“ეს არ არის არც ხუმრობა, არც ჭორი, ეს არის რეგულაცია, რომელიც დააწესეს და მეწარმეების გაფრთხილება უკვე დაიწყეს!”
რამდენით ძვირდება სიგარეტი და პურ-ფუნთუშეული?
გილოცავთ! 2019 წელს, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეგ კი არა და, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ჩვენ ამდენს არ ვგეგმავდით, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბაო. ახლა, თითოეულმა თქვენგანმა გულზე ხელი დაიდეთ და ისე თქვით, რამდენმა იგრძენით საკუთარ თავზე ეკონომიკური ზრდა? ჰო, ეგ არის – არც ჩვენ. ვერ გეტყვით, რას და როგორ ითვლიან ხელისუფლებაში, მაგრამ გასულ წელს არ შემოსულა მსხვილი ინვესტიცია, გაძვირდა პროდუქტი, გაძვირდა სიგარეტი, საწვავი, გაუფასურდა ლარი და რამ გაზარდა ეკონომიკა, იქნებ ვინმემ რიგით მოკვდავთათვის გასაგებ ენაზე აგვიხსნას? თუმცა, ახლა ჩვენ აგიხსნით მოკვდავთათვის გასაგებ ენაზე იმ ახალი რეგულაციის შესახებ, ხელისუფლებამ სწორედ გასულ წელს გუგულის კვერცხივით რომ შემოგვაპარა და ჯერჯერობით წარმოდგენა არავის აქვს.
იმ პირებს, შპს-ებს, ინდ.მეწარმეებს, რომლებსაც პატარა საწარმო ან საამქრო აქვთ, რომელსაც სჭირდება ცალკე ტრანსფორმატორი, გვარიანი ხარჯი ელის. ამ ტრანსფორმატორებზე, რომლებიც სწორედ ამ შპს-ებისა და ინდივიდუალური მეწარმეების კუთვნილებაა და რომელშიც დიდი თანხა აქვთ გადახდილი, აყენია შესაბამისი მრიცხველი და მარეგულირებლის ახალი ინიციატივის მიხედვით, ყველა ვალდებულია, ეს მრიცხველი შეცვალოს და შეცვლა 2020 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ უახლოეს 11 თვეში უნდა მოხდეს. მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, ასეთი შესაცვლელი მრიცხველის ოდენობა 4500-ზე მეტია, მთლიანი საქართველოს მასშტაბით კი 10 ათასს აჭარბებს. ჰოდა, ახლა თითოეულ მათგანს, 350 ლარად ღირებული მრიცხველის შესაცვლელად, მარეგულირებლისგან ახალი ნებართვა სჭირდება, რომელიც… 11 ათასი ლარი ჯდება. ეს არ არის არც ხუმრობა, არც ჭორი, ეს არის რეგულაცია, რომელიც დააწესეს და მეწარმეების გაფრთხილება უკვე დაიწყეს. ამ რეგულაციები მოხვდება პრაქტიკულად ყველა ბენზინგაზგასამართი სადგური, საცხობები, რომლებსაც ცალკე ტრანსფორმატორი აქვთ და ა.შ.
„ხელისუფლებას ბიუჯეტი აქვს შესავსები. ის, რომ არჩევნები რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდება, ყველამ იცის და ეს თანხა ბიუჯეტში საიდანმე უნდა შევიდეს და ეს „საიდანმე“ სწორედ ახალი რეგულაციაა. ვინც ვერ გადაიხდის, მას საწარმოს გაუჩერებენ და ამიტომ, ყველა შეეცდება, რომ გადაიხადოს. არის ერთი ნიუანსიც – არიან საწარმოები, რომლებიც ერთ ოჯახზე მუშაობენ და თვეში დაახლოებით 1000-1500 ლარის მოგებას ტოვებენ. ამ საწარმოებმა თვეში მოგების 70% უნდა გადადონ მრიცხველისთვის, დანარჩენი 30% კი უნდა იმყოფინონ. იმის გამო, რომ ეს რეგულაცია თითოეულ მოსახლეს არ შეეხება, უკმაყოფილების ტალღა დიდი არ იქნება, თუმცა პროდუქცია აუცილებლად გაძვირდება და ეს უკვე ყველას შეგვეხება“, – გვეუბნება ამ სფეროს ექსპერტი.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მცირე ბიზნესის დაწყებისთვის საქართველოში პირობები ისეა გაძვირებული, რომ აზრი აღარ აქვს. ანუ, ვინც მუშაობს და სუნთქავს, ის თუ გააგრძელებს მუშაობს, თორემ ნებართვები და კონტროლი ისეა გამკაცრებული, საუკეთესო შემთხვევაში, მილიონი გჭირდებათ. მაგალითისთვის გეტყვით იმას, რომ ახალი რეგულაციის მიხედვით, ვთქვათ, გსურთ მინდორში ააშენოთ ფერმა და არ გაქვთ ელექტროენერგია. ადგილამდე ელექტროენერგიის ხაზის მიყვანა დაგიჯდებათ ერთ კილომეტრზე… 40 ათასი ლარი. ამას დაამატეთ ტრანსფორმატორის შეძენა, დაამატეთ ის ახალი 11 ათას ლარიანი მრიცხველი და მხოლოდ ელექტროენერგია გიჯდებათ 100 ათასი. ეს მაშინ, როცა 100 სულზე ფერმის აშენება დაახლოებით 50 ათასი ლარი ჯდება და მეორე 50 ათასი ლარით, შეგიძლიათ 50 სული დეკეული შეიძინოთ, ანუ ფერმა „დაქოქოთ“, მაგრამ არა, ერთი იმდენი მხოლოდ დენზე დაგჭირდებათ. აღარ არის საუბარი გაზის მიყვანაზე და სხვა ფუფუნებაზე. დენი კიდევ აუცილებლად გჭირდებათ, რადგან ძროხები მოწველოთ, რძე გააციოთ და ა.შ.
ახლა მწეველების ვთქვათ. თქვენ ცალკე გილოცავთ – მარტში კვლავ იმატებს თამბაქოს ნაწარმის ფასი და ეს ეხება როგორც თუთუნს, ისე დაფასოებულ სიგარეტს. კი გვპირდებიან, მატება დიდი არ იქნება, სავარაუდოდ მხოლოდ 50 თეთრი (თითქოს უკვე ამდენით გაძვირებულ სიგარეტზე 50 თეთრი მართლა არაფერი იყოს!), მაგრამ კი გემახსოვრებათ, 50 თეთრით მომატებული სიგარეტი რეალურად ერთი ლარით რომ გაძვირდა. ეს კიდევ არ არის ბოლო გაძვირება, მიმდინარე წლის ბოლომდე, ერთი კოლოფი სიგარეტის საშუალო ფასი 10 ლარი უნდა იყოს და მერე ან თავს დაანებებთ მოწევას, ან აშკარად შეამცირებთ, რადგან დღეში 10 ლარის გადამხდელი ბევრი არ მოიძებნება. ჰო, თუ პენსიონერი ეწევა დღეში ერთ კოლოფს, პენსია თვიდან თვემდე მხოლოდ სიგარეტში არ ეყოფა.
ხორბალზე ადრეც გითხარით, 31 იანვრის შემდეგ, რუსეთმა არასაბაჟო წევრი ქვეყნებისთვის სპეციალური, გაზრდილი ფასი დააწესა და შესაბამისად, 1 თებერვლიდან რუსეთიდანაც გაძვირებული ხორბალი წამოვა, რაც პურ-პროდუქტებს აუცილებლად გააძვირებს.
ახლა კარგზეც ვთქვათ – კიდევ ერთხელ გილოცავთ. საქართველოში წარმოებული არმატურის და რკინის ნაკეთობებისთვის, ჯართი ფიზიკურად აღარ გვაქვს და მისი უდიდესი ნაწილი ჩინეთიდან შემოდის. ყველა (ვიმეორებთ – ყველა) ქვეყანამ აკრძალა ჩინეთიდან ჯართის შეტანა და ეს იმიტომ, რომ დაუფასოებელ (ჯართს ვინ დააფასოებს) რკინაში, შესაძლებელია ბაქტერია მოხვდეს და ის ქვეყანაში შემოვიდეს. ამის მიუხედავად, საქართველოში ჯართის შემოტანა ჯერჯერობით არ აუკრძალავთ, რადგან გაზაფხული მოდის, მშენებლობების სეზონი ახლდება და არმატურა საჭიროა. ჰოდა, კორონა ვირუსი გვირჩევნია თუ არმატურა, ამას სავარაუდოდ ხელისუფლება გადაწყვეტს და ჯერჯერობით არჩევანი არმატურის სასარგებლოდ არის. ზოგადად, საქართველოში პროდუქციის უმეტესობა ჩინეთიდან შემოდის და მერე რა, რომ ყველა ქვეყანა კრძალავს, ჩვენ სხვაგვარად არსებობა არ შეგვიძლია.
იქნებ ისიც არ იცით, რომ საქართველოში მომუშავე ჩინური კომპანიების შეფები სიხარულით მეცხრე ცაზე არიან და ამბობენ, რომ ვირუსის გამო პროდუქცია ძალიან გაიაფდა და ამიტომ, დროზე უნდა ჩამოზიდონ, რათა საფრთხის გადავლის შემდეგ, მათი ფასი ისევ მოიმატებს. `ეიფლის~ ყველა ქარხნის დახურვის შემდეგ, ამ ფირმის მობილური ტელეფონები არათუ გაიაფდა, არამედ ორი ცალის შეძენის შემთხვევაში, მესამე გჩუქნიან და ამას ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც გვიდასტურებენ. მათივე თქმით, ისინი სასტუმროდან არ გადიან, რადგან დაბრუნების შემდეგ, მათ სპეციალური პროცედურის გავლა უწევთ და ჯანმრთელობის შემოწმების გავლის პარალელურად, სპეციალურ სითხეს ასხამენ მთელ ტანზე, რომელმაც ვირუსისგან უნდა დაიცვას.
„არის თემები, რომელსაც ხელისუფლება უბრალოდ გვერდს ვერ აუვლის. ახლა რომ ამბობთ, ჩინური პროდუქცია აკრძალეთო, შედით ნებისმიერ მარკეტში და მოითხოვეთ პრაქტიკულად ნებისმიერი ნივთი, ეს ყველაფერი ჩინეთშია ნაწარმოები. იქიდან რომ შემოტანა შევწყვიტოთ, აუცილებლად მოხდება ფასების არანორმალური ზრდა, რასაც მოსახლეობა ვერ გადაიტანს. ამიტომ, ხელისუფლება არ გარისკავს. ისედაც ცხადია, რომ უმძიმესი გაზაფხული გველოდება, რადგან ყველგან, სწორედ გაზაფხულზე აანონსებენ ახალი უცხოური ინვესტიციების შემოსვლასა და დიდი კომპანიებიც ახალი მიმართულებების პრეზენტაციას გაზაფხულზე ახდენენ. ამ მხრივ საქართველოში სიტუაცია მკვდარია და ამიტომ, დამატებითი პრობლემა ხელისუფლებას არ სჭირდება. ისედაც ცხადია, გაზაფხულზე ლარის გაუფასურება დაიწყება და ეროვნულ ბანკს მისი დაჭერა ხელოვნურად მოუწევს“, – გვეუბნება ექსპერტი.
მოკლედ, ვისაც ფული გაქვთ, გაუფრთხილდით და გამოიზოგეთ, თორემ გაზაფხულიდან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანა გახდება მსოფლიოში.
ანი დვალიშვილი
კომენტარები