ანი დვალიშვილი, ალია
შესავლის გარეშე დავიწყებთ – რუსთავში ბინები გაძვირდა. უფრო სწორედ, ბინის ქირაობა გახდა პრობლემა და ფასიც ისეთი აქვს, თბილისს კი არა, მონაკოს შეშურდება. ახლავე აგიხსნით, რაშია საქმე. ქვემო ქართლში, მარნეულში, გარდაბანში, დმანისსა და ბოლნისში, აზერბაიჯანელების კომპაქტური დასახლებებია. ეგ კი არა და, მარნეულის 86%-ს აზერბაიჯანელები შეადგენენ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი სარჩო-საბადებელს რუსეთში შოულობს და დღემდე, რუსეთში ათასობით ჩვენი მოქალაქეა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მათ იქ მეგობრები და ბიზნეს-პარტნიორები ჰყავთ. რომლებიც რუსეთში შექმნილი კრიზისის გამო, ქვეყნიდან დროებით მაინც, წასვლას აპირებენ და სურთ, საქართველოში ჩამოვიდნენ. ჯერჯერობით საუბარი არ არის აქ ბიზნესების გადმოტანასა და ინვესტიციების ჩადებაზე, საუბარია სიტუაციიდან გარიდებასა და ლოდინზე, რა მოხდება შემდეგ. ჰოდა, აქაურები სწორედ რუსი მეგობრებისთვის ეძებენ ბინებს საქირავებლად და შედეგად, მფლობელებმაც ფასი აწიეს, რაც ლოგიკურია – იზრდება მოთხოვნა ბაზარზე, იმატებს ფასი.
უკეთესად რომ აგიხსნათ, რა ხდება დღეს რუსეთის ეკონომიკაში, მარტივ მაგალთს გეტყვით. ომამდე, მეგობარს ერთ-ერთი ბანკის ბარათზე რუსეთიდაან 30 ათასი რუბლი გადმოურიცხეს. კონვერტაციით ბანკმა აღნიშნული თანხა ლარებში გადაიყვანა და 1260 ლარი გამოვიდა. იგივე ოპერაცია მეგობრის ბარათზე 4 მარტსაც განხორციელდა – რუსეთიდან იგივე ბანკის ბარათზე კვლავ 30 ათასი რუბლი დაურიცხეს და კონვერტაციის შედეგად თანხა 890 ლარი გამოვიდა. ანუ, ერთ კვირაში რუბლი არათუ რეკორდულად გაუფასურდა, არამედ მსყიდველუნარიანობა ლამის 50%-ით დაკარგა, რაც ძალიან, ძალიან დიდი ციფრია. ამიტომ, რუსეთიდან მასიურად აგზავნიან რუბლს (ინფლაცია კვლავ გრძელდება) და ცდილობენ, თანხა დოლარში თუ არა, ლარში მაინც ჰქონდეთ. რამდენად წაადგება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანას, ვერ გეტყვით, მაგრამ იმის თქმა კი ზუსტად შეგვიძლია, აქ რომ ერთი თოფი გავარდეს, რუსეთი ციფრებს დადებს, რამდენი მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში და გამოაცხადებს, ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს ვიცავო.
ომის შემდეგ, გამყარებისკენ წასულმა ლარმაც გაუფასურება დაიწყო და ექსპერტები საიმედოს ვერაფერს ამბობენ – თუ საომარი მოქმედებები თვის ბოლომდე გაგრძელდება, არ გაგიკვირდეთ, თუ ერთი დოლარის ღირებულება 4 ლარი გახდებაო. პარალელურად, ყოველდღიურად იმატებს საწვავი, ფასები ბურღულეულზე და რაც მთავარია, უდიდესი შანსია, პურის ფასმა ისე მოიმატოს, ერთი პური 2 ლარი გახდეს. ესეც იმის გამო, რომ ბურღულეულისა და ზოგადად, ფქვილის ნაწარმი, მთლიანად რუსეთიდან შემოგვაქვს… დეფიციტი შეიქმნება პურ-ბურღულეულზე, ბრინჯზე, წიწიბურაზე, ზეთზე… ექსპერტები კი ამბობენ, სახელმწიფო რაც შეიძლება მალე უნდა ჩაეხსნას რუსულ ბაზარსა და ეკონომიკასო, მაგრამ ამ ჩახსნას 2003 წლიდან ჯიუტად ცდილობდა ჯერ წინა ხელისუფლება, შემდეგ ამჟამინდელი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ევროპამ არ მოინდომა ამ მიმართულებით ჩვენი დახმარება და არ მოინდომა ზუსტად ისე, როგორც ამ ჯერზე არ დაუკეტეს უკრაინას ცა და უფლება მისცეს რუსულ თვითმფრინავებს, კვლავ გაანადგურონ ქალაქები და სოფლები.
ეროვნული ვალუტის მოსალოდნელი გაუფასურება, არამარტო ფასების რეკორდულ ზრდას გამოიწვევს, არამედ ადამიანებს საკვების ყიდვის სერიოზული პრობლემა დაუდგებათ. რადგან ამ ეტაპზე ვერც სახელმწიფო ბიუჯეტი მოახერხებს ხელფასების გაზრდას და რაც მთავარია, ვერც ახალ სამუშაო ადგიებს შესთავაზებს მოსახლეობას. ერთ-ერთი მთავარი დარტყმა, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო, „ბორჯომზე“ უარის თქმაა. „ბორჯომი“ 3 წლის წინ რუსულმა კომპანიამ იყიდა და ესტონეთმა სწორედ ამის გამო, დახლებიდან უკვე გააქრო. პოსტ-საბჭოთა ქვეყნები თუ უარს იტყვიან „ბორჯომზე“, ეს ქართულ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, რადგან სამუშაო ადგილების შემცირების გარდა, ბიუჯეტში ფულიც ნაკლები შევა. ისე, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, ის ბიზნესმენი ან კომპანია, რომელიც ომის პერიოდდში პროდუქტზე ფასებს მოუმატებს, მოროდიორად შეფასდება და პასუხს როგორც მოროდიორი, ისე აგებსო და ურიგო არ იქნება, ეს პრაქტიკა ჩვენშიც შემოვიტანოთ. მაშინ, როცა ლარი მყარდებოდა, ბიზნესს თურმე 2-3 თვე ესაჭიროებოდა პროცესზე დასაკვირვებლად და პროდუქტის გასაიაფებლად, როგორც კი გაუფასურება დაიწყო, ფასები მაშინვე გაზარდეს, ანუ ამ პროცესს დაკვირვება თურმე არ სჭირდება. ზოგადად, ბოლო წლებია, ქართულ ბაზარზე ფასებზე სრული განუკითხაობაა და პატრონიც არ ჩანს. უახლოეს მაგალთს გეტყვით – თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტები სად იყიდება, ხომ არ იცით? კი მიუთითა ხელისუფლებამ კონკრეტული აფთიაქი, მაგრამ იქ ფასები არ შეცვლილა და თუ თურქეთს უბრალოდ მედიკამენტებს ვუსაღებთ, პირდაპირ თქვით. ანუ, პროექტი, რომელიც უშუალოდ პრემიერმა წამოიწყო, უბრალოდ ჩავარდა, ან მიავიწყდათ, ან აქტუალური აღარ არის ჩინოვნიკთათვის, თორემ ის ადამიანები, რომლებიც წამლებს ყიდულობენ, ისევ ძვირს იხდიან და შეღავათს ვერ ნახულობენ.
კომენტარები