ცნობილი გახდა, რომ ყვარელში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირი 1972 წელს დაბადებული შალვა მელიქიშვილია.
ის თელაველი მზარეულია, რომელიც რესტორან „ძველ თელავში“ მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, მას ერთ-ერთ ბანკში სესხი ჰქონდა აღებული, რომელსაც ვეღარ იხდიდა და ბანკმა მისი კუთვნილი სახლის აუქციონზე გატანა გადაწყვიტა.
შოთა დემინაშვილი, იმ სასტუმროს მფლობელი, სადაც დაკავებული, 49 წლის შალვა მელიქიშვილი წლების განმავლობაში მზარეულად მუშაობდა, “პრაიმტაიმთან” ამბობს:
“მელიქიშვილს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა.“
შოთა დემინაშვილი “კურიერთანაც” საუბრობს და ამბობს:
“კარგი პიროვნება იყო, კარგი პროფესიონალი, მაგრამ მაგას ჰქონდა ერთი ნაკლი. იშვიათად დალევდა მაგრამ რომ დალევდა ორი თვე “ზაპოი” ჰქონდა. როცა “ზაპოი” აქვს, უკვე ვერავის ვეღარ იტანს და სულ “სპორი” აქვს ყველასთან. ისე ანგელოზივით კაცი იყო, მაგრამ როცა “ზაპოი” ჰქონდა უკვე ეჯავრებოდა ყველა, აგრესიული ხდებოდა. შემჩნეული არ იყო ქურდობაში, ყაჩაღობაში, მაგრამ რომ დათვრებოდა, რას აკეთებდა უკვე აღარავინ აღარ იცოდა”
შალვა მელიქიშვილი “საქართველოს ბანკის” ყვარლის ფილიალში გუშინ შეიჭრა, აიყვანა მძევლები, ის სამართალდამცველებმა სამსაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ აიყვანეს. გამოძიება მას ტერორიზმს, ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანას და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას ედავება.
კომენტარები