ზუგდიდის ცენტრში, ერთ-ერთი ლომბარდის გაძარცვის მცდელობისთვის დღეს კიდევ ერთი პირი დაკავს. ის რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ საკუთარი სახლიდან ხელბორკილებით გამოიყვანა. დაკავებული უარყოფს ძარცვის მცდელობას და ამბობს, რომ ლომბარდში ტელეფონის საყიდლად იყვნენ შესული და ფასის დაკლებას ითხოდნენ.
დაკავებული ლევან ჭეჟიას ცოლის ინფორმაციით, სახლში პოლიციელები ყოველგვარი კანონის დაცვის გარეშე შეცვივდნენ, ისე რომ ვინაობაც არ უთქვამთ.
„სახლში ვიყავით. უცებ შემოცვივდნენ. რა ხდებოდა ვერ მივხვდი. შესაბამისად ჩემი ქმარი მეორე ოთახში გავიდა. ხელზე ბორკილები დაადეს. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. რაც შეეხება საქმეს, რომელსაც ედავებიან არის აბსურდი. გუშინ ჩემს მეუღლესთან მოვიდა აფხაზი მეგობარი, რომელსაც სურდა ტელეფონი ეყიდა. ჩემი ქმრის მეგობარი ქართულად და მეგრულად ვერ საუბრობს. როცა ლომბარდში შევიდნენ ტელეფონს სამსუნგ ექვს-ს ეწერა 900 ლარი, როცა ყიდვა გადაწყვიტეს გამყიდველმა უთხრა, რომ ეს ტელეფონი არის სუსის უფროსის და მისი ფასი 1 000 ლარია. ამ საუბრის შემდეგ დაიწყო კამათი.
ჩემი მეუღლე მანქანაში ჩაჯდა და როცა ცდილობდა, რომ მაღაზიაში მყოფი კიდევ ორი მისი მეგობარი გამოერიდებინა იქ არსებული სიტუაციისთვის, ლომბარდის გამყიდველმა პოლიციას დაურეკა რომ თითქოს დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში ლომბარდს ძარცვავდნენ. რაც არის ტყუილი,“ – აცხადებს დაკავებული ლევან ჭეჟიას ცოლი.
მისივე თქმით, რომ თითქოს ლომბარდის გამყიდველის შვილს მისმა ქმარმა მანქანით გადაუარა არის ტყუილი და ამის მტკიცებულება აქვს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-178-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში, ტელეფონის თაღლითურად დაუფლების მიზნით, სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს.
ჯერ გაურკვეველია, როგორ მოხვდა სუსის უფროსის ტელეფონი ლომბარდში – კომენტარი ამ ეტაპამდე არ გაუკეთებია სუსს.
რა იყო სუსი, თქვენც თამაშობთ? – ვიკითხეთ, ბატონო. თამაშის ბევრი სახე არსებობს, თან.
რა თქმა უნდა, მივმართავდით სუსს კითხვით, მაგრამ ჩვენს მკითხველს ეხსომება, “ალიას” ზარებს და “ალიას” კითხვებს პატივცემული სუსი არ პასუხობს!
კომენტარები