შპს „სითი ცენტრი 2“-ის საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული მიწის ნაკვეთები უკვე რამდენიმე წელიწადია ბიჯეო ჯგუფის (BGEO) შვილობილი სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ უკანონოდ არის დატვირთული იპოთეკით და ეს უკანასკნელი უარს აცხადებს ნებაყოფლობით გააუქმოს რეგისტრირებული იპოთეკა.
სს „საქართველოს ბანკი“ იქცევა არაკეთილსინდისიერად და მართლსაწინააღმდეგოდ, როგორც ჩანს, მის ერთადერთ მოტივს წარმოადგენს შპს „სითი ცენტრი 2“-ისთვის მატერიალური ზიანის მიყენება, ვინაიდან კომპანია მის საკუთრებაში არსებულ ქონებას ვერ იყენებს საკუთარი შეხედულებისამებრ.
იპოთეკით დატვირთულ ქონებზე რთულია ინვესტიციის მოზიდვა, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა არამხოლოდ მესაკუთრისთვის, არამედ სახელმწიფო ინტერესებისთვისაც.
საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა სს „საქართველოს ბანკის“ სარჩელზე შპს „სითი ცენტრის“ მიმართ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნაზე და არცერთი სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ბანკის სარჩელი.
საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა 2019 წლის 04 დეკემბერს, სადაც აღინიშნა, რომ სს „საქართველოს ბანკის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის არ შეიძლება გაყიდული იქნეს შპს „სითი ცენტრის“ ქონება. მიუხედავად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობისა, რომლის გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე (http://www.supremecourt.ge), საქმის ნომერია #ას-559-2019, სს „საქართველოს ბანკი“ არ თანხმდება გაუქმდეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის უფლება, მაშინ როდესაც მას სხვა მოთხოვნა არ გააჩნია მიწის ნაკვეთების მესაკუთრის მიმართ.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ სს „საქართველოს ბანკის“ მხრიდან სარჩელის აღძვრამდე შპს „სითი ცენტრი 2“-მა არაერთხელ მიმართა ბანკს გაეუქმებინა უკანონოდ რეგისტრირებული იპოთეკის უფლება და განუმარტა, რომ ვინაიდან საკრედიტო დაწესებულებამ ისე მოახდინა ვალის გადაკისრება სხვა პირზე, რომელიც გადახდისუუნარო აღმოჩნდა, მესაკუთრეს აღარ სურდა იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება სხვა პირის სესხის უზრუნველყოფისთვის. ბანკს განემარტა, რომ მისი მოქმედებები ზიანის მომტანი იყო კომპანიისთვის, მაგრამ დავის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. სს „საქართველოს ბანკი“ სამივე ინსტანციის სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მას უფლება ჰქონდა თავისი შეხედულებისამებრ შეეცვალა მოვალე პირი, ისე, რომ არაფერი ეკითხა უზრუნველყოფის საშუალების მესაკუთრისთვის.
სს „საქართველოს ბანკის“ არაკეთილსინდისიერი მოქმედებების გამო დიდი ზიანი უკვე მიადგა შპს „სითი ცენტრს“, რის შესახებაც აღძრულია სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში და ეს ზიანი განგრძობად ხასიათს ატარებს, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას სს „საქართველოს ბანკისთვის“.
(R)
კომენტარები