მთავრობის გადაწყვეტილებით 4 დიდი ქალაქი 10 დღით დაიკეტა – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ბათუმი.
დღის მანძილზე უამრავმა ადამიანმა დატოვა დედაქალაქი – დასავლეთისკენ და აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზები გადატვირთულია და მანქანების კოლონას თვალს ვერ გააწვდენ.
პარალელურად – „ალიაში“ ზარება არ წყდება, ადამიანებს, რომელბმაც დღეს ვერ მოასწრეს რეგიონში წასვლა – აინტერესებთ – ჩარჩებიან დიდ ქალაქებში, თუ ხვალ და ზეგაც ექნებათ სოფელში წასვლის უფლება.
ამ ათი დღის მანძილზე ყველას აქვს რეგისტრაციის ადგილზე დაბრუნების უფლება – მაგალითად – ჩაწერილი ხართ ქუთაისში და თბილისში ხართ? – ნებისმიერ დროს (გარდა კომენდანტის საათებისა – 21.00-დან 06.00-მდე) შეგიძლიათ ქუთაისში დაბრუნება.
ან, თბილისში ხართ ჩაწერილი და ამ მომენტში ბათუმში ხართ? – ასევე, ნებისმიერ დასაშვებ დროს შეგიძლიათ დაბრუნდეთ დედაქალაქში, იმ მისამართზე, სადაც ჩაწერილი ხართ. ამიტომ საჩქარო არაფერია და არც თავპირისმტვრევით გაქცევაა აუცილებელი, მით უფრო, რომ მთავრობა სასაფლაოებზე გასვლას მაინც აკრძალავს.
რა თქმა უნდა, თუ თქვენ ჩაწერილი ხართ ბათუმში – ხვალ, ზეგ და უახლოესი 10 დღის მანძილზე – პრობლემა არ შეგექმნებათ ბათუმში ჩასვლაზე – მაგრამ, პრობლემა შეგექმნებათ ბათუმიდან გასვლაზე 10 დღის მანძილზე.
და იმ შემთხვევაში, თუ ამასობაში სიტუაცია გართულდა და რეგიონები ჩაიკეტა, პრობლემა შეგექმნებათ ამ ჩაკეტილი რეგიონის დატოვებაზე მის გახსნამდე.
თუ სიტუაცია გართულდა და რეგიონები 10 მაისამდე ჩაიკეტა?
რამდენად არის რეგიონის ინფრასტრუქტურა გათვლილი ამდენი ადამიანის მოვლა-პატრონობაზე?
წლების მანძილზე რეგიონში მცირდებოდა მოსახლეობა, მცირდებოდა შტატები, დიდ ქალაქებში იზრდებოდა მოსახლეობა და იზრდებოდა შტატები.
დიდ ქალაქებს, საჭიროების შემთხვევაში აქვთ იმის რესურსი, ჰყავთ იმდენი ძალოვანი მოსამსახურე, რომ აკონტროლონ დისტანციის დარღვევის ფაქტები – რეგიონებს ხალხის ასეთი მასობრივი მატების შემთხვევაში, ფიზიკურად ძალა არ ეყოფათ სოფლების და ქალაქების გასაკონტროლებლად – დასჭირდებათ დამატებითი ძალის გადასროლა თბილისიდან, რომლისთვისაც, ცალკე შენობის გამოყოფა იქნება საჭირო და რაც მთავარია – ამ „გადაწყობას“ დასჭირდება დრო, რომელიც, როგორც მთავრობა გვეუბნება, არ გვაქვს.
დავუშვათ, ავიღოთ ქუთაისი – სადაც, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ჩავიდა. ქუთაისის საავადმყოფოები, მაღაზიები, აფთიაქები, ძალოვანი სისტემა – გათვლილი იყო აქამდე იქ მაცხოვრებელ ადამიანებზე და აღდგომისას რამდენიმედღიან გადატვირთვას უძლებდა – მაგრამ, თუ რეგიონი ჩაიკეტება და ეს ადამიანები იქ დარჩებიან – შეძლებს ქუთაისი მინიმუმ 10 მაისამდე ამდენი ადამიანის მოვლას?
ისედაც, გართულდება ახლა საგანგებო მდგომარეობის დროს, რეგიონში კონტროლი, არ იყო გათვლილი ამდენი ძალოვანი სოფლების გასაკონტროლებლად, მაქსიმუმ კონფლიქტის დროს გამხდარიყო საჭირო – ახლა, დისტანციაც უნდა აკონტროლოს და პლუს დამატებული ამდენი ადამიანი.
და რატომ ვუშვებთ ადამიანებს იქ, სადაც არ გვაქვს კონტროლის ფიზიკური ძალა?
ამ კითხვაზე სამწუხაროდ, მთავრობას პასუხი არა აქვს, ისევე, როგორც გაუგებარია, რას ემსახურება დედაქალაქის დაცლა. მხოლოდ დედაქალაქშია ვირუსის გავრცელების საფრთხე? განა დედაქალაქი ყველაზე უკეთ არ კონტროლდება? განა სოფლები ყველაზე ცუდად არ კონტროლდებოდა აქამდეც?
განა, შიდაგადაცემის უმრავლესობა რაიონებში არ მოხდა ორმოცებსა და დაბადების დღეებზე? წლისთავებსა და ქორწილებში?
განა, რაიონის საავადმყოფო არ იყო, საიდანაც პაციენტს ვირუსი გადაედო?
აქვს იმის საშუალება რაიონებს, გინდ ექიმის და გინდ ძალოვანის მხრივ – დისტანციები დაიცვას და გავრცელების შემთხვევაში, მოქალაქეთა ამდენად გაზრდილი რიცხვის პირობებში სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს? – ამას დრო გვაჩვენებს და გაგვიხარდება, თუ „ალიას“ პროგნოზი არ გამართლდება.
რაც შეეხება მეორე მოდელს – არ ჩაიკეტა რეგიონები და მივეცით დაბრუნების საშუალება – როგორ ვაკონტროლებთ უკან დაბრუნებულებს? – თერმოსკრინინგით? თერმოსკრინინგი უცხოური სიტყვაა და ნიშნავს სიცხის გაზომვას. ვირუსის მატარებელთა უმრავლესობას კი სიცხე შეიძლება მაღალი სულაც არ ჰქონდეს!
არ დაგავიწყდეთ რომ ეს ქართული პირბადეებიც კი, ჯერ თბილისში დარიგდა და როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა – მოგვიანებით დარიგდება რეგიონებში, იმ რეგიონებში – სადაც ახლა იმაზე მეტი მოქალაქეა, ვიდრე დედაქალაქში!
პ.ს. რაც შეეხება სასაფლაოების ჩაკეტვას – ხელისუფლებას ავიწყდება ერთი მარტივი რამ – სოფლების უმრავლესობაში გზა ისეთ ცუდ დღეშია, სასაფლაომდე მისასვლელი სამანქანო გზა აღარც კი არსებობს ზოგან. სათითაოდ გავლენ და იქ შემმოწმებელი არავინ იქნება.
თამო კეშელავა, „ალია“
კომენტარები