წავიკითხე, რომ ინგლისურად მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი საუბრობს, 1.3 მილიარდი და მათგან, მხოლოდ 370 მილიონისთვისაა ის მშობლიური ენა. ერთი შეხედვით, რთული სასწავლი რომ იყოს, მილიარდამდე ადამიანი, ვისთვისაც ის მშობლიური ენა არაა, ხომ ვერ ისწავლიდა? მილიარდამდე ადამიანმა თუ ისწავლა, შენ როგორ ვერ უნდა ისწავლო? – ვეკითხები 43 წლის საკუთარ თავს სარკეში.
ამ დროს დამირეკა მეგობარმა გურიიდან:
–როგორ ხარ?
–როგორ ვიქნები? – ვუპასუხე მეც გურულად. ასე ვიცით, გურულებმა, კითხვას ყოველთვის კითხვით ვპასუხობთ, მაგალითად, თუ მკითხა – სად ხარ? ვპასუხობ: – სად ვიქნები? თუ მკითხა: – რას შვრები? ვპასუხობ: – რას ვიზამ? – იქეთ ვადებთ ვალს, იქეთ ვაგდებთ უხერხულში.
–როგორ იქნები და კარგად, – ცდილობს ვალი არ დაიდოს.
–კარგად რანაირად ვიქნები, იცოდი, რომ 1,3 მილიარდი ადამიანი საუბრობს ინგლისურად? და მე რომ არ ვარ იმ 1.3 მილიარდში ხომ იცი?
რა გზა ჰქონდა, შეწუხდა და ჩემ შვილს ინგლისურის კარგი მასწავლებელი რომ ჰყავს, ხომ იციო, ვიცოდი, მაგრამ საიდან უნდა ვიცოდე–თქო და გადავდე ტელეფონი და სანამ მეხუთედ მომიყვა როგორ ვერა და ვერ დააინტერესა შვილი ინგლისურით, ვერც თავად, ვერც სკოლამ, როგორ ჩაუგდო მერე მეზობელმა ლინკი, სადაც ინგლისური ენის პედაგოგების საკონტაქტო ინფორმაციებია, როგორ აარჩია იქ ერთი მასწავლებელი და როგორი კმაყოფილია ახლა ისიც, დედამთილიც და შვილიც, მანამდე მე ყავა გავიკეთე.
–ზურა რას ამბობს? – ზურა ქმარია ამ ჩემი მეგობრის.
–ზურაც შოკირებულია, ასე სწრაფად, ასე კარგად თუ ისწავლიდა ჩემი შვილი ინგლისურს, მაგას ვიფიქრებდიო?
–ზურამ იცის ინგლისური?
–არა, საიდან?
–აბა, როგორ მიხვდა, კარგად ისწავლა, თუ ცუდად?
–როგორ და, ამ ზაფხულს ტურისტები იყვნენ ჩამოსულნი, მაინცდამაინც ჩვენ მოგვადგნენ კითხვებით და იქეთ ისინი იძახდნენ the, the-ს და აქედან ჩვენ ვპასუხობთ: – „კაჭაჭში კჭკაჭი ჭიანჭველას არ აჭაჭანებს“ და „ჭია ჭიჭინაძე ჭიშკართან ჭრიჭინას ჭრილობას ჭინჭრით უხვევდა“–ს. ისეთი საცოდაობა ტრიალებდა, ენით ვერ აღვწერ და ამ დროს გაგვახსენდა ეს ჩვენი ინგლისურმასწავლებლიანი შვილი, დავუძახეთ და ელაპარაკა. რომ წავიდნენ ტურისტები, ზურამ, მე იმ უცხოელებს არ ვაშორებდი თვალს, ჩვენი ბიჭი რომ ელაპარაკებოდა და სახეზე გაოცება სულ არ ემჩნეოდათ, ესე იგი, იგებდნენ რას ეუბნებოდა ეს მამაძაღლი, ესე იგი, კარგად უსწავლია, რაკი იგებდნენ და პასუხობდნენო.
–ზურას ხომ ისევ მაღაზია აქვს? იქ არ შედიან ტურისტები?
–კი, მაგრამ იქ თითის გაშვერით მუშაობს, რისკენაც გაიშვერენ ხელს, იმას აწვდის. ერთ დილით, ვინც შესულა, ყველას 100 ლარიანი ჰქონია და იმდენი ხურდა დააბრუნა იმდენჯერ, რომ მხოლოდ 100 ლარიანები დარჩა. შესულა ტურისტი, იყიდა რაღაცა და მისცა ზურას ისევ 100 ლარიანი. უყურებს ზურა ამ 100 ლარიანს და არ იცის, როგორ უთხრას, რომ ხურდა არ აქვს. No – ვიცოდი, მაგრამ რა No – ეგ აღარ ვიცოდიო და რამდენი წუთი შეიძლება ახლა ამ 100 ლარიანით ხელში იდგე და მიაშტერდე ტურისტს, რომელმაც შეინახა უკვე ჩანთაში რაც მიყიდე და ხურდას ელოდება. რამდენადაც შემეძლო დავღრიჯე სახე და წაგრძელებით ვთქვი: – აუუუუუ, თან ვეცადე ამ აუ–ში დიდი ტანჯვა და დარდი ჩამექსოვებიაო. წარმოიდგინე და მიმხვდარა ეს ტურისტი, გაუცინია, სულ ოქეი, ოქეი უძახნია, გამოართვა ეს 100 ლარიანი და მისცა 50 ლარიანი. რად გინდა, არც ამის ხურდა აქვს. წინაზე მეტად დავიღრიჯე და: – აუუუუუ, – მეტი თავგანწირვით დავიყმუვლეო. ამოუქექია ყველა ჯიბე ტურისტს და ზუსტად მიუცია თანხა. კი გააქვს ასე მაიმუნობით თავი, მაგრამ ახლა შვილს დაპირდა, რაკი შენ ინგლისურად თემების წერა დაიწყე, მეც ვისწავლი ინგლისურს, რომ შენი დაწერილი თემები, ინგლისურადვე წავიკითხოო.
–ლიაკო რას ამბობს? – ლიაკო ჩვენი დეტექტორია, შეთავსებით კი, ჩემი მეგობრის დედამთილიც. ყველაზე ყველაფერი იცის, ზოგჯერ იმაზე ადრეც კი, ვიდრე მან, ვისზეცაა ამბავი.
–შენ წარმოდგინე და ძალიან მოსწონს, მარტო იმას ვერ ეგუება, უშაქრო ყავას რომ სვამს ეს ჩვენი მასწავლებელი. რამდენჯერაც ყავას ვუკეთებ, იმდენჯერ მოვა და მკითხავს: – შაქარი? სულ არა? ცოტა მაინც ჩავუყაროთ, სირცხვილია, – მეტყვის და სახეზე მიიდებს გაშლილ ხელისგულს, აქაოდა, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმაო.
–და ბავშვი რას ამბობს? მოსწონს?
–ნეტავი, აქამდე რაში და რატომ მიწერდა მასწავლებელი ნიშანსო. მოსწონს რომელია, სკოლის მასალა თითქმის სულ გავიარეთ უკვე, ეროვნული გამოცდებისთვის დავიწყებთ ახლა მზადებას, მერეც უნდა გავაგრძელებინო, IELTS და TOEFL ტესტირებისთვის, და ბიზნეს და სამედიცინო ტერმინებიც უნდა გავატარო, ან ბიზნესის მართვა უნდა ვისწავლო და ან ექიმი უნდა გამოვიდეო და კი გვაქვს ჯერ დრო და ისწავლოს ორივე. და შენ რად გინდა ინგლისურის სწავლა?
–რად უნდა მინდოდეს?
მოვრჩი საუბარს და დავფიქრდი, აი, მართლა რად უნდა მინდოდეს კი არა, რად არ უნდა მინდოდეს? რამდენ ფილმს ვნახავდი ორიგინალში, რამდენ წიგნს წავიკითხავდი ასევე ორიგინალში, რამდენ პროფესიულ ინფორმაციას გავეცნობოდი, წერაც რომ კარგად ვისწავლო, საერთოდაც, საქართველოდან ვიმუშავებდი უცხოეთში, რომელიმე ინგლისურენოვან გამოცემაში ჟურნალისტად, ბლოგერად, თარგმანშიც ვსინჯავდი ბედს. რაღა უცხოეთში მუშაობა, საქართველოშიც, ლამის ყველა ვაკანსიაზე ენების ცოდნას ითხოვენ. იცი ბუღალტერია, ბუღალტრული პროგრამა, რიცხვები და ციფრები? – კარგია, მაგრამ უი, ინგლისურიც უნდა იცოდე. –ექიმი ხარ? – “ინგლისურადაც” უნდა ჩაატარო ოპერაცია. – დიზაინერი ხარ? – ინგლისურადაც უნდა ხატავდე. ჯარისკაცი მყავს მეგობარი, ინგლისურენოვანი გამოცემისთვის, სამხედრო თემაზე წერს მასალებს, თუ განვითარება და პროფესიული სიახლეებისთვის თვალის დევნება, თუ ტექნოლოგიები გინდა, თუ ხელფასი გინდა, კარგი ხელფასი კი არა, საერთოდ თუ გინდა ხელფასი, უნდა იცოდე ინგლისური. ასეა და რამდენიც უნდა ვიკამათოთ, რატომაა ასე, მოგვწონს, თუ არა, ეს ფაქტს არ ცვლის.
გადავწყვიტე, მეც ვისწავლო.
მივადექი ჩემ შვილს, რომელმაც კარგად იცის ინგლისური, მაგრამ მას არ სჯერა, რომ იცის, მაგალითად, ამას წინათ, უნივერსიტეტში, გასაუბრების შემდეგ, შესთავაზეს, ინგლისურში ერთი საფეხურით ზემოთ გააგრძელე სწავლა, ახლა რა საფეხურსაც გადიხარ, ეგ უკვე იციო და აღშფოთდა, რას ამბობთო, თქვენ მე ახლა რაღაცა საუბრით რომ შემაფასეთ, ხომ არ იცით, როგორ ვწერ და ბევრად იმაზე ცუდად ვწერ, ვიდრე ვსაუბრობ და რა საფეხურზეც ვარ, ეგ საფეხური უნდა ვისწავლო ჯერ საფუძვლიანადო. ვიფიქრე, მასწავლიდა ცოტ–ცოტას, მოკრძალებულად, წკეპლის გარეშე. ეტყობა, მძიმე ბავშვობა გამოვატარე და ჯავრი იყარა, იმდენი სასწავლი მომცა პირველივე გაკვეთილზე, სჯობდა დავეხვრიტე.
შევწყვიტე შვილ–რეპეტიტორთან მეცადინეობა და უშაქროდ დავიწყე ყავის დალევა იმ მასწავლებელივით, ასე ინგლისური ვერ ვისწავლე, მაგრამ 5 კილო კი დავიკელი.
დავიწყე მეც იმ საიტზე პედაგოგის ძებნა, იცოდით, რომ ინგლისურის შესწავლის არაერთი მეთოდი არსებობს? – PPP, ESA, TTT, CAP, The Task-Cycle, Dogme და კიდევ არაერთი. ზოგი ინვოციური მეთოდებით მპირდება შესწავლას. ვარჩევ მეთოდებს უკვე თვეზე მეტია და სარკიდან ჩემი 43 წლის თავი აქეთ მელაპარაკება უკვე: – აიღე ტელეფონი და დარეკე, დარეკე და კითხე ფასი, აუხსენი რისთვის გინდა, აუხსენი რა არის მიზანი, რას გინდა მიაღწიო და თავად გეტყვიან, რომელი მეთოდით უნდა ისწავლო, ვისაც სასაუბრო ინგლისური უნდა, მისთვის სხვა მეთოდი აქვთ, ვისაც სრულფასოვნად უნდა წერა–კითხვის სწავლა, იმისთვის კიდევ სხვა, ვიღაცა სამაგისტრო გამოცდებისთვის ემზადება, ვიღაცას ბიზნეს ან ეკონომიკის ტერმინები უნდა რომ იცოდეს, ვიღაცას ონლაინ უნდა სწავლა, ვიღაცას ჯგუფთან ერთად, ვიღაცას ინდივიდუალურად, – მადლისთვის, ყველას საკონტაქტო მონაცემი ერთ საიტზეა თავმოყრილი, უბრალოდ, აიღე ეტელეფონი ხელში და დარეკე.
ხოდა, დავრეკავ. ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდეს, Peoооple!
დავრეკავ, ავარჩევ მასწავლებელს, მეთოდს, ფორმატს და ვისწავლი. ვისზე ნაკლებად ვარ 43 წლის, 9 თვის რომ ვიყავი, ფეხზე გავლაც რაღაცა სასწაული მეგონა და 3 წლის რომ ვიყავი, ქართულად წერა–კითხვა ისე რთული მეჩვენებოდა და გამრავლების ტაბულა? მენდელეევის ცხრილი და შუშანიკის წამება მაქვს ნასწავლი, ინგლისურის „დაქრაშვა“ რანაირად უნდა გამიჭირდეს ისე, რომ არავინ „დამქრინჯოს?“
შენ კი, თუ მოგეწონა რაც ახლა წაიკითხე, „დაკლიკე“, „დაალაიქე“, „ლინკი“ „გააშეარე“ და შენი ინგლისურის „მასწი“ „დათაგე“, ოქი?
კომენტარები