ლევან ჯავახიშვილი, ალია
„ალიას“ ესაუბრება „ნაცმოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი.
– ლევან, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კახა კალაძე იქნება. ადრე კალაძის შესაძლო კანდიდატობაზე საუბარს თავს არიდებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ბოლო დღეებში რამდენიმე დეპუტატმა მმართველი პარტიიდან დაადასტურა, რომ კალაძე იყრის კენჭს თბილისის მერად. მითხარი, რა გააკეთა კახი კალაძემ თბილისის მერის რანგში და რით დაიმსახურა, რომ ხელახლა გახდეს მერი?
– სიმართლე გითხრა, არა მგონია, რომ კალაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ღირდეს დიდი განსჯის გამართვა. საზოგადოების ინტერესი ამ საკითხის მიმართ გასაგებია, მაგრამ ჩვენი, ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, 43%–ზე ნაკლები აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლება შეიცვალოს. თუ ხელისუფლება არ შეიცვლება ამ ქვეყანაში, ვინ იქნება თბილისისა თუ სხვა ქალაქის მერი, ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება. ქალაქის მერს, კი ბატონო, ინფრასტრუქტურა ავალია, მაგრამ მთავარი, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკაა, რომელიც დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე, მთავრობაზე. მათ შორის ვხედავთ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს სასამართლოსთან დაკავშირებით და ა.შ. თუ სასამართლო არ იქნება დამოუკიდებელი, საარჩევნო კანონმდებლობა და მთელი საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება და თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება ამ ქვეყნაში, ნებისმიერ თანამდებობაზე, ვინც არ უნდა დაინიშნოს, ვინც არ უნდა აირჩიონ, ეს არაფერს შეცვლის. თუნდაც, რომელიმე მუნიციპალიტეტში, მერის არჩევნები რომ მოიგოს ოპოზიციის წარმომადგენელმა, გახდეს მერი, მერე? რეალურად, ამით არაფერი შეიცვლება. თუ ისევ ესენი დარჩნენ ხელისუფლებაში, პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოიყენებენ სასამართლოს, პროკურატურას, სხვა სახელმწიფო უწყებებს და ოპოზიციონერი მერი, რეალურად, ვერაფრის შეცვლას მოახერხებს, გასაქანს არ მისცემენ. ნორმალურ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის მერი, გამგებელი, საკრებულოს წევრი, მაგრამ ახლა არანორმალური სიტუაციაა ქვეყანაში, ხალხი გაღატაკდა, ჩვენს მოქალაქეებს ფიზიკური გადარჩენის პრობლემა უდგათ. ეს დაადასტურა იმანაც, რომ გერმანიაში გამოცხადებულ სამუშაოს ვაკანსიებზე, ორ დღეში 100 000 ადამიანი დარეგისტრირდა საქართველოდან, სადაც არანორმალურ პირობებში უწევს ხალხს მუშაობა და ბევრმა ეს წინასწარ იცოდა კიდეც. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს პერსპექტივის განცდა არ აქვთ ამ ქვეყანაში, იმედი არ აქვთ და ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან. სტატისტიკას არ მოვიყვან, მაგრამ „ალიას“ მკითხველი დაფიქრდება, მათი რამდენი ნათესავი, მეგობარი, ახლობელი და ნაცნობია უცხოეთში და იქ მძიმე შრომით ინახავენ აქ ოჯახებს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რეფერენდუმად ვაქციოთ ადგილობრივი არჩევნები, ვიმეორებ, „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა მიიღოს 43% , უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც შევცვლით ხელისუფლებას. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, დიდი უნდა იყოს ოპოზიციის უპირატესობა, რომ ვერანაირი მანიპულაციით ვერ მოახერხონ, თუნდაც გაყალბების პირობებშიც კი, 43%–ის დაწერა, ამის დიდი სურვილიც რომ ჰქონდეთ და ეს სურვილი კი დღეს ნამდვილად აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკან მოგვრჩება დედაქალაქის ინფრასტრუქტურაც, შადრევნებიც, სკვერებიც, გზებიც და ყველაფერი. ადამიანს ეს შადრევანი, სკვერი და კარგი გარემო მაშინ უხარია, როდესაც სხვა პრობლემები მოგვარებული აქვს. პირველადი მოხმარების პროდუქტები ისეა გაძვირებული, ხალხს არ აინტერესებს მისი სახლის სიახლოვეს სკვერს მოაწყობენ თუ არა. ზეთი გაძვირდა 3–4–ჯერ, გაძვირდა კვერცხი 2.5–ჯერ, შაქარი, წიწიბურა გაძვირებულია და მითხარით ახლა, ამ ხალხს სკვერი და შადრევნები უნდა?
– ივლისიდან ფქვილის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა შეწყდა და პურიც გაძვირდება.
– პურიც გაძვირდება, თბილისში 8 თეთრით უკვე გაძვირდა გაზი და რა არ გაძვირდა, ერთი მითხარი? ბიძინა ივანიშვილი გვეუბნებოდა, აზერბაიჯანიდან თურქეთში და შემდეგ ევროპაში მიმავალი გაზის „ტრუბები“ აქ, საქართველოში გადის და სამჯერ უფრო იაფი იქნება გაზიო. „ტრუბას“ ივანიშვილის ტერმინოლოგიის გამო ვამბობ, თორემ რა ჰქვია ქართულად, კარგად ვიცი. სად წავიდა ეს „ტრუბები“, ისევ საქართველოზე არ გადის? რატომ გააძვირეს ასე კატასტროფულად გაზი? შემოსავალი გაეზარდა ვინმეს, სხვა პროდუქცია გაიაფდა და იმის შესაძენად თანხას დაზოგავს ხალხი და მოხმარებული გაზის ფულს უპრობლემოდ გადაიხდის? პენსია გავზარდეთო, იძახიან და 8 წლის წინ თუ 85 დოლარი იყო პენსია, დღეს არის 75 დოლარი. 8 წელი იმიტომ დავკარგეთ, რომ 10 დოლარით ნაკლები პენსია ჰქონოდა პენსიონერს? ეს არის წარმატება და ხალხზე ზრუნვა? დღეს ხომ საერთოდ სალაპარაკო არ უნდა იყოს, რომ პირობითად, პენსია 150 დოლარი მაინც უნდა იყოს. ნორმალური ხელისუფლების პირობებში, ეს არის თავისუფლად შესაძლებელი. სწორი მუშაობის პირობებში, შესაძლებელი იყო პენსიის ზრდაც, ხელფასების ზრდაც. ინფლაციას ვეღარ ეწევიან ახლა, გავზარდეთ პენსიაო, ამბობენ. 20 ლარი მოიმატეს პენსია და 3 ლარიანი ზეთი რომ 10–12 ლარი ღირს, ეს რანაირი გაზრდაა? მე დისერტაცია შემიძლია დავიცვა იმ საკითხზე, ხელისუფლების წარმომადგენელთა ქონება როგორ იზრდება ხალხის გაჭირვების პარალელურად. მე არავის დავუთვლიდი ქონებას, ნორმალურად რომ მუშაობდნენ, ხალხზე რომ ზრუნავდნენ და არ გვქონდეს ის ყოფითი პრობლემები. რაც გვაქვს. მოქალაქეებს ეუბნებიან, შენ ლარნახევრად გამოიკვებე დღეშიო და კახი კალაძის კორუმპირებული მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ, ლისის ტბის მიმდებარედ, სახლი აიშენა და მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ, ტაბახმელაში, 2 თვეში უშველებელი სასახლე წამოჭიმა ამ ეკონომიკური კრიზისის დროს. ამ ჩინოვნიკებს 4–5 ათასი ლარი აქვთ ხელფასები და როგორ ახერხებენ მილიონზე მეტი ლარის სახლების აშენებაში გადახდას? ახლა, აშკარა არ არის, რომ ორივე კორუფციაშია გარეული და ამ გზით ნაშოვნი ფულით ააშენეს ეს სახლები? კალაძესთან დაკავშირებით, მაგის კორუფციულ მაქინაციებზე ბევრი მილაპარაკია „ალიაშიც“ და სხვაგანაც. კალაძეს მარტო ის ეყოფა მუდმივად წამოსაძახებლად, როგორც კორუფციის კლასიკურ მაგალითად, მილიონად რომ ჩამოგვიტანა იტალიიდან ნაძვის ხე, რომელიც ჩვეულებრივი ალვის ხე იყო. ამის მერე ვინმეს თუ სჯერა, რომ ეს კაცი, მისი გარემოცვა მერიაში კორუმპირებულები არ არიან, მგონია, მათ რეალობის აღქმის პრობლემა აქვთ. ჯოხი ჩამოიტანა, ჯოხი და ეს მილიონი ლარი ღირსო, გვეუბნებოდა. აგერ, ახლა აეროპორტის გზაზე დაყარა ირანული ქვები. საერთაშორისო სანქციები ადევს იმ ირანულ კომპანიას, ვისგანაც იყიდეს და 3 მილიონი ლარი გადაუხადა ქვებში. იმერეთი ქვის კარიერებს მიაქვს და ეს ირანში ქვას ყიდულობს. დიდი ეჭვი მაქვს, ეს ქვები ნაჩუქარია და მერე, ვითომ 3 მილიონი გადაიხადეს, ფული გააკეთეს. პროკურატურას ბევრი აქვს სამუშაო. ათეულობით საქმე მაქვს შეტანილი, რომლებშიც შავით თეთრზეა კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებებია, თუ როგორ არის მოპარული მილიონები და გაძარცული ბიუჯეტი. ბაღები უნდა ავაშენოთო და ისანისა და სამგორის რაიონებში 4 ბაღის მშენებლობაა შეჩერებული, სადაც ასეულ ათასობით ლარი უკვე წყალშია გადაყრილი. ვაზისუბანში მივიდნენ, ფოტოები გადაიღეს, ბაღი უნდა დავიწყოთო და შეჩერებულია. ლილოს დასახლებაში ბაღი უნდა ავაშენოთო, ხელშკრულება გააფორმეს, 4 მილიონი ლარისა და 2 მილიონი კერძო კომპანიისთვის გადახდილია და ეს ბაღიც მიტოვებულია, იგივე ხდება აფრიკაში და ნავთლუღის ქუჩაზე. მერე, რაღაცას გააკეთებენ, ფულს დახარჯავენ, გავა ცოტა ხანი, მიხვდებიან, რომ სისულელე გააკეთეს, იმ გაკეთებულს ანგრევენ და პირვანდელ სახეს უბრუნებენ, ფული კი წყალში იყრება.
არაფერს აკეთებენ და ფულს ბევრს იპარავენ. კალაძე იქნება მერი თუ სხვა „ქართული ოცნებიდან“, არაფერი შეიცვლება. „ქართული ოცნების“ მოთხოვნა, კრიტერიუმია, უნდა იყო ქურდი, მომპარავი და ბიუჯეტის ვირთხა. არადა, მაღალ პოსტს ახლოს არ გაგაკარებენ. ნორმალურ პირობებში ამ ხალხს მხარი როგორ უნდა დაუჭირონ, არ ვიცი. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ველობილიკი გააკეთეს, მერე მიხვდნენ, ავტომობილებს გადაადგილება უჭირდათ, გზა იმდენად დავიწროვდა. ახლა ადგნენ, ეს ველობილიკისთვის დახაზული გზა წაშალეს და გააუქმეს. ახლა, ამ ველობილიკს რომ აკეთებდნენ, აზომვითი სამუშაოები, საღებავი და სხვა რაღაცები ხომ გააკეთეს? ამაში ფული ხომ გადაიხადეს და ბოლოს ეს ფული ქარს გატანებული ხომ გამოდგა? ასეა. არანაირი სატრანსპორტო პოლიტიკა არ არსებობს თბილისში, ეს ფაქტი ამის კიდევ ერთი დასტურია. ჭავჭავაძის გამზირი აიღე. დედა უტირეს იქაურობას, გააუკუღმართეს ყველაფერი. ვიღაცა ამბობს, რომ ავტობუსის ზოლი კარგია, ვიღაცას ეს მოსწონს. უკაცრავად, მაგრამ არც ერთ სტანდარტში არ ჯდება, როდესაც ჭაჭვავაძეზე მხოლოდ ორი ზოლია და სასწრაფო და სახანძრო დახმარების მანქანებისთვის მანდ გადაადგილება შეუძლებელია. აი, უცებ ამ ორ ზოლში, რომელშიც ავტობუსები და ავტომობილები საპირისპირო ზოლებში მოძრაობენ, ერთში ავტობუსები, მეორეში ავტომობილები, სასწრაფო დახმარების მანქანას როგორ გაატარებენ? ამიხსნას ვინმემ. როგორ შიძლება ამის გაკეთება თბილისის მთავარ გზაზე? ეს ხომ არ არის მეორადი გზა და ჩიხი. ქალაქის ერთ–ერთი ცენტრალური გამზირია. დედა უტირეს იმ შუაში ჩაყენებული გაჩერებებით, რომლებიც კალაძემ მოიგონა. თანაც, თავდაპირველი გეგმითა და ბიუჯეტით რაც უნდა დამჯდარიყო ჭავჭავაძის გამზირის ე.წ. რეაბილიტაციის პროექტი, დამატებით კიდევ მილიონები დაიხარჯა ამ სიმახინჯეზე. კიდევ ვამბობ, ველობილიკების ხაზების ეს დახაზვა და წაშლა მეტყველებს იმაზე, რომ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა არ არსებობს. სატრანსპორტო პოლიტიკა შემუშავებული რომ იყოს, გათვლილი და გაანგარიშებული რომ იყოს ყველაფერი, გონებით კეთდებოდეს ყველაფერი, აღარ მოუწევდათ ველობილიკების დახაზვა და მერე ორ თვეში გაუქმება იმ მიზეზით, რომ ველობილიკი თურმე ავტომობილების შეფერხებას იწვევს. ვიდრე გააკეთებ იმ ველობილიკს, მანამდე უნდა მიხვდე მაგას და სადაც არ არის საჭირო, იქ არ უნდა ჩააკვეხო. აიღებენ, დახაზავენ, აქ იქნება ველობილიკიო, მედიით აპიარებენ ამას და მერე ჩუმად შლიან იმ საღებავს და აუქმებენ ველობილიკებს. მერე, თავი და ბოლო არ აქვს ამ ველობილიკებს. იწყება ერთი ადგილიდან, შემდეგ ველობილიკი არ არის და რით უნდა მიხვიდე იქ? მიხვალ როგორღაც და მერე გაგრძელება აღარ აქვს ველობილიკს.
– კი, ეგრეა. თუ აკეთებ, ველობილიკის ე.წ. ტრასები უნდა გააკეთო, რომ უწყვეტად შეძლონ გადაადგილება ა პუნქტიდან ბე პუნქტამდე. ვისაც ველოსიპედით ხშირად უწევს გადაადგილება, კონკრეტულ ადგილზე წყდება ველობილიკი და შემდეგ ველობილიკამდე ხშირად კილომეტრებია. რა ქნას? გზას ვეღარ აგრძელებს ველოსიპიდით – ან ზურგზე უნდა აიკიდოს და მორიგ ველობილიკამდე ისე მივიდეს, ან ავტობუსში უნდა აიტანოს, რაც დიდ პრობლემას ქმნის ანდა მანქანების მოძრაობას უნდა შეერიოს და ასე მიაღწიოს სხვა ველობილიკამდე, რაც ძალიან სახიფათოა. სამივე შემთხვევა ხშირად მინახავს თბილისში, უფრო ხშირად, ავტობუსში ამოტანილი ველოსიპედები.
– არა, საგიჟეთია, კაცო. კარგია ჯანსაღი ცხოვრება, კარგია ველობილიკები და მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ისეთ ადგილზე უნდა გაკეთდეს, სადაც ამის შესაძლებლობას იძლევა და მათ შორის სატრანსპორტო კვანძები. არ შეიძლება, რაღაცას ძალით სადღაც ტენიდე, იმიტომ რომ შენი ახირებაა. კაცი, რომელიც მთავრობის სხდომაზე ამბობს, 500 ტონა რკინა მომპარესო, იმას რა უნდა ელაპარაკო? კალაძეს ვგულისხმობ. გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, მილები რომ ამოიღეს მიწიდან, ის მილები დაიკარგა. კალაძე ძალიან გაკვირვებული იყო, სად წავიდა, გამოძიება უნდა დავიწყოთო. კაცო, 500 კილოგრამზე კი არ არის ლაპარაკი, 500 ტონა დაიკარგა. ამდენი რკინა როგორ უნდა მოიპარო, რომ ვერავინ დაგინახოს? ვერავინ გაიგოს? ვფიქრობ, არ დასაწყობებულა ეს მილები, პირდაპირ, ადგილიდან გაიყიდა. მოპარვით როგორ მოიპარავდნენ? ამდენი რკინა რომ მოიპარო, მაგას ამწე სჭირდება, სატვირთო ავტომობილები, მუშები სჭირდება. როგორ, ქურდებმა დაიქირავეს ამწე, ავტომობილები, მუშები, რამდენიმე დღე იპარავდნენ ხიზანიშვილის ქუჩაზე მილებს და ეს ვერავინ გაიგო? ვერავინ დაინახა? არა, 500 ტონა რკინა მომპარესო, ეს რამ ათქმევინა? თვალებში ნაცარს გვაყრის ეს კაცი მუდმივად. 35 000 ლარად, ერთ ცალ ნაგვის ურნას ყიდულობს და სოციალურად დაუცველებს ეუბნება, 1.20 და 1.30 თეთრიანი მენიუთი უნდა ისადილოთ სასადილოშიო. ევროპული მიდგომა გქონდეს ნაგვის ურნებთან დაკაშირებით და მოქალაქეები ფეხებზე გეკიდოს, ეს სწორი არ არის. ჯანდაბას, 5 ან 10 ათასი ლარი გადაიხადე ნაგვის ურნაში და დანარჩენი თანხა დახარჯე სოციალური მიმართულებით, ეს კიდევ ბევრად ადამიანური იქნებოდა, მაგრამ ასე ხელგაშლილად და საეჭვოდ ხარჯო იმ ხალხის ფული, რომლის უდიდეს ნაწილს ნორმალური სადილი ენატრება, ეს უკვე უზნეობა და დანაშაულია. ეგეთი კაცია, რა კალაძე. „ატკატების“ მოყვარული და ბიუჯეტის ქურდობით არის ძირითადად დაკავებული. აფრიკაში ხალხს ჩამოუარა, სახლები დაუნგრია, უკანონო მშენებლობებიაო, და მთაწმინდის ცენტრს გახედე ერთი, რა ხდება და რამდენი უკანონო მშენებლობებია. იმ ლანდშაფტში როგორ შეიძლებოდა სამშენებლო ნებართვების გაცემა? მარტო მთაწმინდა? დედა უტირეს მთელ ქალაქს. ქალაქის მთელი ისტორიული ნაწილი დაფარეს ამ მახინჯი კორპუსებით. რუსთაველის მეტროს უკან რომ ადიხარ, კაკაბაძის ქუჩიდან, იმხელა შენობები ააშენეს, აღარც მთაწმინდა ჩანს და აღარც მამადავითი. ყველგან ასეა. უსახური კორპუსებით გადაფარეს ყველაფერი, თუ რამ ღირებული გვაქვს და რისი დანახვაც ხალხს უხარია. კოლმეურნეობის მოედანზე ბიძინა ივანიშვილმა ისე ამოაშენა სამი სართული მის ავტოსადგომზე, ვერ დაინახა დროულად კალაძემ. მერე, ეს ამბავი რომ გახმაურდა, დააჯარიმეს ივანიშვილი და ბოლოს, საკრებულოში სპეციალური განკარგულება მიიღეს, რომ ესიამოვნებინათ ბიძინასთვის. აბა, კიდევ ხომ არ დააჯარიმებდნენ? კაცმა 3 სართული ააშენა უნებართვოდ, ადექი და დაუნგრიე, რა, თუ რაიმეს თავი გაქვს. არა, აფრიკაში უსახლკარო ხალხს თავშესაფარი რომ ჰქონდა მოწყობილი, ზოგს წვიმა რომ ჩამოსდიოდა, იმათი სახლების დანგრევაა იოლი. ის ხალხი დაბალი ღობეა და მოერია.
– ლევან, ახლა თქვენი, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, ადგილობრივ პროპორციულ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმების 43% არ ააღებინოთ და მერების და საკრებულოების მაჟორიტარულ არჩევნებს ნაკლებ ყურადღებას დაუთმობთ?
– რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს 43% არ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“. რა თქმა უნდა, მერობის და საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებშიც ვიბრძოლებთ, მაგრამ პრიორიტეტი პროპორციული არჩევნები იქნება. ეს არჩევნები რეფერენდუმია. რეფერენდუმი კი მოსაგები აქვს ხალხს, რომ რაღაც ბედს ეწიოს ეს ქვეყანა. ყოველდღიურად გაუსაძლისი ხდება „ქართული ოცნების“ პირობებში ამ ქვეყანაში ცხოვრება. უამრავი ადამიანი გარბის ქვეყნიდან და ვინც ჯერ არ გაქცეულა, მათი უმეტესობაც გაქცევაზე ფიქრობს.
– რამდენად შესაძლებელია, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და ერთიანი ძალებით დაუპირისპირდნენ „ქართულ ოცნებას“?
– ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენგან მზაობა იყო. მათ შორის, ვუთხარით, რომ შემოგვთავაზეთ მერობის ისეთი კანდიდატი, რომელსაც არჩევნების მოგების რეალური შანსები ექნება, მზარდი კანდიდატი იქნება და ასეთს მხარს დავუჭერთ–თქო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობას“ საკუთარი საბრძოლო სტრატეგია არ ექნება. არ ვიცი, კარგი იქნება თუ გაერთიანება მოხერხდება, მაგრამ თუ ეს ვერ მოხდა, არც ეს მიმაჩნია ტრაგედიად. ერთის მხრივ, კარგი ის იქნება, რომ ადამიანებს მეტი არჩევანის საშუალება ექნებათ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მთავარია, „ქართულ ოცნებას“ არ მისცეს ხალხმა ხმა. ხალხის დაკვეთაა კოალიციური ხელისუფლება, კოალიციური მთავრობა და ეს აჩვენებს, რომ ხვალ–ზეგ, ოპოზიციურ პარტიებს მაინც მოგვიწევს ერთმანეთთან თანამშრომლობა.
კომენტარები