ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ამბობს, რომ სახელმწიფოს უნდა დაექირავებინა ძლიერი ადვოკატი ირაკლი ბებუასათვის და სასჯელის ვადა მინიმუმამდე დაეყვანა.
„ირაკლი ბებუას ჰყავდა ადგილობრივი, სახაზინო ადვოკატი. საქართველოს, რაც შეეძლო, რომ გაეკეთებინა, უნდა დაექირავებინა საკმაოდ ძლიერი ადვოკატი და მას დაეცვა მისი უფლებები. 9 წელი ძალიან ბევრია, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო 2-3 წელი და შემდეგ უფრო იოლია მუშაობა სასამართლოს შემდგომ პროცესებზე – შეწყალებაზე და რაღაც-რაღაცებზე. 9 წელი რომ მისცეს, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ უმუშავია სახელმწიფოს. უნდა აეყვანათ ადვოკატი, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა ამ ვადას. მერე საჭიროა პირდაპირ მოლაპარაკებები.
ჟენევა კარგია, მაგრამ მე ისე გამოვიყვანე შვიდი პატიმარი, რომლებსაც 7-დან 12 წლამდე ჰქონდათ მისჯილი, ერთი კაცი არ მიმიცია. ისე გავაკეთეთ, რომ არც ჟენევამ, არც წითელმა ჯვარმა არ იცოდა ამ მოლაპარაკებების შესახებ. არაფერი არ მოუთხოვიათ, ისე მოგვცეს აფხაზებმა შვიდი პატიმარი. დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ შეიგნო, რომ საჭიროა პირდაპირი კონტაქტები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მარტო ცხელი ხაზით საქმეები არ კეთდება…
აფხაზები ჩვენს წინაშე ვალში არიან ისევე, როგორც ოსები. საჭიროა მათთან მუდმივი ლაპარაკი. უნდა ჰყავდეთ ხალხი, რომლებსაც 10-15 – წლიანი გამოცდილება აქვთ მათთან ურთიერთობის. უამრავი საკითხის გადაწყვეტა შეიძლებოდა პირდაპირ ცხივალი-თბილისი-სოხუმი. მე ვხედავ, რომ საერთოდ გაჩერებულია ეს მიმართულება, მხოლოდ უცხოელების საშუალებით ხდება. ძალიან დიდი მადლობა ევროკავშირს, სადამკვირვებლო მისიას და ჟენევას, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს უდგებიან ფორმალურად. სად რომ შენებურად, კავკასიურად დაელაპარაკები, ზოგჯერ ჯიგრულადაც კი და სად რომ ფორმალურად რაღაც მოხდება? საჭიროა ყველა ბერკეტის გამოყენება და ჩვენ ქართული ბერკეტი გამოვაცალეთ და დავტოვეთ მხოლოდ უცხოური ბერკეტები, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ არა – სრულყოფილი. თუ მოლაპარაკებები წავა და რაღაცაზე შეთანხმდებიან, შეიძლება ხვალვე გამოუშვან. საჭიროა არა მუდმივი დაცინვა და ზემოდან ყურება, არამედ საჭიროა, როგორც ტოლთან ლაპარაკი. მათი მესიჯი არის ის, რომ არავის უმუშავია ამაზე და თქვენ, თქვენი პატიმარი მიაგდეთ”
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კომენტარები