თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება „შეაჩერე კორუფციას“ თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი, ვატო გელაშვილი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაშია და პოლონეთში იმყოფება.
– შენთვის, როგორც კორუფციის მკვლევარისთვის, ვინ არის „ოცნებიდან“ ყველაზე კორუმპირებული?
– ყველაზე კორუმპირებული იყო კვირიკაშვილი, კვირიკაშვილის დროს რომ კორუფცია იყო, ასეთი დიდი კორუფცია არ ვიცი, რა… ღარიბაშვილი ამ საქმეში კვირიკაშვილს ვერ შეედრება. ხოდა, კვირიკაშვილის დროს რომ კორუფციაში იყო ჩართული და მერე გადავიდა ოპოზიციაში, ან არ ჩართეს კორუფციაში და იმიტომ გადავიდა, ის ხალხი რატომ უნდა ავირჩიოთ? ერთი ცუდით შევცვალოთ მეორე ცუდი? შეგუებული ჭირია უკვე „ქართული ოცნების“ სახით და ხალხმა ამ ხელისუფლების პირობებში თავის გადარჩენა ვისწავლეთ, ზოგი გაქცევით შველის თავს, ზოგი რითი და ზოგი რითი. რა ვიცით, მომავალში, მეორე ცუდის არჩევით რა იქნება? ვიცით, რა გველის მომავალში? ამიტომაა ქვეყანაში უმოქმედობა. კორუფციაზე მასალებს რომ ვამზადებდით მე და ქეთი (ენუქიძე), მგონი ყველამ იცის, ახლა ვინ ლაპარაკობს კორუფციაზე? საბა ბუაძემ ერთხელ ილაპარაკა და ისიც სისულელე – მერიას საბავშვო ბაღებისთვის 1 ლიტრი რძის ყიდვა უფრო იაფი უჯდება, ვიდრე 1 კგ. რძის ფხვნილის ყიდვაო – რა დავაშავეთ ჩვენ, ვინც ვიცით, რომ 1 კგ რძის ფხვნილისგან 10–12 ლიტრი რძის დამზადება შეიძლება? რა დავაშავეთ, ვისაც 2 წიგნი გვაქვს წაკითხული და მეტი ვიცით სხვაზე? რატომ უნდა დავიჯეროთ სისულელე? ჩვენთვის, როგორც კორუფციის მკვლევარებისთვის რა იყო მთავარი მოტივაცია, რომ არ მოეპარათ ფული, ხო? ადგა ოპოზიცია და კარი გაუღო იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ კორუმპირებულები, შესაძლოა, ახლა იმდენს ვეღარ იპარავენ, მაგრამ ხომ იპარავდნენ? ახლა ოპოზიციაში უფრო მეტი კორუმპირებულია, ვიდრე ხელისუფლებაში! როგორ მოიგო ხაზარაძემ ანაკლიის პროექტი, კვირიკაშვილის დროს? წაიყვანა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მასთან დაასაქმა, არ იყო კორუფციული გარიგება კვირიკაშვილთან? – მეტი კი არაფერია ნეპოტიზმი და კორუფცია. და ახლა რას ედავებიან ხელისუფლებას? იმას, რასაც თავად აკეთებდნენ, ან კიდევ აკეთებენ? და ჩემნაირები განეიტრალდებიან ამასობაში. როცა ვლაპარაკობ კორუფციაზე ხელისუფლებაში, ჩამომითვლიან, აბა, ოპოზიციიდან ეს, ეს, ეს?
კომენტარები