ევროკომისიის რეკომენდაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ტურისტებს მოგზაურობის უფლება უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის მიერ 3 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპაში მოგზაურობა დაშვებული უნდა იყოს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესებულია და ასევე იმ პირთათვის, ვისაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული. ამასთან, მოგზაურობის ნებართვა შესაძლოა, გავრცელდეს იმ პირებზეც, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ვაქცინით არის აცრილი.
ამასთან, ევროკომისიაში გამოდიან რეკომენდაციით, რომ კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ამოქმედდეს მექანიზმი, რომლითაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კონკრეტული სახელმწიფოებიდან მოგზაურების მიღების შეზღუდვა დროულად შეძლონ.
ევროკომისიის რეკომენდაციას 4-5 მაისს ევროპული საბჭო განიხილავს. მას შემდეგ, რაც საბჭო ამ რეკომენდაციას დაამტკიცებს, მისი შესრულება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე იქნება დამოკიდებული.
კომენტარები