ანი დვალიშვილი
„მოდის, რევოლუცია მოდის“ – ცნობილი ფრაზა ცნობილი ფილმიდან, ახლა, როგორც არასდროს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ისეთი აქტუალურია. ოპოზიციურ კულუარებში არავინ მალავს, რომ მოქმედი ხელისუფლების დამარცხების ერთადერთ გზად სწორედ რევოლუცია რჩება და რაც მთავარია, ამ გზით ხელისუფლების შეცვლა არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, არამედ ახალ წლამდე უნდა მოხდეს. ერთი შეხედვით, არაფერი მოასწავებს იმას, რომ ხალხი ქუჩაში რევოლუციისთვის გავიდეს, ყოველ შემთხვევაში, ის ოდენობა მაინც, ასეთი საქმეებისთვის რომ არის საჭირო, მაგრამ წინ ერთ-ერთი უმთავრესი გადაწყვეტილება გველოდება – უნდა გაირკვეს, გვაძლევენ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და თუ არ მოგვცემენ, ხალხი ქუჩაში გამოვა და მერე ოპოზიციამ ეს ყველაფერი სათავისოდ უნდა გამოიყენოს.
კულუარულად იმასაც ამბობენ, რომ ამ საქმისთვის დაახლოებით 200 კუნთმაგარი ნაც-აქტივისტი, სპეციალურ მომზადებას გადის და მათ ის ხალხი ამზადებს, ვინც უკრაინაში მაიდანი მოაწყოო. „ოცნების“ კულუარებში იმასაც ამბობენ, ეს ხალხი პოლონეთში, ამერიკულ ბაზაზეა და იქ ემზადებიანო, თუმცა ამის დამადასტურებელი არც რაიმე დოკუმენტი არ არსებობს და შესაბამისად, ხმამაღლა იმის მტკიცება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოში რევოლუციის მოსახდენად დივერსანტებს ამზადებს, არამართებულია და შესაძლოა, სულაც „ოცნებიდან“ სპეციალურად გამოგდებული ჭორი იყოს. ფაქტი ისაა, რომ ამის შესახებ აქტიური საუბარი მიდის სახელისუფლებო გუნდში და ეს უკვე დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ორი ათეული ადამიანი, პოლონეთში სწორედ იმიტომ არის ჩასული, ეგებ სადმე ვინმეს ან რამეს მიაგნოს და ფაქტები დაიდოს. საუბარი იყო უკრაინაზეც, თითქოს მზადებას 200 კაცი არა პოლონეთში, არამედ უკრაინაში გადის, მაგრამ ეს ქვეყანა დღეს ისეთ მდგომარეობაშია, სადმე რაიმე დამატებითი ბაზის არსებობა, რუსებს არ გამოეპარებოდათ და განგაშის ზარებს შემოჰკრავდნენ.
გასულ კვირას, „ოცნების“ პარტიულ ლიდერთა შეხვედრაზე, პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ღიად განაცხადა, რომ არაერთი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი, სოციალურ ქსელში ზედმეტად აქტიურობს, ოპოზიციას უჭერს მხარს და პარტიის ლიდერებს მოურიდებლად ლანძღავს. განსაკუთრებით ეს ძალოვანი უწყებების ოჯახის წევრებს ეხებათ და როგორც გვეუბნებიან, სექტემბრის ბოლოსთვის, არაერთი სერიოზული თანამდებობის პირი (საუბარი რეგიონის სამმართველოს უფროსებზეა) თანამდებობას მშვიდად დატოვებს და ამის მიზეზი სწორედ ოჯახის წევრების მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარებია. საქმე არამარტო შოვის ტრაგედიას ეხება, როცა განსაკუთრებული შეტევა ირაკლი კობახიძეზე განხორციელდა. სხვა შემთხვევებშიც, კონკრეტული ადამიანები „ოცნების“ ლიდერებს არ სწყალობდნენ, უშვერი სიტყვებით აგინებდნენ და ამ დროს მათი მამა, ქმარი, ძმა თუ და, მაღალ თანამდებობას იკავებს. თუ პირს არ შეუძლია ოჯახის წევრებს სთხოვოს თავის შეკავება, ე.ი. არ შეუძლია მართოს ესა თუ ის სამსახურიო, ფიქრობენ „ოცნების“ ზედა ეშელონებში.
დასვენების მიუხედავად, ძალიან აქტიურად მუშაობს მმართველი გუნდის შიდა ჩატი და ასეთი რამდენიმეა – მთლიანი უმრავლესობისთვის, ცალკე ლიდერებისთვის, ცალკე ლიდერებთან დაახლოვებული პირებისთვის და ერთი-ორჯერ, ვიღაცებს რაღაცები აერიათ, სხვა ჩატში მიიწერეს და ამას საქმის სერიოზული გარჩევები მოჰყვა. თუმცა, სიტყვაზე გვენდეთ, რომ საშემოდგომო სესიის გახსნის დროს, მმართველი ძალა ისეთ ერთიანობას გამოხატავს, როგორიც არასდროს ჰქონია. ყველა კარგად ხვდება, რომ ხელისუფლება ახლა ბეწვის ხიდზე გადის და ერთმა, თითქოს უნებლიე და უმნიშვნელო შეცდომამაც, შესაძლოა ყველაფერი წყალში ჩაყაროს. ამის შედეგი იყო იგივე კობახიძის ბოდიში და აბა გაიხსენეთ, „ოცნების“ თავმჯდომარეს, აქამდე საჯარო ბოდიში როდის მოუხდია? ვერ გაიხსენებთ, იმიტომ, რომ ეს პირველი შემთხვევაა. აქედანაც ჩანს, რომ „ოცნება“ წამსვლელია ყველაფერზე, ოღნოდ ქუჩაში ხალხი არ გამოვიდეს.
რაც შეეხება ოპოზიციას. ერთი შეხედვით, ისინი კმაყოფილი არიან იმითი, რაც ხდება, ანუ ხელისუფლების გასაშავებლად საშემოდგომო სესიისთვის ბევრი რამ აქვთ დაგროვილი და მთავარი საჯილდაო ქვა შოვის ტრაგედიის გამოსაძიებელი კომისიის შექმნის მოთხოვნა იქნება. უარის შემდეგ (და ხელისუფლება აუცილებლად უარს იტყვის), ოპოზიცია პირდაპირ დაადანაშაულებს „ოცნებას“ მომხდარში და გადადგომას მოითხოვს. ამასთან ერთად, ოპოზიციის ლიდერები შინაგანად თავს აჯერებენ, რომ მაიდნის მოწყობა მართლაც რეალურია, მაგრამ ისინი, ზუსტად ერთი წლის წინაც აჯერებდნენ თავს, რომ დასავლეთი ახალ ძალას ქმნიდა, რომელიც ხელისუფლებას ჩაანაცვლებდა, სათავეში ოპოზიცია კოალიციური მთავრობით მოვიდოდა და მაშინ თანამდებობებიც კი ჰქონდათ გადანაწილებული. ვინ იცის, ეგებ ეს 200-კაციანი დესანტის ევროპაში მზადების ამბავიც ერთი დიდი ტყუილი იყოს და მაშინ გამოვა, რომ ოპოზიცია არჩევნებზე „ოცნების“ წინააღმდეგ, კვლავ წაგებულ ბრძოლაში უნდა შევიდეს…
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გააქტიურებას კვლავ ცდილობს ოპოზიცია, აგერ, მის მიერ დაქირავებული ექიმებიც ამბობენ, მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებაო, მაგრამ ამ ყველაფერმა ბოლოს ისეთი არასერიოზული სახე მიიღო, რომ მიშას მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ მისი ცუდად ყოფნის და ამ მიმართულებას დიდი პროტესტის აგორებისთვის, მომავალი აშკარად არ აქვს. ბევრს ეცადნენ თავის დროზე, სააკაშვილის გონების დაკარგვის კადრებიც გამოიტანეს, მაგრამ პროტესტი ისეთი მასშტაბის მაინც არ გამოვიდა, როგორიც დაგეგმილი იყო. სამაგიეროდ, როგორც კი რევოლუციის სუნს იგრძნობს, სააკაშვილი აუცილებლად მოვა ფერზე და აუცილებლად გააქტიურდება. რეალურად, დღევანდელი გადმოსახედიდან, მიშაა ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელსაც საქართველოში და გარეთ ყოფნის შემთხვევაში, სიტუაციის რადიკალურად შეცვლა შეუძლია, თუმცა მის გარეთ ყოფნას ძალიან დიდი კითხვის ნიშანი უსვია და სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, მისი შეწყალების შემთხვევაშიც კი, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ მიშა გარეთ გამოუშვან. რატომ? ჯერ ერთი იმიტომ, რომ საქმე კვლავ ძიებაშია და მეორე იმიტომ, რომ ახალი ბრალდებები ირაკლი შოთაძის უწყების თაროებზე მრავლად დევს და საქმეებს მხოლოდ თარიღის დასმა აკლიათ…
საქსტატის ინფორმაციით, გასულ ორ კვარტალში, საქართველოში უცხო ქვეყნებიდან 2.5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, საიდანაც ნახევარი რუსეთზე მოდის. რუსეთის მოქალაქეებმა არაერთი ბიზნესი წამოიწყეს საქართველოში და ცოდვა გამხელილი სჯობს – ამის ბრალია, ეროვნული ვალუტა სტაბილურობას რომ ინარჩუნებს. 1-2 თეთრიანი რყევები ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია (10-20 თეთრიანიც გვახსოვს) და როგორც გვეუბნებიან, ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს, ჭარბი უცხოური ვალუტის შემოდინების ფონზე, ლარი ისე არ გამყარდეს, შემდეგ გაუფასურება უცებ არ დაეტყოს. საქართველოში რუსული ბიზნესის არსებობა და რუსული გადმორიცხვები, მთლიანად რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზეა დამოკიდებული და წინასწარ იმის განსაზღვრა, როგორ დასრულდება ომი, ძალიან ძნელია. თუ რუსეთდან ვალუტის შემოდინება ლარს წაადგა, ადგილობრივ წარმოებაზე ძალიან ცუდი როლი ითამაშა. მეტსაც გეტყვით, რუსულმა კაპიტალმა ადგილობრივი წარმოება მოკლა და ახლავე აგიხსნით რატომ.
რუსეთის მოქალაქეებს აქვთ იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ პროდუქტში ძვირი გადაიხადონ. ამიტომ, უცხოეთიდან შემოტანა და გაყიდვა უფრო მარტივია, ვიდრე აქ დათესვა, მოყვანა, დაფასოება და ბაზარზე გატანა. მერე რა, რომ შემოტანილი უფრო ძვირი ჯდება, რუსები იხდიან, აი, ქართველები კი… ძალიან ელემენტარულ რამეს გეტყვით – შარშან ამ დროს, ერთი კილოგრამი ქინძი 3 ლარი ღირდა, ახლა კი მისი ფასი 15 ლარია. არადა, თავის დროზე, მწვანილს მიჰქონდა მთელი საქართველო და ამ დროს კონა 10 თეთრი ღირდა, საღამოს ორ კონას 15 თეთრადაც იძლეოდნენ, ახლა კი, 50 თეთრად სახვეწარია. მწვანილი ძირითადად თურქეთიდან შემოდის და თურქულმა მხარემ ჭკუა იხმარა – სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებს, საგადასახადო შეღავათები დაუწესა და სწორედ ამ შეღავათებს ბრალდება ის, რომ თურქეთში წელს რეკორდულად მაღალი მოსავალი ჰქონდათ ყველა კულტურის მიმართლებით. ზოგადად, თურქეთი ბოლო დროს ყველაფრიდან ხეირს ნახულობს. აგერ, მარცვლეულის ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ, ერდოღანმა იმდენი მოახერხა, რომ ვლადიმირ პუტინს აღნიშნული გზის გაცოცხლება კვლავ მოაფიქრებინა და ახლა მარცვლეულის გატანას კატარელი შეიხები დააფინანსებენ, გაყიდვის უფლება კი… თურქეთს ექნება. ამ სქემიდან უკრაინა ამოვარდა და ვოლოდიმირ ზელენსკი იმუქრება, ჩვენი მარცვლეული თუ არ გავა, რუსულს არ გავატარებთო. რა გამოვა? სწორია – მარცვლეულის გატანას ხელს უკრაინა შეუშლის და არა რუსეთი.
მწვანილის გარდა, საქართველოში წელს რეკორდული ოდენობის შოკოლადი შემოვიდა და ესეც რუსების დამსახურებაა. რეკორდული რაოდენობის ბინები იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით და საინტერესოა, რომ რუსები საცხოვრებლად გარეუბნებს ამჯობინებენ, ვიდრე ვაკეს, საბურთალოს და სოლოლაკს. როგორც თავად ამბობენ, გარეუბნებში მოძრაობაც ადვილია, ფასებიც უფრო მისაღებია და რაც მთავარია, სამსახურისთვის ოფისები სწორედ იქ აქვთ ნაქირავები ფასის სიიაფის გამო. გარეუბნებისთვის ეს გადაჯგუფება ერთის მხრივ კარგია, მაგრამ კიდევ გავიმეორებთ – არავინ იცის, რა მოხდება მას შემდეგ, როცა ომი დასრულდება და რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტულად თბილისში უკვე დასახლებულ-დამკვიდრებული რუსეთის 100 ათასზე მეტი მოქალაქე.
და ერთიც – შემოდგომა მოდის და კახეთი რთველისთვის ემზადება. ბევრი ამბობს, რომ რთველში სწორედ რუსეთის მოქალაქეების დაპატიჟება სურთ, თან დაიხმარენ, თან ფულს გამოართმევენ ამ ყველაფრის სანახავად, თუმცა კარგი იქნება, თუ კახელები აჭარელების მაგალითს გაითვალისწინებენ. აჭარაში, სწორედ რუსების გამო გააძვირეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში, ადგილობრივი მომხმარებელიც კი გაექცათ და მთელი საზაფხულო სეზონი ტურისტების ნაკლებობაზე წუწუნებდნენ. ბიზნესი უნდა მიხვდეს, რომ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეები, რომლებმაც აქ 200-300 ათასი დოლარი დახარჯეს მცირე ბიზნესის დასაწყებად, ბინაც იყიდეს და ერთი ამდენი ბანკში უდევთ, საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავდებიან და ადგილობრივებს ასეთი შესაძლებლობები უბრალოდ არ აქვთ. მხოლოდ რუსულ კაპიტალზე გათვლა კი არც გრძელ და არც მოკლევადიანი პერსპექტივისთვის, მომგებიანი უბრალოდ არ არის.
კომენტარები