მაშინ, როდესაც ოჯახის რამდენიმე წევრი ინფიცირებულია, საცხოვრებელი სახლი დატოვეს და კლინიკაში ან კოვიდ-ცენტრში განაგრძეს მკურნალობა, ჩნდება კითხვა: რა უნდა გაითვალისწინოს ახლობელმა, ნათესავმა, ან თუნდაც ოჯახის წევრმა, როდესაც მაგალითად, ინფიცირებულების ნივთების ასაღებად ბინაში შესვლა უწევს.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმთან“ ამბობს:
“როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ინფიცირებულების დაკეტილ კარს შევაღებთ, ეს ბევრისთვის ალბათ არასასიამოვნო მომენტია. აქვე გეტყვით, რომ სანამ სახლს დატოვებთ, სასურველია, ჰაერს მოძრაობის საშუალება მივცეთ და ფანჯრები ღია მდგომარეობაში დავტოვოთ.
თავიდან იყო მონაცემები, რომ ნივთებიდან და ზედაპირებიდან კორონავირუსული ინფექციის გადადება საკმაოდ მაღალი იყო. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ დაავადების გადაცემა ხდება ინფიცირებულ ადამიანთან უშუალო კონტაქტით, უახლოეს პერიოდში, ხელის ჩამორთმევით, ან იმ ნივთებზე და ზედაპირებზე შეხებით, რასაც ინფიცირებული შეეხო.
თუ რამდენიმე დღის განმავლობაში ინფიცირებული ადამიანები სახლში არ არიან და სხვა პიროვნება შევიდა, გადადების რისკი ძალიან დაბალია. პრაქტიკულად, დღესდღეობით, ამის მაგალითები ძალიან იშვიათია. სასურველია, შესვლა 24 საათის შემდეგ მოხდეს.
პრევენციის მიზნით, სახელურები და ის ზედაპირები სპირტ-ხსნარებით დამუშავდეს, სადაც შეიძლება ადამიანს შეხება ჰქონდეს. ამით ყველანაირ მინიმალურ რისკს გავაქრობთ“
კომენტარები