„ალიას“ ესაუბრება ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი.
– როდემდე გაძლებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში? 4 კაცი კი შევიდა პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსიდან“, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის.
–კიდევ ოთხი კაცი რომ შევიდეს პარლამენტში, არც ეს შეცვლის არაფერს. ძირითადი ოპოზიციური პარტიები არ შედიან. აქედან გამომდინარე, პოსტპანდემიურ პერიოდს უნდა დაველოდოთ. პანდემიამ დღის წესრიგი შეცვალა მთელ მსოფლიოში. ფეხბურთის მოყვარული ვარ და ერთ–ერთ სააგენტოზე წავიკითხე, საფეხბურთო კლუბი „რეალი“ გუნდის კაპიტანს, სერხიო რამოსს უშვებს, „ბარსელონა“ მესის უშვებს, რადგან საშუალება აღარ აქვთ, რომ ხელფასი გადაუხადონ. მსოფლიოში ყველაზე მდიდარ საფეხბურთო კლუბებს რომ ეს დაემართათ, სხვები რა დღეში იქნებიან, წარმოიდგინე. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მსოფლიოში დღის წესრიგი შეიცვალა, წვრილ და საშუალო კი არა, მსხვილ ბიზნესებს შეექმნათ უამრავი პრობლემა. საქართველოში ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. ბიზნესს შავად აქვს საქმე, უამრავი უმუშევარია, ხალხი ლუკმა-პურის გარეშე დარჩა. ბიძინა ივანიშვილს ჭკუა რომ ჰქონდეს,ადგებოდა ახლა და წავიდოდა. აღიარებდა არჩევნებში მარცხს და წავიდოდა მშვიდად. მერე მშვიდად ვეღარ წავა. ხალხში აგრესია მატულობს და ეს აგრესია ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.
– როგორ განვითარდება მოვლენები?
– რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა, ივანიშვილმა ყველაფერი გააფუჭა. ახლა მძიმე სოციალურ მდგომარეობას პანდემიას აბრალებდნენ და პანდემიამდე რა გააკეთეს სოციალური მდგომარეობის გამოსასწორებლად? სამუშაო ადგილების შექმნეს? სოციალურად დაუცველთა რაოდენობა შეამცირეს და ვინც დარჩა დაუცველი, მათ საარსებო პაკეტი გაუზარდეს? პენსია გაზარდეს? ლარი გაამყარეს? პენსია რაღაც კაპიკებით კი გაზარდეს, მაგრამ ის მომატებული პენსია ინფლაციამ შეჭამა. რეალურად, იმაზე ბევრად ნაკლები პენსია აქვს პენსიონერს, ვიდრე 2012 წელს ჰქონდა. ესენი ხომ ყველაფერს 2012 წელს ადარებენ. დასავლეთთან გააფუჭეს ურთიერთობები, ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებს სერიოზული საფრთხე შეუქმნეს. რა ვიცი, ბევრი, ძალიან ბევრი გააფუჭეს. გაუსაძლის მდგომარეობაში ჩააგდეს ხალხი და ქვეყანა.
ოპოზიცია ამ შემთხვევაში სწორედ იქცევა, პარლამენტში რომ არ შედიან. 4 კაცის შესვლა არაფერია, პარლამენტი ერთპარტიულია, ფაქტობრივად. ასეთ ვითარებას არ შეეგუება დასავლეთი. ბიძინა ივანიშვილსა და მისი უახლოესი გარემოცვის წევრებს სანქციებს დაუწესებენ. ამით დასრულდება ივანიშვილის მმართველობა. ხედავენ, კაცი ყველა დემოკრატიულ ინტიტუტებს სპობს ქვეყანაში. რაც დარჩა, ტელევიზიები, სხვა მედიასშაუალებები თუ არასამთავრობო სექტორი, იმათაც ებრძვის და ყველას დახურვითა და ლიკვიდაციით ემუქრება. სანთლით რომ ეძებო, სამართალს ვერ იპოვნი ქვეყანაში. პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო ერთი კაცის ხელშია მოქცეული, რასაც დაუკვეთს, იმას აკეთებენ. სააკაშვილის დროს ნოტარიუსი–მოსამართლეები რომ იყვნენ, დღესაც ასეა.
ივანიშვილისთვის უმჯობესია, ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს და წავიდეს პოლიტიკიდან. დარჩეს მერე საქართველოში და იცხოვროს. ბიძინამ თუ ეს პროცესები გააგრძელა, მაგას საბრალდებო სკამი არ ასცდება. ეს ამდენი ოქმები რომ გააყალბეს, ადრე თუ გვიან, ამაზე გამოძიება ჩატარდება და მაგაზე მოეთხოვება პასუხი. ოქმების 20%–ზე მეტია გაყალბებული. ეს კი უნდა გააკათოს ოპოზიციამ. არ გააკეთებენ და ხალხი მერე მაგათაც მოსთხოვს პასუხს.
– როგორ უნდა გააკეთოს ეს ოპოზიციამ?
– ოპოზიცია სუსტია. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე როდესაც ვიყავი და 143 ადვოკატი ციხეში ჩასვა სააკაშვილმა, მივწერე ბელარუს ადვოკატებს და ვკითხე, რამდენი ადვოკატი იყო მათთან ციხეში. აღმოჩნდა, რომ 8 ადვოკატი იყო დაჭერილი. ავდექი, მივწერე ევროკომისიის თავმჯდომარეს, ჟოზე მანუელ ბარუზოს, რომ სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და კოტე კუბლაშვილი პერსონა ნონ–გრატად ეცნო. ამის თაობაზე დავაწყებინე მოსმენები. გასაგებად ვუთხარი, ლუკაშენკი პერსონა ნონ–გრატად გამოაცხადეს და მას 8 ადვოკატი ჰყავს დაჭერილი, ამ „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილს კი 143 ადვოკატი უკანონოდ ჰყავს ციხეში გამომწყვდეული და ეს ციფრი, საქართველოს ადვოკატთა კორპუსის 5% გახლავთ–მეთქი. ავიღე უზანაესი სასამართლოდან ამ ადვოკატთა საქმეების განაჩნები, ვათარგმნინე და ნოტარიულად დამოწმებული გავუგზავნე. რა ამბავი ატყდა, გახსოვს? ამას რატომ არ აკეთებს ოპოზიცია? ვუთხარი ოპოზიციონერებს, სხვათა შორის, მე გარკვეული გამოცდილება მაქვს და ახლა ეს და ეს ნაბიჯები უნდა გადადგათ–მეთქი. ბელარუსში არჩევნები გაყალბდა და არც ერთი ოქმი არ გადაუწერიათ ხელახლა, არც ქვედა დონეზე და არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. აქ კი ოქმების 20% გადაწერეს, გადააკეთეს. ჰოდა, შე დალოცვილო, გამოითხოვე ბელარუსიდან ოქმები, დაადე იმას ჩვენი ცსკო–ს გადაკეთებული ოქმები და შესაბამისი შინარსის წერილთან ერთად, გააგზავნე ევროკავშირშიც, ევროსაბჭოშიც, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც. აქამდე სტრასბურგის სასამართლოშიც უნდა შეეტანათ სარჩელი. თუ ბელარუსში გაყალბდა არჩევნები და არალეგიტიმურად სცნეს, საქართელოში ათჯერ მეტად გაყალბდა და სხვა გზა არ ექნებათ, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ეს არჩევნებიც არალეგიტიმურად უნდა სცნონ. მარტო პარლამენტში არ შესვლა არ შველის საქმეს. ეს ბერკეტი როდესაც გაგაჩნია, უნდა გამოიყენო, არ იყენებ და უკვე კითხვები მიჩნდება ოპოზიციასთან დაკავშირებით. ერთმა ზაზა ხატიაშვილმა ორივე ხელისუფლება დავაჩოქე. 3 მოსამართლე დავუბლოკე სტრასბურგის სასამართლოში ამ ხელისუფლებას. ეს იყო უპრეცენდენტო ფაქტი. სტრასბურგის სასამართლო რაც არსებობს, ორჯერ დაიბლოკნენ მოსამართლეები კონკრეტული ქვეყნებიდან – თითო თითო აზერბაიჯანიდან და პორტუგალიიდან, მე 3 დავბლოკე. დავჯექი სტასბურგის სასამართლოს შესასვლელში, ვთქვი, ვიშიმშილებ, ვიდრე არ მოვკვდები–მეთქი და გავიტანე ჩემი. ბრძოლაა საჭირო, უბრძოლველად შედეგი არ მოდის. ამ გაგანია პანდემიის დროს, ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და აქციებისკენ მოუწოდებს ოპოზიცია. ეს ნორმალურია? ერთადერთი, იმაშია სწორი ოპოზიცია, რომ პარლამენტში არ შედიან. აქ ელჩები ვერაფერით დაეხმარებიან, ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, ელჩები მარტო შეშფოთებას რომ გამოსთქვამდენენ 143 დაჭ ერილი ადვოკატის გამო, იმიტომ ავდექი და ბარუზოს გავუგზავნე მტკიცებულები, იმიტომ დავჯექი სტრასბურგის სასამართლოში საშიმშილოდ, რომ საკუთარი კლანის არაკომპეტენტურ მოსამართლეებს ნიშნავდა ივანიშვილი სტრასბურგში, ჯერ ერთს, მერე მეორეს და ბოლოს–მესამეს. არც ერთი არ დავანიშნინე. ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიები გარიგებულნი არიან ივანიშვილთან, რომ არც ამ და არც სხვა ბერკეტებს იყენებენ, ხელისუფლება ჩიხში რომ მოაქციონ, არალეგიტიმურად რომ გამოცხადდეს არჩევნები და საერთაშორისო ზეწოლა რომ გაზარდონ მასზე.
–კონკრეტულად, რომელი პარტიები არიან გარიგებულნი ივანიშვილთან?
– რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პარტიები არიან გარიგებულნი? ამას რატომ არ აკეთებენ? თუ არ არიან გარიგებულები, მაშინ უტვინოები არიან. გარიგებული ხარ თუ უტვონო, შენც ისეთივე დამღუპველი ხარ ქვეყისთვის, როგორც ივანიშვილი, რადგან მას უხანგრძლივებ ხელისუფლებას. ესენი უნდა მოშორდნენ, არაფერს აკეთებენ, ნორმალური ხალხი უნდა მოვიდეს ოპოზიციაში, რომ ეფექტურად ებრძოლონ ხელისუფლებას. აქ რას მიკეთებენ? ადგნენ, ჩავიდნენ ამერიკაში, გადაებან ერთმანეთს ბორკილებით და დასხდნენ თეთრ სახლთან. ბი–ბი–სი, სი–ენ–ენი და ყველა წამყვანი ტელევიზიები გააშუქებენ და დღეში რამდენჯერმე, მთელი მსოფლიო გაიგებს ივანიშვილმა არჩევნები რომ გააყალბა და იმ თეთრი სახლიდანაც იკითხავენ, ეს ხალხი ამდენ ხანს აქ რატომ ზის, მოდი, ერთი გავერკვეთო. აქ რომ „რუსთავი–2“–ზე და „მთავარ არზე“ აკეთებენ განცახდებებს და მარტო მაგათი ნათესავები და პარტიული აქტივისტები უყურებენ, ეგ რას ცვლის? არაფერს. ადექი, მთელ მსოფლიოს დაანახე, დაუმტკიცე, რომ ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები. დიახ, ან უტვინოები არიან, არ გარიგებულები და ორივე დამღუპველია!
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები