ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს:
„საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან ერთად გარდაუვალია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. ეკონომიკის ზრდა კი ნიშნავს ქვეყნის გამდიდრებას, გაცილებით მეტ დასაქმებულ ადამიანსა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. შესაბამისად, ისმის კითხვა – საიდან უნდა უზრუნველვყოთ დამატებითი ელექტროენერგია?არსებობს რამდენიმე ალტერნატივა – მათ შორის ამ ეტაპზე ყველაზე რეალისტურად ჰიდრო რესურსების ათვისება გამოიყურება.
ცხადია, ელექტროენერგიის ფასი რაც დღესაა, იგივე ვერ იქნება ხვალ – ანუ გაძვირდება. ვისაც არ სჯერა, გადაავლოს თვალი ბოლო 20 წელში ტარიფის ზრდის ტენდენციას. ამიტომ კითხვაზე – უნდა აშენდეს თუ არა ჰესები, პასუხად ვფიქრობ, რომ უკეთესი გონივრული ალტერნატივა ამ ეტაპზე არ სჩანს.
ცხადია, ჰესების მშენებლობა ცვლის გარემოს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს არ არის მარტივად მისაღები. მაგალითად, ჩემი წინაპრების საფლავზე წყლის დაგუბებას რომ აპირებდეს სახელმწიფო, მეც მექნება ემოციური წინააღმდეგობა და ეს ტკივილს მომაყენებდა. ეგ კი არა, 90-იანების ბოლოს, ბაბუამ ყანაში მუხის ხე მოჭრა და დღემდე მივსტირი – ისე მიყვარდა მასზე აძრომა და ძილი. ასეთი ადამიანების წინააღმდეგობა ყოველთვის ექნება მსგავს პროექტებს, თუნდაც მისი განხორციელება მინიმალურ გავლენას ახდენდეს ბუნებაზე. ანუ – პროექტი უსაფრთხოც რომ იყოს, მიუღებლობა მაინც იარსებებს. ცალკე საკითხია გარემოს დაცვის ინტერესი. ცხადია, მსგავსი მასშტაბური პროექტი ცვლის გარემოს, თუმცა სახელმწიფოს მოვალეობაა ასეთი პროექტი მინიმალური “დანაკარგებით” განახორციელოს. შესაძლოა, ინვესტორს ეს საკითხები მეორეხარისხოვნად აღელვებდეს, მაგრამ აქ უნდა ითამაშოს სახელმწიფომ საკუთარი როლი.
ნორმალურ ქვეყნებში, ინვესტორებს ძალიან ბევრი ინსტანციის გავლა უწევთ, სანამ პროექტის განხორციელებას დაიწყენებ, რათა საჭირო ნებართვბი მოაგროვონ. ავტორიტარულ სახელმწიფოებში ეს იოლად ხდება – ყუფარაძე დარეკავს და ეგაა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრობლემაც – ყუფარაძის ზარი.როდესაც მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება იგეგმება, აუცილებელია ხელისუფლება მუშაობდეს საზოგადოებასთან, უზრუნველყოფდეს მათ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რათა საზოგადოება დარწმუნებული იყოს, რომ მათი ინტერესები სათანადოდაა დაცული. დარწმუნებული იყოს, რომ გასაღები მსხვერპლი უფრო დიდ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, მათ კუთხესა და შვილებს. მაგრამ, როცა ხელისუფლება ავტორიტარულია, მას ეზარება რთული დემოკრატიული პროცესების წარმართვა და ბევრად ეადვილება პოლიციის ძალით ხალხის დაშინება და დასჯა. ეს ხდება ახლაც ჩვენს თავს. და რაც გაიზრდება პოლიციური ძალადობა, მოიმატებს მისი მოწინააღმდეგეთა რიცხვიც.
მიუხედავად იმისა, რომ ჰესების მშენებლობის მომხრე ვარ (სწორედ ზემოჩამოთვლილი საჭიროებების გათვალისწინებით), სახელმწიფოს ავტორიტარული ქცევა, ჰესების მოწინააღმდეგეთა ფუნდამენტური უფლებების უარყოფა და მასიური დარღვევა, სოლიდარულად განმაწყობს ჩაგრულთა მიმართ. არცერთ ეკონომიკურ პროექტს არ აქვს აზრი, თუ მის განსახორციელებლად ავტორიტარიზმის დამყარება უნდა გავამართლოთ ქვეყანაში. ამ პროექტის მთავარი პრობლემაც დღეს ეს არის – ავტორიტარული მმართველობა (და არა თურქული ინვესტიცია)“.
კომენტარები