2019 წლის ივნისში საქართველოში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებისთვის უცნობმა კადრმა ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა.
“ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სტომატოლოგი” – ასე მოიხსენიებდნენ მაშინ ტიკარაძეს, რომლის შესახებაც არაფერი იყო ცნობილი. შემდგომ გაირკვა, რომ ახალი მინისტრი მანამდე საჩხერის საავამდყოფოს დირექტორი იყო.
2019 წლის 19 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ტიკარაძე ფლობს 760 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, რომელიც 2009 წელს 110 000 დოლარად შეიძინა. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ტიკარაძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე – 1770 ლარი, 5448 ლარი, 1300 ლარს ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, ეკატერინე ტიკარაძის მეუღლე ბიძინა კაკაბაძე ფლობს 1611 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ცხვარიჭამიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 2016 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი mercedes G 300 D, toyota camri 2012 და მოტოციკლეტი BMW R100 RT. ბიძინა კაკაბაძე შპს ავტოექსპერტიზა საქართველო თბილისი დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობაში 17%-იან წილს ფლობს, სადაც მენეჯერის პოზიციას იკავებს, მისმა ხელფასმა 2018 წელს 24 000 ლარი შეადგინა.
ეს იყო ინფორმაცია, რომელიც აქამდე ეკატერინე ტიკარაძის შესახებ მედიაში იძებნებოდა. კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ ტიკარაძის შესახებ ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ გადავწყვიტეთ მასზე უფრო მეტი გაგვეგო.
2005 წელს ეკატერინე ტიკარაძემ, თბილისში მიღებული სტომატოლოგიური განათლების შემდეგ, 2007-2008 წლებში გერმანიაში ყბა-სახის იმპლანტაციის სრული კურსი გაიარა და რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში დაბრუნებამდე სწორედ იქ ცხოვრობდა. გერმანიაში ცნობილი ქართველი მსახიობის ბადრი კაკაბაძის უფროს ვაჟზე ტატო (ბიძინა) კაკაბაძეზე იქორწინა.
პირველი შვილი დათა წყვილს 2002 წელს გერმანიის ქალაქ რეგესნბურგში შეეძინათ. მინისტრის მამამთილი მსახიობი ბადრი კაკაბაძე ყველას კარგად ახსოვს მისი ცნობილი როლებით, განსაკუთრებულად კი მას ქართველი მაყურებელი მაინც “რაჭა ჩემი სიყვარულით” გამოარჩევს. ტატო ბადრი კაკაბაძის პირველი შვილია, პირველი ქორწინებიდან. ტიკარაძის დედამთილიც თეატრის მსახიობი, დარეჯან ჯოჯუა გახლავთ. ქალბატონი დარეჯანი სამი წლის წინ სერიალ “ხელოვნურ სუნთქვაშიც” თამაშობდა.
ჟურნალ “გზასთან” მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში დარეჯან ჯოჯუა ყვება: “დიახ, ერთი შვილი მყავს, რძალი და ორი შვილიშვილი – დათა და ანასტასია. ტატომ თეატრალური ინსტიტუტი დაასრულა, მუშაობდა კიდეც, როგორც მსახიობი, მაგრამ მოგეხსენებათ, არტისტობა სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა და ბევრისთვის რთულია ეს ყველაფერი. ტატომაც სხვა გზა აირჩია და რვა წლით გერმანიაში გაემგზავრა. ყოველთვის ძალიან უყვარდა მანქანები და როცა დაბრუნდა, ავტომობილების საექსპერტო კომპანია გახსნა…“.
მეორე შვილი ეკატერინე ტიკარაძეს 2011 წელს საქართველოში შეეძინა. ანასტასია მაშინ უკვე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულმა ექიმმა ბერა ივანიშვილს მოანათლინა.
მინისტრის მეუღლეს გარდა იმისა, რომ კერძო ბიზნესი აქვს, გატაცებულია მოტოსპორტით და ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნებული აქვს.
ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ტიკარაძის მიმართ ძალიან დიდი სიმპატიით არის განწყობილი და მის ჩაცმულობაზე განსაკუთრებული გავლენა ივანიშვილის მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ მოახდინა. იმასაც ამბობენ, რომ ტიკარაძის პიჯაკების კოლექციაში ადვილად გამოარჩევთ ივანიშვილის მეუღლის გემოვნებით შერჩეულ და ნაჩუქარ პიჯაკებს.
წყარო: ამბები.ჯი
კომენტარები