“ეს მთავრობა არც ერთხელ არ შემიქია ამ რვა წლის მანძილზე, ყველაფერს უკუღმა აკეთებენ, მაგრამ ეს იყო ძალიან მაგრად და კარგად გაკეთებული და არ შეიძლება არ დავუფასოთ”
“რომ გარბიხარ საავადმყოფოდან – სად გაიქცევი? გაუნათლებელი, ყანა და ბოსელი ხალხის წინააღმდეგ უნდა შეიკრას მთელი საზოგადოება და მთელი ერი”
„ალიას“ ესაუბრება პულმოლოგი დავით ნანობაშვილი
– ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება კორონავირუსზე, ზოგი მათგანი შეიძლება მითი აღმოჩნდეს, ზოგიც – რეალობა. როგორ გავარჩიოთ რა არის მითი და რა რეალობა?
– ჩვეულებრივი ვირუსია, გრიპის ერთ-ერთი ნაირსახეობაა და ძირითადი სიმპტომები არის ისეთივე, როგორც აქვს გრიპის სხვა ვირუსს. მითები და ზღაპრები უსაქმური და გაუნათლებელი ხალხის საქმეა და ქვეყანას ვნახავთ სოციალურ ქსელში. ვირუსია ჩვეულებრივი, ახალი მუტანტია, ცოტა განსხვადება, ცოტა განსხვავებულად იქცევა, იმის გამო რომ ახალი და ჯერ შესწავლილი არ არის, არ ვიცით რას გააკეთებს გათბობასთან და მზის გაძლიერებასთან ერთად, მაგრამ დიდი ალბათობით, ისევე მოიქცევა, როგორც სხვა ვირუსები, დაცხოვნება, მზის გაძლიერებასთან ერთად, ალბათ, იკლებს შემთხვევები და არა მგონია, რომ დიდი ხიფათი იყოს მოსალოდნელი.
– კორონავირუსი იმ ქვეყნებშიც დაფიქსირდა სადაც ტემპერატურა იყო +27 გრადუსი, მაგალითად.
– სითბო არ არის მთავარი, მთავარია მზის სხივები. სითბოში ნაკლებ გამძლეა, სიცივეში უფრო დიდხანს ძლებს, ეს არის სხვაობა, თორემ, სითბო არა კლავს, კლავს მზის პირდაპირი სხივები.
– ამბობენ, რომ პლასტმასზე ვირუსი ძლებს 12-14 საათი, რკინაზე, ცოტა ნაკლები, გაყინულ საკვებზე?
– არა აქვს მნიშვნელობა პროდუქტს. ჟანგბადის მაღალი კონცენტრაციისა და მზის პირდაპირი სხივების შემთხვევაში, უფრო მალე იღუპება. პროდუქტს, საგანს არა აქვს მნიშვნელობა, პლასტმასი იქნება, მეტალი იქნება. ეგ ყველაფერი ზღაპრებია და უსაქმური ხალხის მოგონილია, არ დაიჯეროთ. ნივთიერებასა და საგანს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, დახურულ სივრცეში, სადაც ნაკლები ჟანგბადია, ნაკლები მზის სხივებია, უფრო დიდხანს ძლებს. არაფერი განსხვავებული. ხალხმა არ იცის რა გააკეთოს, ხომ იცით, საქართველოში ყველაზე მეტი უსაქმურია და ვინც პოლიტიკაში ვერ მოხვდა, ამ უსაქმურებიდან, დაჯდა და სოციალურ ქსელში უსაქმურობენ. ყველაზე კარგი მომენტია, სოციალურ ქსელში და ზოგადად ყველგან, უნდა ნახოთ ვინ არის ავტორი იმ ინფორმაციის, რომელიც იდება და არ იქნება არანაირი პრობლემა.
პურზე როცა მეპურე დებს ინფორმაციას, მშენებლობაზე ინჟინერი – მაშინ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ როცა პურზე წერს ინჟინერი, მაშინ უკვე იქმნება პრობლემა.
– სხვა ვირუსებიც გვახსოვს, მაგრამ ამჯერად მსოფლიო გადასულია კორონავირუსის გაშუქების რეჟიმზე, ამდენი დიანფიცრდა, ეს დაინფიცირდა, ამდენი გარდაიცვალა…
– სიკვდილიანობა ძალიან დაბალია, 2-დან 3 პროცენტამდე მერყეობს, ზოგადად…
– კი, რითია განსხვავებული ეს ვირუსი? სიკვდილიანობა სხვას სეზონური გრიპის შემთხვევაში მეტიც კი იყო.
– აქ იმუშავა ჩინურმა ფაქტორმა, აფრიკიდან რომ დაწყებულყო, ისევე განვითარდებოდა, როგორც ებოლა იყო მაგალითად და ასე არ გავრცელდებოდა, ჩინელების ფაქტორმა იმუშავა, ბევრნი არიან ჯერ ერთი და მეორეც, ბოდიალობენ სულ, ერთ ადგილზე ვერ ისვენებენ და მაგან იმუშავა. რომ მომხდარიყო სხვა ქვეყნიდან გავრცელება, იგივე იქნებოდა რაც წინა წლებში და სხვა ვირუსებთან მიმართებაში.
ვერაფერს ვერ ვიზამთ ახლა, რაც მოხდა – მოხდა, ხომ იცით, ჩხუბის მერე ხელების ქნევას აზრი აღარ აქვსო, ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ ახლა – ერთსულოვნებაა საჭირო, ერთად დგომა და ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა. ცოტა ხნის წინ, ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, ვიღაცები გაიქცნენ საავადმყოფოს ბოქსებიდან და დაიჭირა პოლიციამო. ეს არის ზუსტად, გაუნათლებელი, ყანა და ბოსელი ხალხის წინააღმდეგ უნდა შეიკრას მთელი საზოგადოება და მთელი ერი. ასეთი გაწირვა საკუთარი ხალხის და ახლობლების როგორ შეიძლება? რა პრობლემაა, ორი კვირა ჩამოკიდებულს ძლებენ ხოლმე, როგორც ნათქვამია. ისევ თავის ახლობლებს წირავენ, ხო? პირველ რიგში უმეტეს დროს ვისთან ვატარებთ? ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან. რომ გარბიხარ საავადმყოფოდან – სად გაიქცევი? სახლში მივიდოდა ხო? ასეთ უკულტურობას და გაუნათლებლობას ბოლო უნდა მოეღოს. ყველა ჩვენს სიმაღლეზე უნდა ვიყოთ, ხმა უნდა ამოვიღოთ, ასეთ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ და მოვთხოვოთ ერთმანეთს.
– ხმას რომ ვიღებ, ინტრიგანი ხარო, მეუბნებიან.
– მაგისთვის რომ მეყურებია, ვერასოდეს ვერ მივაღწევდი ვერაფერს. არანაირი ინტრიგნობა. ევროპაში პირიქით, ხმას რომ არ იღებ, რატომ ხარ ჩუმად, ესე იგი რაღაცას აშავებო – გეუბნებიან, იცით? ევროპა გვინდაო რომ ვიძახით, როგორ გვინდა, ბოდიში და ჩათლახობით და უნამუსობით, თუ როგორც ისინი იქცევიან ისე? და ისინი ექცევიან ესე, პარკინგი რომ მოვახდინე მანქანის, გაჩერდნენ მძღოლები და მითხრეს, სწორად არ დგახარ და გაასწორე მანქანაო – რატომ რა, ინტრიგნები იყვნენ?
ინტრიგანი ხარო – იმ ხალხის აზრია, ვისაც აწყობს ამღვრეული წყალი, იმიტომ რომ ამღვრეულ წყალში მერე თევზის დაჭერა შეგიძლია.
აი, ახლა რომ ვიღაცას საავადმყოფოში ყოფნა არ უნდა და გარბის, რომ ეტყვი რამეს, დაიწყებს, რა გინდა ახლა, შენ ინტრიგანი ხომ არა ხარ, მე გამოვიპარები, თუ რას ვიზამ – შენ რა გაწუხებს? – რატომ არ გვაწუხებს, ახლა პირველად, ისე როგორც არასდროს, გამოჩნდა, რომ თურმე, ერთმანეთის მდგომარეობა თუ არ გვაწუხებს, ჩვენვე ვზარალდებით, მთელმა კაცობრიობამ დაინახა, რომ არ შეიძლება სირაქლემასავით თავის სილაში ჩაყოფა.
– ჯერ კიდევ იანვარში ვამბობდით, რომ საკარანტინო სივრცე უნდა მოწყობილიყო და ერთი საავადმყოფო მაინც გაეთავისუფლებიათ – არ გაკეთდა, ხუთი დღის წინ ვამბობდით, რომ სწავლა უნდა შეწყვეტილოყო და არაო გვპასუხობდნენ, ახლა საავადმყოფოსაც ცლიან და აწყობენ და სწავლაც შეწყდა – რა არის ეს? – წყლის ამღვრევა? უცოდინრობა?
– უყურეთ, არის რაღაცა კანონები, მათ შორის მედიცინის დაგეგმვაშიც. ისევე, როგორც ავადმყოფს, პაციენტს, თუ არ აქვს ჩვენება, ზედმეტი კვლევები არ უნდა უტარო, აქაც იგივე სიტუაციაა. არის კონკრეტული სტატისტიკა და რეკომენდაციები, რომელსაც იძლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ის იძახის, რომ თუ ამდენი შემთხვევა არ არის, ეს არ უნდა გააკეთოთ. არის სტანდარტები და ახლა ველოსიპედს ხომ არ გამოვიგონებთ?
– სანფრანცისკოს არ ჰყავდა არც ერთი დაინფიცირებული, მაგრამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა.
-ამერიკაში სხვა კანონებია, შტატს შეუძლია საერთო ამერიკულ კანონებს არ დაექვემდებაროს და თავისი კანონებით იხელმძღვანელოს, იქ სხვა პირობებია, ჩვენ ამერიკის დონემდე როცა მივალთ, ჩვენც გავაკეთოთ ეგრე.
მიუხედავად იმისა, რომ არც ამ მთავრობის, არც წინა მთავრობის მაქებარი არ ვარ, მეტიც საერთოდ არ მაინტერესებს ვინაა მთავრობაში, როცა ვირჩევთ მთავრობას და ქვეყნის თავში სხდებიან, იმის ერთი ადგილც უნდა გქონდეს, რომ მართო ნორმალურად. ჩვენს მთავრობას კარგი ვერაფერი ვუნახე, ამ რვა წლის განმავლობაში, წინას ხომ საერთოდ, ერთადერთი რაც სწორად გააკეთეს და მაგრად – ეს იყო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოპერატიული და კარგი მუშაობა. გაოგნებული ვარ, ასე კარგად არც ერთ უწყებას არ უმუშავია, ბოლო 8 წელიწადია.
– მაგალითად?
-ოპერატიულად იმუშავეს. სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, პრესას იმწუთას არ შეატყობინეს კორონავირუსით დაინფიცირებულზე, მანამ სანამ ვინც შეხებაში იყო ამ დაავადებულ ადამიანთან, ყველასთან კონტაქტი არ მოახდინეს, სანამ ვიღაცები არ წაიყვანეს გასასინჯად და ასე შემდეგ. შუადღით უკვე ინფორმაცია ჰქონდათ და საღამომდე არ გამოაცხადეს. ნახეთ რა ჭკვიანური რაღაცები აკეთეს.
გამყრელიძე და ეს ხალხი ყველა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ჭკვიანი, კულტურული, განათლებული ხალხია. გეუბნებით, კიდევ ერთხელ, ეს მთავრობა არც ერთხელ არ შემიქია ამ რვა წლის მანძილზე, ყველაფერს უკუღმა აკეთებენ, მაგრამ ეს იყო ძალიან მაგრად და კარგად გაკეთებული და არ შეიძლება არ დავუფასოთ.
– ესპანეთმა და იტალიამ შეიმუშავა ვირუსთან საბრძოლველად ინდივიდუალური გეგმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ურჩევს ქვეყნებს, შეიმუშავეთ ინდივიდუალური გეგმაო. ჩვენ რატომ არ შეიძლება, ჩვენი საკუთარი გეგმაც გვქონდეს?
– იმიტომ არ შეიძლება, შემოგევლე, რომ ჩვენ გამოცდილება არა გვაქვს ასეთი სიტუაციის მართვის, ეს არის პირველად საქართველოს ისტორიაში, ასეთი რამ საქართველოს არ ჰქონია და როგორ შეიძლება შენ თვითონ დაიჩემო რაღაცის კეთება, თუ გამოცდილება არა გაქვს? მერე გენახათ, რებს იტყოდნენ, აი, არ ჰქონდათ გამოცდილება და დაიწყეს თავისი ინიციატივითო.
– შეიძლება თუ არა, კარანტინი იყოს მოწყობილი სასტუმროში?
– არ ჰქონდათ ტექნიკურად სხვა შესაძლებლობა და იმიტომ. ამ შემთხვევაში როცა არ გაქვს რაღაცა, შეიძლება ისე გააკეთო, როგორც გამოგდის, ყველაფერი არ არის სადაო, ამწუთას ამათმა მაქსიმალური გააკეთეს, რისი რესურსიც ჰქონდათ.
მე გეტყვით სად არის პრობლემა, გინდათ გითხრათ? პრობლემა არის ის, რომ თბილისი მერია, რომელსაც ამხელა ფული აქვს აკუმულირებული და ამხელა ფულს ფლობს, მილიონ ლარს იხდის ნაძვის ხეში, 12 ათასი ლარის გადახდას სკამებში აპირებს, აეროპორტის გზაზე მშვენიერი ბოძები დგას და ახალი ბოძების დადგმა სურს – აქ არის პრობლემა, პრესამ ეგ უნდა აჯანჯღაროს. კალაძე არის მაგარი გაუნათლებელი ტიპი და ეგეთივე ხალხი ჰყავს იქ შეყრილი. მიშას დროსაც იყო ეგ პრინციპი და იგივეს აგრძელებენ – თავისზე ჭკვიანი რომ მიიყვანონ, თვითონ შტერი გამოჩნდებიან და ამიტომ მიჰყავთ თავისზე სულელები, ხვდებით? ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტი, ჩვენვე უნდა მოგვხმარდეს.
– ახლა რა შეიძლებოდა გაეკეთებია თბილისის მერიას პრევენციისთვის, თუნდაც?
– პირველი, რაც უნდა გააკეთოს, დისპენსერები უნდა დაიდგას, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ადამიანები ხელებს ვერ იბანენ და სადეზინფექციო სითხით მაინც დაიმუშავებენ. იმ მილიონით რაც ნაძვის ხეში გადაიხადა მთელს საქართველოში დადგამდა დისპენსერებს.
– გამოაცხადეს, რომ თუ შევამჩნევთ სიმპტომებს, მივმართოთ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს. ასე კარგი მდგომარეობა გვაქვს პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში? მინიმუმ, იმის შესაძლებლობაც არ არის, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაცინეტები და ვირუსით დაავადებულნი გააცალკევო რიგში.
– აბა, ვის მივმართოთ? თქვენ გგონიათ რესურსი არის ქვეყანაში იმისი, რომ ყველას, ვისაც დაახველებს, ან დააცემინებს, ინფექციურ საავადმყოფოს მიმართოს? ჯანდაცვის რამდენი წარმომადგენელი გგონიათ რომ არის ქვეყანაში? იქნება მაქსიმუმ 60 ათასი კაცი. 4 მილიონ მოქალაქეს 60 ათასი კაცი მოემსახურება? იგივეა პოლიციაზეც. პოლიცია რომ დასჭირდეს ქვეყანას – რამდენი პოლიციელი ეყოლება? ჰა, 70 ათასი, მეტი არა. 4 მილიონი რომ მიაწვეს, 70 ათასი პოლიციელი დაიკავებს? – ვერა. ხვდებით? რესურსი არ არის, ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ არის. წარმოიდგინეთ შიშს დიდი თვალები აქვს და ყველას, ვისაც დაახველებს ინფექციურში გაიქცეს, იმ ხალხს, ვისაც დახმარება სჭირდება მართლა, ვერ მოემსახურებიან და მერე იქ მირბენილი ხალხი წამოიღებს იმ ვირუსს იქედან.
– რეცივიდზე რა იცით? იმ ხალხზე ვისაც ვირუსი არ დაუდასტურდა რეციდივის გამო ტოვებენ კარანტინში?
– კარანტნში იმიტომ ტოვებენ რომ 14 დღე აუცილებლად გავიდეს. 100 პროცენტიანი გარანტიით გაუშვა ადამიანი სახლში, რომ მისგან არ გადაედება არავის.
– ე.ი. ანალიზი ბოლომდე არ გიდასტურებს?
– არა ანალიზი კი ადასტურებს, მაგრამ ანალიზსაც ვერ გაუკეთებ ყველას, რეაქტივი საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება, სავარაუდოდ. ყოველ მოქალაქეს რომ გავუკეთოთ ანალიზი – ეს წარმოუდგენელია.
– რას ველოდოთ 14 დღის შემდეგ? ამბობენ, რომ ხანდაზმული ადამიანებია რისკ ჯგუფში, მაგრამ, საქართველოში, სამწუხაროდ, ხანდაზმული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარება შეიძლება ჰქონდა 45-50 წლის ადამიანს….
– კი ბატონო, ცოტა უარესია ჩვენთან ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.
– ჰოდა, აი, ამ პირობებში, რას უნდა ველოდოთ, ორ კვირაში?
– ძალიან ძნელი სათქმელია, ვერავინ გეტყვით. მედიცინა არის არაზუსტი მეცნიერება, თუ ვინმე რამე ზუსტს გეუბნებათ, იცოდეთ, რომ გატყუებთ, შეუძლებელია დათვლა ყველაფრის, განსაკუთრებთ მედიცინაში. ერთი თუ გეტყვით, რომ ეს ასე იქნება და მეორე გეტყვით, რომ ეს ასე არ იქნება – ჩათვალეთ, ორივე გატყუებთ. იმედია, ასეთი აზრი მაქვს მე, რომ სავარაუდოდ, როგორც კი მარტის ნასესხები დღეები გადავა, აპრილის შუა რიცხვებში, როგორც კი ხეები აყვავდება, გაიშლება, გამწვანდება, სავარუდოდ იმ პერიოდიდან მკვეთრი კლება უნდა დაიწყოს – ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, ეს გარანტია არ არის. პირველი წელი მაინც საჭიროა იმისათვის, რომ გავიგოთ ეს ახალი კორონავირუსი რას აკეთებს დათბობის და მზის სხივების გაძლიერების მერე.
– კარანტინიში მყოფი ადამიანები გვწერენ, რომ ძალიან მწირია მათი საკვები. სპეციალურად იქცევიან ასე? რამე დიეტაა საჭირო? მცირე ულუფებით უნდა იკვებონ?
– არა, არა, პირიქით. ფილტვის პათოლოგიების დროს, და იცით, რომ კორონავირუსი სწორედ ფილტვზე მოქმედებს ყველაზე მეტად, კვება უნდა იყოს მაქსიმალურად ადეკვატური და სრულფასოვანი, არანაირი შეზღუდვები, გარდა ალკოჰოლისა, ცხარე საკვებისა.
– სითხე რა ოდენობით უნდა მივიღოთ?
– ჩვეულებრივად, 2 ლიტრამდე.
– ბავშვებზე ან არ ვრცელდება ვირუსი, ან თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს ბოლომდეო, ამბობენ.
– ბავშვებს ყველაზე ძლიერია იმუნური სისტემა აქვთ და მაგიტომ, ასაკთან ერთად იმუნური სისტემა იკლებს.
– რა რჩევებს მოგვცემთ ზრდასრულ და ასაკოვან ადამიანებს, რომელთა იმუნური სისტემაც უკვე მყიფეა?
– მე პირადად მცენარეულ იმუნოსტიმულატორებს ვიღებ. ვისაც აქვს საშუალება – მიიღოს, ვისაც არა აქვს საშუალება, ისეთი პროდუქტები გამოიყენოს, რომელიც ასე თუ ისე, გეხმარება – მაგალითად, ნიორი, კოჭა, საკმეველი, განიავება, მზის შემოშვება – ცხვირში ამოსასმელი მალამოებია ასევე. რაც უფრო მაქსიმუმ საშუალებებს იყენებთ, მით უფრო ნაკლებია დაინფიცირების საფრთხე.
– კოჭას როგორ იყენებთ, მაგალითად?
– მე ჩავიხეხავ ხოლმე ჩიაში და ისევ ვსვამ. შეიძლება საჭმელში ჩაიხეხო. ბრინჯის მენიუს უხდება ასევე ძალიან. არის კოჭას მჟავე, მარინადი, იაპონელები, მაგალითად, სუშთან იყენებენ, რადგან ანტიპარაზიტული მოქმედება აქვს.
– საკმეველი?
– მე, მაგალითად, დღეში ორჯერ ვანთებ. მით უმეტეს თუ სტუმრები მომივიდნენ, მასობრივი შეკრების ადგილია და ბევრი ხალხი ტრიალებს. იყიდება საეკლესიო მაღაზიაში, წიწვოვანი საკმეველი იკითხეთ – ცნობილია რომ წიწვოვანი კარგად კლავს ვირუსს და ანტივირუსული მოქმედება აქვს. ნებისმიერი საკმეველი, რომელიც არის წიწვოვანი.
– პროფილაქტიკის ბევრი მეთოდი ვრცელდება სოციალურ ქსელში და მედიაში…
– კი და ეს არის არაკომპეტენტური ხალხის გავრცელებული. ვიღაცამ დაწერა ბეტადინის ხსნარი გახსენი წყალშიო და პირში გამოივლეო…
– კი, მეც მომივიდა ეს მესიჯი, პირადშიც მომწერეს და ასევე იოდი წაისვით ხელებზე და ფეხებზეო…
– აი, ასეთი დიდი სისულელე, გაუნათლებელი, უკულტურო ხალხის დაწერილია, ბეტადინის ყელში ამოსმა როგორ შეიძლება, საკმაოდ ძლიერი ანტისეპტიკია, ჯერ ხომ დამწვრობას იწვევს, მერე ჩვენ ფლორას და მეგობარ ბაქტერიებს, რომლებმაც უნდა დაგვიცვას ვირუსისგან, იმას ხოცავს. სისულელეა. წყალბადის ზეჟანგი დალიეო, კიდევ, ეგეც ეწერათ – ეს არის მოსახლეობის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. ეგ ყველაფერი ზღაპრებია.
– ერთი არაპროფესიული კითხვაც უნდა დაგიცვათ – ამბობენ, კორონავირუსი შეიძლება ხელოვნურად იყოს შექმნილი და გავრცელებულიო…
-არის ახლა ინფორმაცია, ამერიკაში დაიჭირეს ამერიკელი მეცნიერი, ორ ჩინელ ადამიანთან ერთად, რომლებიც აღმოჩნდნენ ჩინეთის სპეცსამსახურების წარმოდგენლები და მიდის ახლა ამაზე საუბარი. ეჭვი აქვთ, რადგან ერთ-ერთი ჩინელი რაღაც სინჯარებით დააკავეს აეროპორტში და სავარაუდოდ რაღაც არის, მაგრამ კონკრეტულად ამ ვირუსზეა თუ არა საუბარი, ეგ არ ვიცით ჯერ. თუმცა, არც აქვს ახლა მაგას მნიშვნელობა? შეიძლება გაეპარათ რაღაცა – მერე რა?
– შეიძლება თუ ხელოვნურად შექმნილი ვირუსია, არ დაემორჩილოს ზოგადად ვირუსების მოქმედების წესს და დათბობასთან ერთად არ იკლოს დაინფიცირებამ? – ამიტომ ვიკითხე.
– მაგას არა აქვს მნიშვნელობა, ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს. ეს ვირუსია. რომ არ იყოს ვირუსი და რაღაცა სხვა წარმონაქმნი იყო – შეიძლება ვერ გათვალო. მაგრამ, ვირუსი სავარაუდოდ ყველა ერთნაირად იქცევა და ალბათ, იქნება ყველაფერი კარგად, ასე მგონია.
თამო კეშელავა
ალია №8
კომენტარები