. პარლამენტის აპარატმა ასევე განუბაჟებლად შემოიტანა ავტომანქანები. 620.550 დოლარი გადარიცხულ იქნა `ატა მოტორს კომპანის” ანგარიშზე, თუმცა კონტროლის პალატამ ვერც ამ მანქანების რაოდენობა, მარკა და ვერც ღირებულება დაადგინა.
ასე აკეთა გოგორიშვილმა ფულები, მაგრამ შევარდნაძის პროკურატურამ პეპლებიც კი ვერ აუფრინა. მით უმეტეს, ახლა ვერ შეურხევს თმებს სააკაშვილის ანტიკორუფციული, თუმცა ისიც საკითხავია, რომელი კატეგორიის `პოლიტელიტა” ჩაითვლება `შეუმოწმებელ ტერიტორიად” და შევა თუ არა მათ რიცხვში გოგორიშვილთან ერთად `ჩვენი დროის რაინდი”, კოტე კემულარია.
ნაცნობი საქმის დეტალები
კოტე კემულარია ყოფილი პროკურორი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, სექსშოპის ყოფილი დამფუძნებელი და მოქმედი უშიშროების საბჭოს მდივანი არც ისეთი ფრთიანი ანგელოზია, როგორაც გამოიყურება. მან მილიონების მოხვეჭა მაშინ დაიწყო, როცა ხათუნა გოგორიშვილი მევახშეობას სწავლობდა. ყველაფერი `ინვალიდთა ლიგას” უკავშირდება. იურიდიული სამსახურის უფროსმა, კოტე კემულარიამ, თბილისში გაიცნო გერმანიაში მცხოვრები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჩიტინკაია (ხიმშიაშვილი), რომელსაც კემულარიამ სთხოვა, `ინვალიდთა ლიგის” კომერციული საქმიანობის განხორციელებისთვის დაეკავშირებინა ოფშორული ზონის ფირმასთან. ჩიტინკაიამ, თავის მხრივ, დახმარება სთხოვა გერმანიის მოქალაქე ატენბერგერს, ეს უკანასკნელი კი დაუკავშირდა გერმანიაში, ქალაქ ზიკეში მცხოვრებ ეკჰარდ ლანგეს, რომელსაც საკუთრების უფლებით ჰქონდა ოფშორულ ზონაში, კუნძულ მენზე (ინგლისი) რეგისტრირებული ფირმა `ი.ე.ს”-ი. ლანგემ კემულარიას მინდობილობით, მართვის უფლებით გადასცა `ი.ე.ს”-ი. პარალელურად, `ინვალიდთა ლიგის” საკოორდინაციო საბჭოზე დამტკიცდა `საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის~ შექმნის პროგრამა, საჭირო ტელეაპარატურის შესაძენად გამოყოფილ იქნა 1 მლნ 162 ათასი აშშ დოლარი. კემულარიამ სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომლების _ ნაჭყებიას და მღებრიშვილის _ დახმარებით, კონტაქტი დაამყარა გერმანიის ქალაქ უნტერფორინგში რეგისტრირებულ ფირმა `ეუკო”-სთან, რომელსაც `ინვალიდთა ლიგის” სახელით მისცა შეკვეთა 1.071.585.86 გერმანული მარკის, ანუ 692.757 აშშ დოლარის ღირებულების ტელეაპარატურის შეძენაზე.
საგამოძიებო მასალებში აღნიშნულია: `სახელმწიფო სპეცანგარიშიდან მითითებული პროგრამის დაფინანსებისთვის გამოყოფილ 1.162.883 აშშ დოლარსა და ტელეაპარატურის რეალურ ღირებულებას _ 692.757 აშშ დოლარს შორის არსებული სხვაობის 412.825 აშშ დოლარის მითვისების მიზნით კემულარიამ და `ინვალიდთა ლიგის” სხვა ხელმძღვანელებმა 1998 წლის 14 აპრილის თარიღით შეადგინეს ფიქტიური ხელშეკრულება #21/1, რომლის მიხედვითაც, ზემოაღნიშნული ტელეაპარატურა თითქოს უნდა შეეძინათ არა ფირმა `ეუკო”-სგან, არამედ დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული ოფშორულ ფირმა `ი.ე.ს”-სგან, 1.162.883 დოლარად”. ხელშეკრულებაზე დასმულია ფირმა `ი.ე.ს”-ის ყალბი ბეჭედი. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, როგორ მიითვისა კემულარიამ ათასები ინვალიდთა ხარჯზე: `ტელეაპარატურის შესაძენად გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 412.825 დოლარი კემულარიასვე დამზადებული ფირმა `ი.ე.ს”-ის ყალბი ბეჭდისა და ყალბი წერილების გამოყენებით კემულარიას მიერ მითვისებულ იქნა და 1999 წლის 2 აპრილს და 6 დეკემბერს გადარიცხულ იქნა ნიუ-იორკის `სითიბანკის” ბელგიის ფილიალში 28.500 დოლარი, ხოლო ოფშორულ ფირმა `ავენჯერ ლიმიტედის~ ლუშლანას საბაზო ანგარიშზე 127.000 დოლარი. ამდენად, კემულარიამ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ყალბი ბეჭდისა და ყალბი დოკუმენტების დამზადებით და გამოყენებით მიითვისეს სახელმწიფო სპეციალური ანგარიშიდან გამოყოფილი 412.825 დოლარი და 143.685 გერმანული მარკა. პროკურატურა მაშინ ასკვნიდა, რომ კემულარიამ ბოროტად გამოიყენა მდგომარეობა და არაერთგზის ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მიითვისა სახელმწიფოს ფული. კემულარიამ ასევე გააყალბა დოკუმენტაცია, რომლითაც ინვალიდებისთვის ამერიკიდან (ფირმა `ვესტერთ ბას სეილი”) უნდა შემოეტანათ 15 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის საერთო ღირებულება 1.064.344 დოლარი იყო. ისევ გაყალბდა დოკუმენტები, ამოწერეს ყალბი ინვოისები, შესაძენი საქონლის ფასი 2.119.100 დოლარამდე გაზარდეს და სხვაობა 1.054.756 დოლარი ჯიბეში ჩაიდეს კემულარიამ და კიდევ რამდენიმე პირმა, უფრო სწორად, თავის დაზღვევის მიზნით, უცხოეთის სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს. `გარდა ამისა, _ ვკითხულობთ გამოძიების მასალებში, _ კემულარიამ და `ინვალიდთა ლიგის” სხვა ხელმძღვანელებმა `ი.ე.ს”-ის ყალბი წერილის გამოყენებით 1998 წლის 1-ლ მაისს `დოიჩე ბანკის” ჰაიდელბერგის ფილიალში, კემულარიას პირად #0405514 ანგარიშზე, გადარიცხეს 200 ათასი დოლარი, თითქოსდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ღირებულების ასანაზღაურებლად, რომელიც კემულარიამ ხელზე მიიღო ჰაიდელბერგში იმავე წლის 18 მაისს და მიითვისა. სულ მითვისებულ იქნა 1.254.756 დოლარი, ასე დატოვა კემულარიამ ინვალიდები პირში ჩალაგამოვლებული. ბავარიის მიწაზე ქალაქ მიუნხენის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სახით დაკითხეს `ეუკოს” პრეზიდენტი, ჩარლზ მაიერი და ვიცე-პრეზიდენტი, ჰირალდ იამინი. მათ დაადასტურეს, რომ ტელეაპარატურის ფაქტობრივი ღირებულება, დაახლოებით, 2,5-ჯერ იყო გაზრდილი. ასევე მათ დაადასტურეს, რომ ეს საქონელი შეძენილ იქნა არა `ი.ე.ს”-ისგან, არამედ `ეუკოსგან”. მოწმეებმა სურათით ამოიცნეს კემულარია, რომელმაც მიიღო მათგან 143.000 გერმანული მარკის დამადასტურებელი ჩეკი, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა. თავის მხრივ, ფირმა `ი.ე.ს”-ის მფლობელმა ლანგემ დაადასტურა, რომ კემულარიასთვის მას ბეჭედი არ გადაუცია, რაც იმას მოწმობს, რომ ბატონმა კოტემ ფირმის ბეჭედი გააყალბა და შესაბამისად, გააყალბა ამ ფირმის სახელით ყველა დოკუმენტი. უფრო მეტიც, ლანგემ განაცხადა, რომ `ინვალიდთა ლიგა” თუ არსებობდა არც კი იცოდა და არც არასდროს მიუწოდებია ტელეაპარატურა ამ ტიპის ორგანიზაციისთვის. საინტერესოა აბდულაჰმან ჩეტინკაიას (ილია ხიმშიაშვილი) ჩვენება, სადაც აღნიშნულია: `1997 წლის შემოდგომაზე თბილისში, პრეზიდენტ შევარდნაძის ფონდში გამაცნეს კონსტანტინე კემულარია, როგორც ყოფილი პროკურორი და საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი. კემულარია წარმომიდგინეს როგორც შევარდნაძის ფონდთან არსებული ინვალიდთა ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსი. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენს შორის ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობა”.
1998 წელს მარტის დასაწყისში კემულარია ჩადის გერმანიაში და ჩეტინკაიას სთხოვს დახმარებას ოფშორული ფირმის ბეჭდისა და მინდობილობის მისაღებად, რაც მას, თურმე, სჭირდებოდა ინვალიდთა ლიგის თანხის გერმანიაში გადასარიცხად. ჩეტინკაიამ კემულარიას ლანგე გააცნო, ამ უკანასკნელმა კი 1000 გერმანული მარკის სანაცვლოდ, მხოლოდ მინდობილობა გადასცა კემულარიას, ბეჭედზე კი სასტიკი უარი განაცხადა, თუმცა კემულარიასთვის ამას ხელი არ შეუშლია. კიდევ ერთი ნიუანსი: როცა საქართველოდან საგამოძიებო ჯგუფი ჩავიდა გერმანიაში, მათ იქ დიდი დახმარება აღმოუჩინა ელჩმა. პროკურატურის გამომძიებლები თავის მოხსენებაში აღნიშნავენ: `საგამოძიებო ჯგუფის წევრებს უაღრესად დიდი დახმარება გაუწია საქართველოს ელჩმა გერმანიაში ბატონმა კოტე გაბაშვილმა, რომელმაც თავისი პირადი კონტაქტების გამოყენებით გერმანიის უმაღლეს მმართველ წრეებში შეძლო, რომ უმოკლეს დროში მომხდარიყო შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან და დაგზავნილიყო დავალებები სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი მიწების კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში”. ესეც ასე! თუ მიხეილ სააკაშვილს ჟურნალისტების არ სჯერა და არ სჯეროდა შევარდნაძის პროკურატურის გამომძიებლების, კოტე გაბაშვილს ჰკითხოს, როგორც ირკვევა, იმ დროს ჩატარებული ყველა საგამოძიებო ნიუანსში გარკვეულია და მადლობაც კი დაუმსახურებია. კოტე გაბაშვილს კარგად თუ ჩაეკითხებიან, ეგებ კემულარიას შემოტანილ გასაბერ ქალებსა და გაბერილ კაცებზეც იცოდეს რამე, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა, რატომ ფიქრობს ბატონი კემულარია, რომ საქართველოში ნამდვილი კაცების და ქალების დეფიციტია? კოტე კემულარიამ `ინვალიდთა ლიგაში” ნაშოვნი ფულებით სასახლეები აიშენა, ხათუნა გოგორიშვილმა კი მევახშეობით ნაშოვნი `მაყუთი”, როგორც ამბობენ, მეორად ტანსაცმელში (“ძონძებში”) დააბანდა. ეს არის სააკაშვილის `შეუმოწმებელი ტერიტორიები”.
კომენტარები