დეკანოზი, პეტრე კვარაცხელია, “პრაიმტაიმთან“ ამბობს:
ვცხოვრობდი წალენჯიხაში. ჩემს ბავშვობაში, ზამთარში თოვლი აუცილებლად მოდიოდა. მშობლები მთელი წლის მანძილზე ზრდიდნენ ბურვაკს, რომელიც საშობაოდ, უზარმაზარ ღორად გადაიქცეოდა. სამეგრელოში ქრისტესშობას “ქირსეს” ეძახიან და ქირსეზე კლავდნენ ამ სპეციალურად საშობაოდ ნასუქებ ღორს. ეს ღორი იყო ძალიან დიდი, უზარმაზარი, ამიტომ მას კაცები კლავდნენ და წმენდნენ. შემდეგ ქალები კუჭნაწლავს ჯერ მდინარის ყინულივით ცივ წყალში გარეცხავდნენ, შემდეგ სახლში ადუღებული წყლით მთელი დღის მანძილზე რეცხავდნენ.
მეორე ეტაპზე უკვე მზადდებოდა მეგრული შაშხი, რომელიც ძალიან მარილდებოდა და მთელი წლის მანძილზე გვქონდა. მზადდებოდა მეგრელების საამაყო კუპატი, რომელიც ძველი მეგრული სანელებლებით იყო გაჯერებული. ასევე აკეთებდნენ კუჭმაჭს – ჯურჯანს (მეგრულად ასე ჰქვია).
მახსოვს, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. შობის დღესასწაული, მიუხედავად იმისა, თუ რა ამინდი იყო, გნებავთ, ყელამდე თოვლიანი, მე ყოველთვის ნათელ, მზიან დღედ ჩამრჩა.
ეზოში მეგრულ ტაბაკს გაშლიდნენ და მოხარშულ ხორცს პირველად ამ მაგიდის ზედაპირზე დაყრიდნენ. იქვე იდგა ტყემლის ან ჭაჭის არაყი და საშობაო ღორის ხორცის პირველი დაგემოვნება სწორედ ტაბაკზე მიდიოდა. მერე, საღამოს, დედა მეზობლის ქალებთან ერთად გაშლიდა სუფრას… დაუვიწყარი პროცესი იყო.
დედა საოცარი კულინარი გახლდათ. განსაკუთრებულად მიყვარდა მისი მომზადებული ნამცხვარი “დათუნია”. არ ვიცი, მართლა არსებობდა თუ არა ასეთი ნამცხვარი, თუ დედას კულინარიული გამოგონება იყო, ერთი კი არის – მთელი ბავშვობა მომყვებოდა “დათუნია” თავისი დაუვიწყარი გემოთი. ზემოდან კაკაო ჰქონდა, შუაგულში თეთრი კრემი და მთელ-მთელი ნიგვზებით იყო… საოცრება… ვიდრე დედა გარდაიცვლებოდა, ყველა დაბადების დღეზე ვთხოვდი, დედა, “დათუნია” გამომიცხე, ხომ იცი, ჩემთვის შენგან მთავარი საჩუქარი, ეს ნამცხვარია-მეთქი.
ასე რომ, ჩემთვის ძველით ახალ წელთან, დედას სიყვარულთან და მთლიან იანვართან – “დათუნია” ასოცირდება. მიწყობილი იყო, ახალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი, ნათლისღება და ჩემი დაბადების დღე – 27 იანვარი, ასე რომ დედა გადაბმულად აცხობდა და აცხობდა ამ ნამცხვარს.
გამორჩეულად ამზადებდა მეგრულ ფელამუშს, ოდესის წვენისგან. განსაკუთრებული სიფაქიზითა და უბრალოებით. იდგა და უჩუმრად ურევდა ფელამუშის ქვაბს. მახსოვს, არც ლაპარაკობდა, როდესაც ფელამუშს ამზადებდა. მშვიდად იდგა და ასე რიტუალურად ამზადებდა. გიჟდებოდა ფელამუშისა და “დათუნიას” მომზადებაზე, რადგანაც იცოდა, როდესაც ახალი წლის დილა დადგებოდა, სამივე დედმამიშვილი, მაგიდაზე დადებული ამ ტკბილეულებით ვბედნიერდებოდით. “დათუნია” ძალიან უხდებოდა ახალ წელს.
საახალწლო სუფრის გარშემო მთელი სოფელი იკრიბებოდა. დედა კერძებით მეზობლებს და ნათესავებს მოიკითხავდა. მერე ისინიც ასევე მოგვიკითხავდნენ საჭმლით და მთელი იანვარი დღესასწაული იყო.
საახალწლო სუფრა რომ იშლებოდა, იქვე ვითვალისწინებდით მეზობლებსაც, რადგან შემოდიოდნენ, გვილოცავდნენ. საერთოდ ჩვენთან, წალენჯიხაში ასე იყო, თუ ჩვენ არ გვქონდა საჭმელი, მეზობელთან გადავდიოდით, თუ მათ არ ჰქონდათ, ისინი გადმოდიოდნენ ჩვენთან. ერთმანეთის ლუკმას ვიყოფდით.
დედა აცხობდა საოცარ მეგრულ ხაჭაპურებს. უყვარდა აჩმის გაკეთება. აცხობდა ჭვიშტარს…
მეგრული თხილისგან ჩურჩხელას აკეთებდა და სხვენზე მალავდა საახალწლოდ. მაგარი იყო ჩურჩხელის გამოტანის პროცესი, როდესაც ჩვენ ჩუმად ვუთვალთვალებდით, აბა, სად ჰქონდა დამალული რომ ვერ ვაგნებდით. ყოველ წელს სხვადასხვა სამალავში მალავდა, რადგან ჩემი ძმა ჩურჩხელის მარაგს მუსრს ავლებდა.
ჩვენ, ქართველებმა დღეს ეს საერთო დღესასწაულის მარილი დავკარგეთ. თითქოს ახალი წელი გვათენდება, ვიღაც სელფს გადაიღებს სუფრასთან. მერე გადაინახავს ამ ყველაფერს ისევ შემდეგი სელფისთვის. გულის ამრევია…
ჩვენთვის კუჩხი იყო მთავარი – კუჩხი ბედინერი. იმ დღეს მხიარული, ბედნიერი, მადლიერი უნდა ყოფილიყავი. არ წყდებოდა მისვლა-მოსვლა, კარი არ იკეტებოდა.
ღმერთმა ყველას ბედნიერი ახალი წელი გაუთენოს, ბედნიერება და სიხარული მოგცეთ, სურვილების ასრულება. მაგრამ ის ბავშვობაში ჩარჩენილი ახალი წელი ხელშეუხებელია. სუფრებზე დიდხანს ჯდომა ჩემი ცხოვრების ორგანული ნაწილი არ არის, მაგრამ როცა სუფრასთან ვხვდები, პარალელს ვავლებ ჩემი ბავშვობის დროინდელ სუფრასთან… მაშინ სულ სხვაგვარი იყო. რომ ვადარებ, ნამდვილი ახალი წელი ჩემს ბავშვობაში იყო… “
კომენტარები