ბოლო პერიოდია, ლამის ყველა მუშახელის ნაკლებობაზე საუბრობს, დღიური, თუ მუდმივ განაკვეთზე მომუშავე მუშახელის დეფიციტია ყველა სფეროში, იქნება ეს მშენებლობა, მომსახურების სფერო, ტვირთის სწორად და პროფესიონალურად გადატანა, მიწის ამოთხრა, საწყობში თუ დისტრიბუციაში მუშაობა. პრობლემაა კარგი მუშახელის პოვნა და მეტიც, არანაკლებ დიდი პრობლემა გახდა, ზოგადად, ნებისმიერი მუშახელის პოვნა.
იქნებ, არასწორად ადგილას ვეძებთ? იქნებ, არასწორ ფასად ვეძებთ? იქნებ, არასწორი პირობებით?
იქნებ, საჭირო მუშახელი საჭირო დამკვეთს ვერ პოულობს და პირიქით?
სანამ ზემოთ დასმულ კითხვებს ვუპასუხებ, პირველ რიგში, შემოგთავაზებ 3 ოქროს წესს და 1 ადამიანურ რჩევას, როგორ უნდა წარმართო პროცესი, რომ სასურველი შედეგი მიიღო.
-
განსაზღვრე მოვალეობა და პასუხისმგებლობა
აუცილებელია მუშახელს ნათლად მიუთითე სად იწყება და მთავრდება მისი სამუშაო. მასთან ერთად განსაზღვრე, რაზეა პასუხისმგებელი და რაზე – არა. მკაფიოდ განუმარტე რა შედეგს ელი მისგან. ამ დეტალების ჩამოყალიბება, მუშახელს, გეგმის შედგენაში დაეხმარება. ის სამუშაოს დასრულებამდე აღარ დაგირეკავს 99–ჯერ, აღარ დაგელოდება, მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად, და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ინტელექტუალურ, პროფესიონალ კადრს არ სჭირდება და არ მოსწონს ყოველი ნაბიჯის კონტროლი და ყოველ 5 წუთში ახალი ინსტრუქციები.
-
დაგეგმვა
ალბათ, ფიქრობ, რომ გეგმაც შენ უნდა შეადგინო, რადგან შენ ხარ დამკვეთი, ხომ? თუ გეგმას შენ ადგენ, და მუშახელი არ აპროტესტებს, წინასწარ იყავი მზად პრობლემებისთვის. მას შემდეგ, რაც ზუსტად იქნება განმარტებული რა და როგორ უნდა გაკეთდეს, გეგმას ადგენს ის ადამიანი, ვინც სამუშაო უნდა შეასრულოს, ვინც იცის სამუშაოს სირთულე, საკუთარი ფიზიკური მონაცემი, ვისაც აქვს გამოცდილება. გეგმა დგება როგორც სამუშაოს, ასევე თანხის გადახდაზეც. გეგმები, შესაძლო, პრიორიტეტების მიხედვით დაიყოს მომავალში, ან შეიცვალოს, სამუშაოდ გამომდინარე. მუშახელს თუ საშუალებას მისცემ, თავად შეადგინოს გეგმა, ეს მის პასუხისმგებლობას გაზრდის. შეიძლება, გაგიჩნდეს კითხვა, თუ გეგმას მუშახელი ადგენს, საერთოდ რა საჭიროა მისი შედგენა? ამას მესამე წესიდან გაიგებ.
-
კონტროლი
როცა მუშახელმა იცის, სად იწყება მისი გასაკეთებელი საქმე და სად მთავრდება და დამკვეთმა იცის, რა გეგმის მიხედვით უნდა შესრულდეს სამუშაო, კონტროლი მარტივდება. შესაძლებელია, სამუშაო გაწერილი იყოს 3–5 დღეზე, ყოველდღიური კონტროლი სასურველია, რათა ზუსტად იცოდე, რომ მუშახელი გეგმის მიხედვით მიყვება საქმეს და გართულებებს არ უნდა ელოდო. ყველანი ადამიანები ვართ, დამკვეთიც და მუშაც, ვიღაცას შეიძლება დაბადების დღე აქვს, ვიღაცის შვილი დაქორწინდა, ვიღაცამ ცოლი მოიყვანა, ვიღაც ავად გახდა და შესაძლოა, გეგმიდან გადახვევაც გახდეს საჭირო, ამიტომაა ყოველდღიური კონტროლი საჭირო, რომ გეგმიდან გადახვევის შემთხვევაში, გეგმა დროულად განახლდეს და ინფორმირებული იყო.
და დაპირებისამებრ ერთი რჩევა:
თუ წინა სამ წესს გაითვალიწინებ და კონტროლის მექანიზმსაც ჩართავ, კარგად დააკვირდი საქმის დაგეგმვასაც, შესრულებასაც, პროფესიულ ეთიკას და სისუფთავესაც და მხოლოდ შეცდომებზე ნუ გაამახვილებ ყურადღებას, უთხარი კომპლიმენტი, მიეცი კარგი რეკომენდაცია.
სად უნდა მოვძებნოთ მუშახელი?
ვინც ყველგან ეძებს, ის შედეგამდე მხოლოდ „შემთხვევით“ თუ მივა. ზუსტად უნდა იცოდე, ვინ სად ეძებო.
თუ იქ ეძებ, სადაც ნებისმიერ საქმეს, ნებისმიერ ფასად გაგიკეთებენ, შედეგიც იქნება – ნებისმიერი – ასეთია „ჟანრის კანონი“.
თუ აქვეყნებ განცხადებას, რომ ეძებ მუშახელს, მაგრამ არ ასახელებ ხელფასს, დაგირეკავს ის, ვინც არ იცის თავისი საქმის, თავისი პროფესიონალიზმის ფასი, ან არ არის დარწმუნებული.
იდეალური ვარიანტია, მუშახელი მოძებნო იქ, სადაც არჩევანი და ადამიანური პირობებია, იქ, სადაც საათობით არ დგანან ქარსა და წვიმაში, თოვლსა და მზეში და არ ელოდებიან, როდის მიხვალ. გარდა ამისა, განცხადებაში გამოცდილების შესახებაც წერია, შესრულებულ სამუშაოებზეცაა ინფორმაცია და ქალაქების მიხედვითაც შეგიძლია არჩევა. ასევე, შეგიძლია გამოიყენო რეკომენდაციები, რომლებიც განცხადებების ბოლო წერია კომენტარების სახით.
რა ფასად შეგიძლია იპოვო დღიური მუშახელი და რა პირობებით?
დიახ, ფასი პირდაპირპროპორციულია პირობების, სამუშაო საათები, სამუშაოს სირთულე დამოკიდებულია ფასზე. სტანდარტული ფასი 50–100 ლარის ფარგლებში მერყეობს. ფასსაც და პირობებსაც კონკრეტულ მუშახელთან სატელეფონო საუბრით არკვევ და უთანხმებ. შემდეგ კი, როცა აარჩევ იმ მუშახელს, ვისაც საქმეს ანდობ, გადადიხარ იმ 3 ოქროს წესზე, რომელზედაც ზემოთ გესაუბრე.
დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ ასრულებს სამუშაოს. მაგალითად, მე შესაძლო დავთანხმდე 5 ლარად 100 ხინკალი მოვახვიო, მაგრამ შეიძლება ამ 100–დან 99 გაიხეს და ის ერთი გაუხეველი, ისეთი უშნო იყოს, ჭამა არ მოგინდეს. ნებისმიერი ტიპის სამუშაო უნდა შეასრულოს პროფესიონალმა, გამოცდილმა, პატიოსანმა ადამიანმა. აუცილებლად გადახედე კომენტარებს, იმ ადამიანთა აზრი, ვინც უკვე ისარგებლა მათი მომსახურებით, შენთვის გზამკვლევი იქნება და გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.
როგორ, სად უნდა იპოვო დამკვეთი, კლიენტი, ის, ვინც შენი შრომისთვის გადაგიხდის?
შენი შრომისთვის, შესაძლოა, ბევრმა გადაიხადოს, მთავარია, ანაზღაურება იყოს შრომის პროპორციული, რადგან შენც არ მოგიწიოს ქვეყნიდან წასვლა და სხვა ქვეყანაში მუშაობა. უნდა გქონდეს ადამიანური პირობები, რადგან უფრო ქმედუნარიანი იყო და ის საქმე, რაც იცი და აკეთებ, მეტი გულისყურით აკეთო. უნდა გქონდეს საშუალება, დაგეგმო სამუშაოც და დასვენების საათებიცა და დღეებიც.
მართე შენი შესასრულებული სამუშაოს პირობები, ანაზღაურება, სამუშაოს შესრულების დრო თავად, ტელეფონით და ინტერნეტით. განათავსე შენი გამოცდილების და პირობების შესახებ, იმ პლატფორმაზე, რომელიც სპეციალურად, ასეთი ტიპის განცხადებებისთვისაა შექმნილი და არა იქ, სადაც მხოლოდ შემთხვევით შეიძლება ნახოს ვინმე, რადგან როგორც უკვე ზემოთ დავწერე, პრინციპი იგივეა, შემთხვევით ნაპოვნი მუშახელის ხელფასიც „შემთხვევითი“ იქნება, უდიდესი ალბათობით.
კი, იქ, ბევრი მსგავსი განცხადება იქნება, შესაბამისად, კონკურენციაც მეტია, ცხადია და კარგია ეგ, სადაც კონკურენცია გინდ ხარისხის და გინდ ფასის, იქ ყოველთვის დამკვეთიც, მყიდველიც მეტია, არავინ მიდის მედიკამენტის საყიდლად პურ–ფუნთუშეულის საცხობში, ისევე, როგორც, არავინ წავა ავტომანქანის საბურავის გამოსაცვლელად სტომატოლოგიურ კლინიკაში.
შესულხარ ჯერ ერთ მაღაზიაში და მერე მეორეში, რათა ნახო, რომელ პროდუქტს რა ფასი ადევს? და აფთიაქში? – მე კი. იშვიათად ვინმემ რამე ისე იყიდოს, მათ შორის, მომსახურებაც, არ გაიკითხოს სხვასთანაც ფასი, არ დაინტერესდეს ხარისხზე. ხშირად გაგვიფიქრებია ხოლმე, აი, ამ ქუჩას რომ ჩაუყვები, ხუთი მაღაზია რატომ გახსნეს მიყოლებით, რაზე ფიქრობდნენ? ან იმ ქუჩაზე რატომაა სამი სხვადასხვა აფთიაქი? – იმიტომ რომ მოსახერხებლი იყოს არჩევა, თითქმის არავინ წავა მარჯვნივ, სადაც მხოლოდ ერთი მაღაზიაა, თუ მარცხნივ ხუთი მაღაზია და მეტი არჩევანი ელოდება, გინ ფასში, გინდ ასორტიმენტში და გინ ხარისხში. ეს პრინციპი მუშაობს ყველგან და ყოველთვის.
ამიტომ, სად? – პლატფორმაზე, რომელიც სპეციალურად მომსახურების სფეროსთვისაა შექმნილი, იმისათვის რომ მუშახელი და დამკვეთი, ხელოსანი და დამკვეთი, მასწავლებელი და მოსწავლე, მოკლედ რომ ვთქვათ, მეპურე და პურის მყიდველი დააკავშირსო.
როგორ? – გულწრფელად მოყევი რა იცი, რა გამოგდის კარგად, რისი გამოცდილება გაქვს, რომელ საათებში შეგიძლია მუშაობა – გულწრფელობა ყოველთვის შესამჩნევია და სასიამოვნო. არ დაგავიწყდეს აღნიშვნა რა ფასად რა სამუშაოს შეასრულებ, ეს კომუნიკაციას გაგიადვილებს.
რა უნდა გააკეთო კარგი რეკომენდაციების მისაღებად? – არაფერი განსაკუთრებული, ის, რაც ყოველთვის, ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში ფასდება – პროფესიონალიზმი, პატიოსნება, სასიამოვნო და თავაზიანი კომუნიკაცია.
კომენტარები