საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.
საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს ითვალისწინებს. ეს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:
1.მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
2.შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
3.შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
4.პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
5.სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
6.ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
7.სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
8.ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
9.ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
10სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.
ყველა სკოლას საშუალება მიეცემა, მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაგეგმოს სასწავლო პროცესი.
სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები);
მინისტრის მოადგილეს, ეკა დგებუაძია თქმით, ეს ეხება როგორც გაკვეთილების ხანგრძლიობას ასევე, ცვლების ოდენობასა და დროს.
“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.
სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან,” – აცხადებენ უწყებაში.
სამინისტრო სასწავლო პროცესის დაგეგმვის ნიმუშსაც ავრცელებს, თუმცა სკოლებს თავად შეეძლებათ განსაზღვრონ სწავლების ფორმატი.
კომენტარები