რამდენად საზიანოა კორონავირუსის ახალი შტამი, რომელის პირველი შემთხვევა საქართველოში დღეს დაფიქსირდა?
როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, აღნიშნულ შტამს, სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, დაახლოებით, 60-70%-ით უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს.
„ამ ვირუსის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ეს შტამი გარკვეული კრიტერიუმებით განსხვავდება ადრე მოცირკულირე ვირუსის შტამებისგან. კვლევა გრძელდება და ჯერ მისი ყველა თვისება არ არის დადგენილი. დადგენილია ერთი – ეს ვირუსი გადაეცემა უფრო იოლად და შესაბამისად, მეტ რისკს წარმოადგენს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით.
მას, დაახლოებით, 60-70%-ით უფრო მეტი გადამდებობა ახასიათებს. ამ შტამის სიკვდილიანობა უფრო მეტი არ არის, ვიდრე იყო ჩვეულებრივი შტამის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რჩება გაურკვეველი ერთი საკითხი, როგორ ურთიერთობა ექნება ამ შტამსა და ვაქცინირებულ ადამიანებს ერთმანეთთან“,- განაცხადა ცერცვაძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
“ალია” აქვე შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძე ამ ეტაპზე ერთადერთია, რომელიც ღიად სვამს კითხვას – იმოქმედებს თუ არა ვაქცინა ახალ შტამზე!
იმედია, ამ კითხვას იქამდე გაეცემა პასუხი, სანამ მილიონებს გადავიხდით ვაქცინაში.
კომენტარები