Galt & Taggart-ი საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევას აქვეყნებს.
დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს საქართველომ 12.1 ტერავატი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც, 2019 წელთან შედარებით, 4.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ელექტროენერგიის შემცირება კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ სოციოეკონომიკურ შეზღუდვებს უკავშირდება.
მოხმარების შემცირების ფონზე, 2020 წელს საქართველოს დადგმული სიმძლავრე 432 მეგავატით გაიზარდა და 4.5 გეგავატს მიაღწია. მიუხედავად ამისა, ქვეყანა მაინც ვერ ახერხებს ადგილობრივი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას. 2020 წელს საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 12.6% იმპორტირებული იყო.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 3 ქვეყანაზე ნაწილდება:
- აზერბაიჯანი – 45.1%
- რუსეთი – 35.4%
- თურქეთი – 19.5%
აღსანიშნავია, რომ თურქეთი ტრადიციულად საქართველოსთვის საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, მაგრამ კვლევის ავტორების თქმით, ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტი მომგებიანი ტარიფების არსებობითაა განპირობებული.
რაც შეეხება გარიგების ფასს, 2020 წლის განმავლობაში, იმპორტირებული ელექტროენერგიის 1 კილოვატის ფასი საშუალოდ 4.3-5.2 აშშ ცენტი ღირდა. ცალკეული ქვეყნების მიხედვით, აზერბაიჯანული ელექტროენერგიის ფასი, 2020 წლის ბოლოს, 4.2 ცენტამდე შემცირდა, თურქული ფასი – 4.3-4.5 ცენტის ფარგლებში მერყეობდა, რუსული ელექტროენერგია კი ყველაზე ძვირი, 4.5-5.3 ცენტი ღირდა.
კომენტარები