საფრანგეთში მყოფი თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი “თაიმერთან” ინტერვიუში, ამბობს:
მანამდე, თუკი ვფიქრობდი, რომ ყველა სასულიერო პირი განასახიერებდა ქრისტეს, იყვნენ ღვთისნიერები, წრფელები და შემკობილნი ყოველგვარი სათნოებით, ვფიქრობდი, რომ ისინი ანგელოზებრივად ცხოვრობდნენ. 15 წლის წინ, გული ამიცრუვდა, დავბრკოლდი და ფსიქოლოგიურად დიდი ტრავმა მივიღე. 2007 წლის ვნების შვიდეული იყო, როგორც იცით, დიდ ხუთშაბათს ყველანი ვეზიარებით ხოლმე, სიონის ტერიტორიაზე შემხვდა ჩემი ჯგუფელი, რომელიც მსახურობდა თაბორის ფერიცვალების მამათა მონასტერში. ლუკა ფალავანდიშვილი, მაშინ უბრალო ბერი იყო, უკვე არქიმანდრიტია და ბარსელონაში მოღვაწეობს. შემხვდა გზაზე და გამომკითხა დღის მანძილზე რას ვაკეთებდი, მეც მოვუყევი რა გეგმები მქონდა, ამასობაში დავუკავშირდი ჩემს მოძღვარს დოსითეოს ბოგვერაძეს (ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი), მინდოდა დიდი ხუთშაბათის ზიარება, რომლის წინაც აღსარება უნდა ჩამებარებინა. ჩემი სულიერი მამა არ იმყოფებოდა საქართველოში და მითხრა, რომ შემეძლო აღსარება ნებისმიერი მოძღვრისთვის ჩამებარებინა, ვუთხარი, რომ ჩემი ჯგუფელი იყო ჩემთან და თაბორის მამათა მონასტერში ვაპირებდი წასვლას: “იქ, რომ ვინმეს ჩავაბარო”-მეთქი, მითხრა, რომ პრობლემა არ იყო და მირჩია, აღსარება მამა ბ. ფ.-სთვის ჩამებარებინა. წავედი სულიერი განწყობებით. მამა ბ. სულ ორჯერ მყავდა ნანახი, როცა ჩემს ჯგუფელს მივაკითხე მონასტერში და ვიცოდი ვიზუალურად როგორ გამოიყურებოდა. როდესაც მივედი, მსახურება მიმდინარეობდა. მოკრძალებით ჩავდექი აღსარების რიგში. არქიმანდრიტმა მიცნო და დამიძახა, შეაჩერა რიგი, გამიხმო კელიაში, სადაც სამლოცველო ჰქონდა და აღსარებებსაც იქ იბარებდა ხოლმე. შევედით სამლოცველოში. ვიდრე აღსარების თქმას დავიწყებდი, რამდენიმე კითხვის დასმა მოისურვა, რასაკვირველია, უზარმაზარი მოწიწება მქონდა და ჯერ მას მოვუსმინე. მეუბნება ასეთ რამეს:
ბ.ფ: შენ საკმაოდ ახლოს ხარ მამა თ. თ.-თან და რა ურთიერთობა გაქვს მასთან?
გ.ტ: ჩემი ლექტორია, ძველ აღთქმას მასწავლის, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელია, როცა აბიტურიენტი ვიყავი და ჩავაბარე, კარგად ვსწავლობდი და ამან დამაახლოვა, ასევე, მღვდლად რომ მაკურთხეს, ვმედავითნეობდი მასთან 40 დღის მანძილზე მან წირა და ამ პერიოდში დავმეგობრდით.
ბ.ფ: რაიმე ისეთი ტიპის სიახლოვე არ გაქვთ?
გ.ტ: ჩვენი ოჯახებიც იცნობენ ერთმანეთს… (მაპატიეთ, მე უფრო კულტურული ვერსიით ვიტყვი ამ სიტყვას, როგორც ბ.-მ თქვა, იმის გამეორებას ვერ ვიკადრებ)
ბ.ფ: შენს სარცხვინელზე ხელი არასდროს მოუკიდია?
ამას მეუბნება ტაძარში, აღსარების დროს, როცა ოლარი თავზე გადამაფარა, ფეხზე ვიდექით ორივე და ერთმანეთს ვუყურებდით. იმდენად შევცბი და ისე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, რომ ამაკანკალა. ახლაც მახსსოვს ის ემოცია, როგორი ამაღელვებელი იყო ჩემთვის:
გ.ტ: რას ბრძანებთ მამაო, რას ნიშნავს ხელი მოუკიდია?! ცხოვრებაში, ზედმეტად ხელი არავის გადაუხვევია ჩემთვის და ამას რატომ მეკითხებით?!
აღვშფოთდი, ემოციურად, ცოტა ხმამაღალი საუბარი დავიწყე. რა თქმა უნდა, უკვე არანაირი აღსარების, რაიმე სახის გახსნის და ზოგადად, ურთიერთობის სურვილი აღარ მქონდა. როცა სამლოცველოდან გამოვედი და ჩქარი ნაბიჯებით გავეცალე, გამომეკიდა და მეუბნება:
ბ.ფ: კარგი, კარგი, რა მოხდა, დამშვიდდი, მე უბრალოდ ისე გკითხე, გეხუმრე, არ მეგონა ასე, თუ ანერვიულდებოდი. მაგრამ ჩემგან მაინც იცოდე, რომ თუ, ასეთი რამ გახასიათებს, ან შენ, ან მას, შენ შეგიძლია მე მითხრა, ჩვენ ვიმეგობროთ, ეს არ არის პრობლემა, ეს სისუსტე, ზოგადად, გავრცელებულია.
ამან, კიდევ უფრო მეტად შეურაცხყოფილად მაგრძნობინა თავი. არც მახსოვს, როგორ დავეშვი იმ ციცაბო დაღმართზე განერვიულებული, თან, არ ვიცოდი ეს ვისთვის და როგორ მომეყოლა. მართალია ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, მაგრამ ეს იყო ჩემზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ჩემთვის სულიერი აუტანლობა. ერთი, რომ მან, პრაქტიკულად გადაამოწმა ვიყავი, თუ არა არატრადიციული ორიენტაციის მქონე. მეორე, რომ საკუთარი თავი შემომთავაზა, თუ ასეთი ვიქნებოდი და მესამე, რომ დააბეზღა ჩემთან (მაშინ ჩემი აზრით) ჩემი კარგი ნაცნობი, თ. თ., რომელიც მღვდელი იყო და მე ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა მღვდელი ჰომოსექსუალი ყოფილიყო, ამის დაშვებაც კი ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. მეოთხე, რომ დამაბრკოლა! ეს ვერ დავიტიე, წამოვედი, შემდეგ, უკვე ჩემს მოძღვარს ვუამბე ამის შესახებ. მან მითხრა, რომ ამ საკითხს გაარკვევდა და მე თავს შეურაცხყოფილად აღარ ვიგრძნობდი და მომიბოდიშებდნენ, თუმცა, შემდეგ ეს ფაქტი შეიფუთა იუმორში და მითხრეს, რომ “მეხუმრა ბ. ფ. და არავითარი ქვენა ზრახვები არ ყოფილა”. გამოუცდელი, ჯერ კიდევ უმწიფარი, 19 წლის ბიჭი ვიყავი და ერთადერთი ჩემი პროტესტის გამოხატვა შევძელი იმაში, რომ მას არ ვესალმებოდი, მისგან ლოცვა-კურთხევას არ ვიღებდი და არ ვცნობდი მას არქიმადრიტად. ეს იყო პირველი იმედგაცრუება, პირველი ტკივილი და ტრავმა (ფსიქოლოგიური თვალსაზრისით), რომელიც მე ეკლესიიაში მომადგა. წლების შემდეგ, ვიგებ, რომ თ. თ. არის ჰომოსექსუალი, ასევე, პედოფილი. თურმე მათზე, ვინც მასთან მეგობრობს, ან ახლო ურთიერთობა აქვს, შეიძლება სტიგმა გაჩნდეს, ან გარკვეული ეჭვები სასულიერო პირებში, რომლებიც არატრადიციული ორიენტაციის არიან. მათ ეტყობა აინტერესებდათ, მეც ასეთი ვიყავი თუ არა. მაშინ, ვერც კი წარმომედგინა, ფ.-ს რა ჰქონდა გამიზნული ამ შეკითხვების დასმით, რა ზრახვები ამოძრავებდა. სუსის კრებსებიდან გავიგე, რომ თურმე ჩემი “გაშავება” უნდოდა ამ უზნეოს.
ეს ყველაფერი კი, მომდევნო პრობლემების დანახვისას, მაძლევდა იმის საშუალებას, რომ უფრო კრიტიკული და თამამი ვყოფილიყავი შეფასებებში, რადგან თუკი, ასეთი რამ არსებობს ერთ ეკლესიაში, შესაძლოა სხვაგანაც სხვებიც იყვნენ უარესი და კიდევ უფრო მძიმე გარემოებებით. ამიტომ, შემდგომში დავიწყე ბრძოლა, ასეთი ტიპის დამრღვევების წინააღმდეგ.
სულით-ხორცამდე გარყვნილი არაკაცი და ბოროტი ჯადოქარი – ბ. ფ, თურმე ჩემზე აპირებდა “ფეიკ-გვერდით” ცილისმწამებლური ჭორის შემოგდებას და ჩემს დისკრდიტაციას გამოგონილი ამბის გავრცელებით! თითქოს, მე მაქვს ჰომოსექსუალური ურთიერთობა თ. თ.-სთან, რომ ამგვარად ეძია ჩემზე შური. რათა ცილისწამებითა და ჩემთვის ჩირქის მოცხობით, საკუთარი თავი დაეცვა, რომ მომავალში მე არ დამეძრა ის თემა, რომელიც მის ამ ბინძურ შემოთავაზებას უკავშირდებოდა. (თვითონ საუბრობს ტელეფონში და ამის ტრანსკრიბცია აქვს დაკრებსილი ერთ-ერთ ოპერ-მუშაკს). ზოგადად, ეს არის საპატრიარქოს მეთოდი, როცა ვერავითარ დარღვევას ვერ გიპოვნის ზნეობრივ, სამართლებრივ, თუ სულიერ ასპექტში, იწყებს “კა.გე.ბეშნიკური” ხელწერით ბინძური ტყუილების გავრცელებას და ჩირქის მოცხობას. დიდება ღმერთს, რომ ასეთ ეშმაკეულებს და ნაძირლებს საბოლოოდ აქვე ავლენს, როგორც ეს ამ კრებსების გამოქვეყნებისას მოხდა.
მაინც ოპტიმისტური მოლოდინები მაქვს, რადგან გარდატეხა უკვე მოხდა, გარკვეულ სასიკეთო გარდაქმნებს აქვს ადგილი. მანამდე, თუკი, იყო ტაბუ, თუკი იყო ცენზურა, დღეს საზოგადოება, უკვე, ღიად საუბრობს ყველა ტიპის დარღვევაზე, დღეს საზოგადოება გაბრაზებული, განაწყენებული და იმედგაცრუებულია. დღეს საზოგადოება უფრო მეტად განათლებული და ინფორმირებულია, თუ რა არის ნამდვილი და ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ქრისტიანობა. დღეს, უკვე ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, მეტი ხელმისაწვდომობაა სჯულის კანონზე, საეკლესიო სწავლა-მოძღვრების დოგმატიკის, ზნეობრივი ღვთისმეტყველების, ლიტურგიკის და კანონიკის კუთხით, შესაბამისად, მრევლი უფრო მოწიფულია, მეტად კრიტიკულ შეკითხვებს სვამს, მეტად ხედავს და ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას. ამიტომ, უფრო იმედიანად ვარ. მიუხედავად იმისა, თუ როდის დადგება ეს შედეგი, არ ვცვლი მიზნებს. ჩემი მიზანია, რომ ეს ცრუ ორგანიზაცია შეფასდეს ცრუ საპატრიარქოდ და შეიქმნას ნამდვილი, ჭეშმარიტად მართლმადიდებლური, თავისუფალი ეკლესია, ყოველგვარი ჰერეტიკული მინარევების გარეშე, რომელიც არ იქნება დაკავებული ბიზნესით, პოლიტიკანობით და ა.შ. მინდა ეკლესია, რომელიც სახარებას იქადაგებს სწორად, დაუბრუნდება იმ ძირძველ, მართლმადიდებლურ ფესვებს, რომელიც ზნეობრივად იქნება სანიმუშო და ამის პოტენციალი არსებობს ახალგაზრდა თეოლოგებში, რომლებიც მიმოფანტულნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თუკი ეს საზოგადოება იქნება ინტეგრირებული, თუკი ისინი ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მოვლენ (ჩემს გარდა), გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, მართლაც მივიღოთ ჭეშმარიტი ეკლესია.
მინდა მოვუწოდო ქართულ სამღვდელოებას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც არ არის მაინცდამაინც საბჭოთა სივრცეში აღზრდილი, რომ აღიმაღლონ ხმა, მორალური, ზნეობრივი, კანონიკური, დოგმატური, სამართლებრივი გადაცდომების წინააღმდეგ, რომ იფიქრონ მომავალზე, როგორ შეხედონ თავიანთ შვილებს თვალებში, როგორ შეხედავენ ღმერთს თვალებში, როდესაც წარსდგებიან საშინელ სამსჯავროზე, მინიმუმ, სინდისს ჩაუკვირდნენ. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვამუნათებს, იმ ძირძველ სამღვდელოებას, რომელიც საბჭოთა რუდიმენტია და ძველი პლეადიდან მოდის, მხოლოდდამხოლოდ იმას ვეტყვი, რომ მათ კიდევ აქვთ დარჩენილი შანსი სიკვდილამდე, მოინანიონ, ამხილონ და განუდგნენ ილია მეორის ამ დანაშაულებრივ რეჟიმს. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს მიმართ ისინი (მინიმუმ) სოლიდარულნი იყვნენ დუმილით და არ გვლანძღონ, გადმოდიან იერიშზე და გვაბრალებენ, თითქოსდა გვაქვს პირადი წყენა, პოლიტიკური ინტერესები, თითქოსდა ფინანსურად გვკვებავენ და გვმართავენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს აქტიურობაში საკუთარ დაცემულობას ხედავენ და ამიტომ გვიპირისპირდებიან თითოეულ ჩვენგანს, რადგან ჩვენი სათქმელი, მათი მისამართითაცაა, ისე, რომ ჩვენ სახელობითად მათ არ ვაჟღერებთ, მაგრამ ისინი თავიანთ თავს აყენებენ საპატრიარქოს დამცველთა რიგებში. რადგან იციან, რომ თუკი რომელიმე მათგანი დაისჯება, დანარჩენებამდეც მივა ეს საქმე. მღვდლებს ერთმანეთთან სოლიდარობა აქვთ ცოდვაში და ისინი ვერ იტანენ იმ ადამიანს, ვინც, უშუალოდ, მას კი არ ამხელს, მაგრამ მისნაირს ამხელს და ეშინით, რომ მასთანაც მივლენ. ვერ გვიტანენ და ვძულვართ, რადგან ჩვენ, საზოგადოებას ვაფხიზლებთ. ბევრი ახლობელი მღვდელი გვაბრალებს, რომ თურმე, ჩვენ ბასილ კობახიძე გვმართავს, რომ მან შემოიტანა ჩვენში რაღაც ემოციური იმპულსები და შემდეგ, თავად გაუჩინარდა. ბასილ კობახიძეზე ამბობენ ამას ის კომფორმისტი მღვდლები, რომლებიც ყოველთვის, ყველა მთავრობის პირობებში კარგად არიან, რომლებიც გაზულუქებულნი ცხოვრობენ და პირს უკან ჩურჩულებენ საპატრიარქოს პრობლემებზე, ხოლო ღია სივრცეებში წვეულებებზე დადიან, წარჩინებულ პოლიტიკოსებთან, მდიდარ ბიზნესმენებთან და ა.შ. რაც შეეხება საზოგადოებას, ხალხი უნდა ებრძოდეს არა, პრობლემებზე მოსაუბრე ინდივიდებს, არამედ, პრობლემების შემქმნელ ადამიანებს ეკლესიაში. ვინ ქმნის ეკლესიაში პრობლემებს?! ის, ვინც უზნეობას სჩადის და არა ის, ვინც ამ პრობლემებზე საუბრობს საჯაროდ!
კომენტარები