ქვეყანაში შექმნილი ფინანსური კრიზისული ვითარების შესახებ, „ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, მარიკა არევაძე.
– მარიკა, ქართულმა ბანკებმა, კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისა და მისგან გამოწვეული შედეგების გამო, კრედიტორებს 3 თვიანი შეღავათიანი პერიოდი დაუწესეს. თუმცა, ზოგიერთმა ბანკმა ეს შეღავათი მხოლოდ ფიზიკურ პირებს დაუწესა და იურიდიულ პირებს არ შეეხოთ. არადა, ტურისტული და სხვა სახის ბიზნესი ძალიან მძიმე დღეში ჩავარდა. მათ ბანკებიდან სოლიდური სესხი აქვთ აღებული, რომლის გადახდასაც, ამ ეტაპზე და აქამდე არსებული გრაფიკით, უმეტესობა ვეღარ შეძლებს.
– სულ რამდენიმე დღის წინ, პეტიცია გავაკეთე სოციალურ ქსელში საბანკო (არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების) სექტორის მიმართ, რომ ხალხზე და მეწარმეებზე სესხებთან დაკავშირებით მაქსიმალური შეღავათები გაეწიათ შექმნილი ვითარების გამო. ცხადია, ვიცოდი, რომ ამის საჭიროება დადგებოდა. გლობალური ეკონომიკური კრიზისია და ამას საქართველო ვერ გაექცეოდა, ჩვენც შეგვეხებოდა. რაც შეეხება ბანკების განცხადებებს, რომ სესხებს 3 თვით გადაუვადებენ მომხმარებლებს, ეს კარგია. თუმცა, უნდა გადაუვადონ ისე, რომ სესხს შემდგომში პროცენტი არ დაემატოს და კიდევ დამატებით ტვირთად არ დააწვეს გადამხდელს. თუ მეტ სიცხადეს შეიტანს ყველა ბანკი თავიანთ ინიციატივაში, მკაფიოდ განმარტავენ, დაერიცხება თუ არა ამ სამ თვიანი საშეღავათო პერიოდის შემდეგ ხალხს სესხებზე პროცენტი, ძალიან კარგი იქნება. მეტიც, ეს აუცილებელია. იმ ბანკებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ შეღავათებს მხოლოდ ფიზიკურ პირებს გაუწევენ, ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ. დაზარალდა მცირე და საშუალო ბიზნესი. ტურისტული სააგენტოები, რესტორნები, ტურიზმზე მიბმული ყველა სახის ბიზნესი გაჩერებულია. არადა, ტურიზმი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი სეგმენტია. ცხადია, მათ უნდა მიეცეთ საშეღავათო პერიოდი საბანკო სესხების გადახდაზე. ეს უნდა გააკეთოს ყველა ბანკმა. ასევე, მიკროსაფინანსო ორგნიზაციებმა და ონლაინ–საკრედიტო დაწესებულებებმა. ყველა საკრედიტო დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და გადაუვადონ მათ შენატანები. კარგი იქნება, თუ ყველა სახის სესხს შეეხება შეღავათები რადგან მარტო ტურიზმი და მასთან მიბმული ბიზნეს–სფეროები არ დაზარალებულა. ფაქტიურად, ყველა სახის ბიზნესს შეეხო. სხვაგვარად არც შეიძლება, რადგან ხალხს, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შეექმნა პრობლემები, მათ შემოსავალზე იმოქმედა პანდემიამ.
აქვე მინდა დავამატო, რომ ადამიანები და მეწარმეები პანიკაში ნუ ჩავარდებიან, თუ რომელიმე დაწესებულება მათზე არ გაავრცელებს შეღავათებს. ამ შემთხვევაში მათ დაიწყონ იურიდიული მექანიზმებით სარგებლობა და ფორს-მაჟორულ გარემოებაზე მითითებით წერილობით შეატყობინონ კრედიტორებს, რომ დროებით ვეღარ ახერხებენ ვალდებულების შესრულებას. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უპირობოდ გათავისუფლდებიან ვალდებულებების შესრულებისგან, თუმცა ამ გზით ინდივიდუალურად დაიწყებენ პრობლემის მოგვარებას, ნაკლები დანაკარგებით.
– საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ. 4 ნომრიდან 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის, სულ 2000 სასტუმროს, 6 თვის განმავლობაში ბანკების სესხების საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო დაფარავს. კიდევ რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ?
– ეკონომიკური მიმართულებით რჩევების გაცემას მე ვერ შევძლებ, თუმცა ამ მიმართულებით მეც მაქვს კითხვები. რას ნიშნავს გადავადება, როცა საქმე ეხება გადასახადებს (საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებს)? ჩვენ ვართ საკმაოდ რთული ვითარების წინაშე, იმ შემთხვევაშიც თუ უახლოეს პერიოდში პანდემია იქნება დაძლეული და ვირუსი დამარცხებული, როგორ ფიქრობთ, მეწარმეები ორ ან სამ თვეში შეძლებენ ფეხზე დადგომას? ან შემდეგ უკვე გადავადებული და მიმდინარე გადასახადების ერთად გადახდას? ვფიქრობ ეკონომიკური გუნდისგან უნდა მოდიოდეს უფრო რეალისტური შეღავათები.
– ფაქტობრივად, ქვეყანაში ფორს–მაჟორული მდგომარეობაა, მაგრამ ოფიციალურად არ არის გამოცხადებული. ვფიქრობ, ხელისუფლებას ამის აღიარება მალე მოუწევს. რა მოხდება ამ შემთხვევაში?
– ჯერ მოდით, განვმარტოთ, რა არის ფორს–მაჟორი. ფორს–მაჟორი არის გარემოება, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელია და არ ექვემდებარება მხარეების კონტროლს. ანუ ჩემი გამოწვეული კი არ არის, თუ მე ვარ ხელშეკრულების მხარე, ჩემს კონტროლს არ ექვემდებარება, ისე მოხდა. ეს არის დაუძლეველი ძალა, რომელიც ხელშეკრულების ვადის გადატანის შესაძლებლობას იძლევა. ასეთი შეიძლება იყოს საომარი მდგომარეობა, პანდემია, ეპიდემია, მიწისძვრა, წყალდიდობა. ჩვენ გვაქვს პანდემია და ეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა. შესაბამისად, შინაარსობრივად, პრაქტიკულად, ვართ ფორს–მაჟორულ ვითარებაში. ფორს–მაჟორის გათვალისწინებით, შეიძლება ყველა სახის ვალდებულების დროებით გადატანა და ეს არ ეხება მხოლოდ საბანკო სესხებს.
– ეს კერძო პირებს შორის შეთანხმებებსაც ეხება?
– კი, ყველაფერს ეხება. არ თავისუფლდებით ვალდებულებებისგან, მაგრამ მისი გადავადება ხდება. ფორს–მაჟორში მოკლებული ხარ ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობებს.
– რა ვადით, რა პირობებით ხდება ამ ვალდებულებების გადავადება? ეს ვინ უნდა განსაზღვროს?
– ასეთ დროს უნდა იმოქმედოთ სწორად. დიდი ალბათობით, ხელშეკრულებაში ჩაწერილი უნდა იყოს ფორს–მაჟორული გარემოებები. თუ ასეთი მუხლი არსებობს, ფორს–მაჟორის დადგომიდან ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში, მხარემ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს, რომ ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს სწორედ ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის გამო. სახელშეკრულებო ვადები უნდა იყოს დაცული. თუ ხელშეკრულებაში ეს მუხლი არ არის, ფორს–მაჟორული ვითარება გათვალისწინებული არ არის, მაშინ მხარემ მაინც უნდა მოამზადოს წერილი, რომ ფორს–მაჟორის გამო ვერ ახერხებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ეს წერილი უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს. ორივე შემთხვევაში გაგზავნილი წერილების ერთი ასლი უნდა დაიტოვონ თავად, რაც საკუთარი თავის დაცვის მტკიცებულება იქნება.
– თუ მეორე მხარემ არ გაითვალისწინა ფორს–მაჟორი და მას, ვისაც ვალდებულებების შესრულება აკისრია ხელშეკრულებით, მაინც მოსთხოვა მათი შესრულება, სასამართლო დავამდე მივა საქმე?
– ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, საერთო სასამართლოში ან არბიტრაჟში დაიწყოს დავა, გააჩნია ხელშეკრულებით დავის რა მექანიზმზე არიან შეთანხმებულები მხარეები. დიდი ალბათობით, ფორს–მაჟორის გამო, ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს, არ დაეკისრება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო ან რაიმე სხვა სანქცია. თუმცა, რაც ზემოთ მოგახსენეთ, იმის გათვალისწინებით. აუცილებელია, დაზარალებულმა მხარემ, მეორე მხარეს ამის შესახებ შეატყობინოს წერილობითი ფორმით.
– თუ კერძო მევახშისგან პროცენტით აქვს ნასესხები ფული ადამიანს, თან იპოთეკური სესხი, ფორს–მაჟორში მასაც გადაუვადებენ თანხის გადახდას? კერძო მევახშეები ცოტა მძიმე კატეგორიაა, ისინი ძალიან კაბალურ ხელშეკრულებებს უფორმებენ თანხის მსესხებლებს, სადაც მათ ვალდებულებებზე სიტყვაც არ სწერია, მხოლოდ მსესხებლის ვალდებულებების ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი.
– ფორს-მაჟორული, დაუძლეველი ძალის პირობები ვრცელდება ყველა ვალდებულებაზე, თუ სახეზეა სესხის ან იპოთეკის ხელშეკრულება ე.წ. „კერძო მევახშესთან“, მაშინ აქაც წერილობით მიმართონ მოვალეებმა მევახშეებს. თუმცა აქ საგულისხმოა, რომ ამ კატეგორიის გამსესხებლები ბოლო პერიოდში და საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით აღარ აფორმებენ სესხის ხელშეკრულებების და ძირითადად აფორმებენ ნასყიდობა გამოსყიდვით უფლებით ხელშეკრულებებს. ეს გაცილებით რთული შემთხვევაა, თუმცა აქაც შეუძლიათ იგივე წესის გამოყენება. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის თავდაცვის პრევენციული საშუალება და ეს არ არის ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების უპირობო საფუძველი.
– ასეთ მძიმე ვითარებაში, რამდენად მოსალოდნელია, რომ ბანკებმა სესხები აღარ გასცენ არც კერძო და არც იურიდიულ პირებზე?
-დღეს ისეთი ვითარებაა მსოფლიო მასშტაბით, რომ არაფერია გამორიცხული.
– რა მოხდება, თუ საბანკო სექტორი ჩამოიშლება? არსებობს ამის რეალური საფრთხე? რა უნდა გააკეთონ ბანკებმა, რომ არ გაკოტრდნენ? არსებობს ამის პრევენცია?
– ამ კითხვაზე მე პროფესიულ პასუხს ვერ გაგცემთ, ვინაიდან ეს არ არის ჩემი სფერო. მაგრამ თუ ის მოხდა, რასაც მეკითხებით, გამოდის რომ ახალი მსოფლიოს ფორმირება დაიწყება.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №10
კომენტარები