ნანა სულავა
კოლხეთში როდესაც ღირსეული ადამიანი მიდიოდა ამქვეყნიური ცხოვრებიდან, კაცები გარდაცვლილს კუბოსთან დაუჩოქებდნენ ხოლმე და ხმამაღლა, მოთქმით დაიტირებდნენ.
საქართველოში ეს მხოლოდ კოლხების ჩვეულება იყო. ეს წესი პელაზგების მოდგმაშიც იყო თურმე გავრცელებული და დღეს ალბანეთშიც არის შემორჩენილი.
მე იმან გამაოცა, ახლახან გარდაცვლილი სახალხო პოეტის, თემურ ჩალაბაშვილის კუბოსთან მუხლმოყრილი კაცები რომ ვიხილე. ერთი მათ შორის ანსამბლ „შემოძახილის“ მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, უკრაინული წარმოშობის თელაველი ვასო კორნიენკო აღმოჩნდა, რომელმაც ყველას გასაგონად წარმოთქვა ეს სიტყვები: „თემო ძია, შენ თაობები გადაარჩინე, გვასწავლე, როგორ უნდა იცხოვროს კაცმა კაცურად, მე შენი აღზრდილი ვარ. არასდროს დამავიწყდება შენი მადლი და წყალობა“. მერე წამოდგა უცბად, მგალობელთა გუნდი შემოიხვია და ასე, კეთილხმოვანი გალობით, გააცილეს პოეტი მარადიულ გზაზე.
თემურ ჩალაბაშვილის კუბოზე დიდხანს იყო დამხობილი საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ჟურნალ „თაროზის“ მთავარი რედაქტორი ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი. ასეთი გლოვა კარგა ხანია, არ მინახავს. გარდაცვალების დღეს მთელი „ფეისბუქი“ დასტიროდა პოეტს. მანამდე კი, როცა მისი ჯანმრთელობა დამძიმდა, სოციალურ ქსელში ასეთი სიტყვებიც გაჩნდა: „პოეტი ხელში შემოგვადნა, გადავიყვანოთ დროულად საზღვარგარეთ სამკურნალოდ“. ზოგი ბიძინა ივანიშვილს სთხოვდა მის გადარჩენას, მაგრამ… ასე უჩუმრად წავიდა ამქვეყნიდან ალბათ გულდაწყვეტილი პოეტი!…
არადა, იქნებ ერთ სიტყვას, დროულად მის გადაყვანას ევროპის რომელიმე ქვეყნის წამყვან კლინიკაში გადაერჩინა თემურ ჩალაბაშვილის სიცოცხლე?!
არაპროფესიონალი ექიმები კლინიკიდან კლინიკაში აგზავნიდნენ, ხან „ჯოენში“, „ჯოენიდან“ – „ხეჩინაშვილში“, „ხეჩინაშვილიდან“ –„ინგოროყვაში“… ასე გრძელდებოდა თვეების განმავლობაში ეს პროცესი, ოღონდ უშედეგოდ. თუნდაც მარტო ფსიქოლოგიურად როგორ უნდა გაეძლო ამისთვის პოეტს! ბოლოს კი შევიტყვეთ, რომ ინგოროყვას კლინიკაში საოპერაციო მაგიდაზე დალია სული.
ახლა ვეკითხები მწერალთა კავშირს და ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელობას: მთელი ქართველი საზოგადოება რომ იხვეწებოდა სოციალური ქსელებიდან, დროულად გადაიყვანეთ უცხოეთის რომელიმე კლინიკაში და გადაარჩინეთ თემურ ჩალაბაშვილიო, თქვენ რატომ იყავით ჩუმად? რატომ არ მიმართეთ ამ საკითხზე პარლამენტს, მთავრობას, პრემიერს და პრეზიდენტს? რატომ არ შეხვდით ჯანდაცვის მინისტრს? ახლა რომ ნეკროლოგში არ იშურებთ ეპითეტებს?
ჯერ კიდევ პოეტის გარდაცვალებამდე, სახლში მოვინახულე, ის ძალზე შეცვლილი მეჩვენა. ვუთხარი: „ბატონო თემურ, პატარა საგაზეთო წერილი მინდა დავწერო, რომ თქვენი მკურნალობა ევროპის რომელიმე ქვეყანაში, გერმანიაში ან ავსტრიაში გაგრძელდეს-მეთქი“. მისი მეუღლე, ქალბატონი გეტაც ჩაფიქრებული მისმენდა, მაგრამ წერილის დაწერაც ვერ მოვასწარი, ისე დრამატულად განვითარდა მოვლენები.
საერთოდ, ყველა დამეთანხმება იმაში, რომ თემურ ჩალაბაშვილი ძალზე მოკრძალებული ადამიანი იყო. საკუთარი თავისთვის არასდროს უყვარდა ვინმეს შეწუხება, სულ უცნობი ადამიანების დასახმარებლად კი ყოველთვის მზად იყო, ლოგინიდანაც კი წამოდგებოდა, თუ ვინმეს შველა სჭირდებოდა. ჩალაბაშვილების ოჯახი არ იყო ისეთი, ზოგიერთები რომ „დაწანწალებდნენ“ შევარდნაძის მმართველობიდან მოყოლებული და ყველაფერს რომ იგვარებდნენ, თუნდაც დაუმსახურებლად. ერთადერთი იყო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, რომელმაც პრინციპული უარი თქვა დაუმსახურებელ პრივილეგიებზე და იმიტომაც დაამხეს. ასეთმა ფსევდოხელოვანებმა და მწერლებმა თუ პოეტებმა ხან წითელი ფერი მოირგეს, ხან კი – შავი. როცა წითლები იყვნენ, ლენინზე ფასიან ლექსებს წერდნენ, მერე უარყოფდნენ, არ ვწერდითო. ხოლო როცა დასჭირდათ, შავების გვერდით დადგნენ. მერე შავებიდან პირდაპირ გათეთრდნენ. ზოგიერთი მათგანი მერე დემოკრატიის მსახურებად მოგვევლინენ, ახლა ოლიგარქიას მიეკედლნენ. იარონ! იარონ!.. ოღონდ როგორც მუხრანი ამბობდა, ისე! აბა, ალექსანდრე ყაზბეგივით ცხვარში ხომ არ წავლენ?!
თემურ ჩალაბაშვილი არც შავ ვოლგიანებთან იყო, არც „შავ გაგებასთან“ და არც „თეთრებთან“. პარადოქსულია ისიც, რომ გასაოცარი დემოკრატიის პირობებში საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, მაგრამ სათანადოდ არ იზრუნეს, რომ საპატიოდ დაეცვათ მისი სიცოცხლე. თემურ ჩალაბაშვილმა ბოლომდე ღირსეული ქართველი კაცის სახელით იარა და ასე წავიდა ქვეყნიდან. ის თავისი ცხოვრების წესით ქმნიდა ქართველი კაცის სახეს, ის იყო საქართველოს პორტრეტი, ამიტომ მიუძღვნა პოეტმა მზია ხეთაგურმა ისეთი ლექსი, სადაც ზუსტად არის მისი პიროვნება შეფასებული. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ ვრცელი ლექსიდან:
„შენ რომ გხედავ, აღარაფრის შიში არ მაქვს,
ქუჩის მტვერსაც ქარი უცებ მოგვის…
შენ რომ გხედავ, მონატრებულ საქართველოს
ძველებურად აყვავებულს ვხედავ.
შენ რომ გხედავ, მაჩაბელი მახსენდება
და ჰამლეტი, შექსპი-რი-სეული…
შენ რომ გხედავ, ფიროსმანის სევდას ვხედავ –
სანთლის ალით დამარცხებულ წარღვნას.
შენ რომ გხედავ, გულში ჩუმად ვუალერსებ,
ბავშვობაში წამღერებულ მოტივს…
მირონი სდის შენს ოცნებებს და შენს ლექსებს,
შენ გხედავ და… საქართველო მოდის!“
იმ დღეს, ვორონცოვზე, თემურ ჩალაბაშვილის პატარა ბინა ზღვა ხალხს ვერ იტევდა. პოეტის ქალიშვილი თამთა ჩალაბაშვილი ტიროდა, მამა ექიმებმა მომიკლეს, კლინიკურ ისტორიას აუცილებლად გამოვითხოვო.
ახლა ჯანდაცვის მინისტრთან მაქვს ასეთი კითხვა:
თქვენს კლინიკებში თვეების განმავლობაში რომ მკურნალობდა ცნობილი პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, ლევან გოთუას პრემიების ლაურეატი, მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე, დამსახურებული ჟურნალისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ზვიადისა და მერაბის თანამებრძოლი, რას აკეთბდა თქვენი ე.წ. „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“? განახორციელა მონიტორინგი, თემურ ჩალაბაშვილის მკურნალობა სწორად მიმდინარეობდა თუ არა? ამ ადამიანის სიცოცხლე არა მარტო მისი ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვის იყო ძალზე მნიშვნელოვანი. შეასრულა ამ სააგენტომ თავისი პროფესიული მოვალეობა? რა პრინციპით არის შექმნილი ეს სამსახური? უკვე რამდენი ადამიანი გარდაიცვალა არასწორი მკურნალობის შედეგად! და ბოლოს და ბოლოს, როდის დაემსგავსება საქართველოს ჯანდაცვა ჯანდაცვას?
ახლა ვეკითხები ქვეყნის პრემიერს: თუ ფაშისტ (ეს თქვენი პოლიტიკური შეფასებაა სააკაშვილზე და მეც ვეთანმები, – ნ.ს.) სააკაშვილს ევროპელი და ამერიკელი ექიმები ჩამოუყვანეთ, მილიონები დაახარჯეთ მის მკურნალობას, საზოგადო მოღვაწეს, თემურ ჩალაბაშვილს, რატომ არ ჩამოუყვანეთ ევროპელი და ამერიკელი ექიმები, კლინიკიდან კლინიკაში რომ დაატარებდნენ არაპროფესიონალი ექიმები? რატომ არ უზრუნველყავით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი მკურნალობისთვის გამოყოფილიყო შესაბამისი თანხა ევროპის წამყვან კლინიკებში სამკურნალოდ? თემურ ჩალაბაშვილმა ქვეყნის სამსახურში დაასრულა ცხოვრება. მას ერთი ლექსი არ დაუწერია ღრმა განცდისა და შთაგონების გარეშე. მაგალითად, მისი ლექსი, შუშანიკ დედოფალს რომ მიუძღვნა, ოქროს ასოებით ამოიქარგა და ახლა მეტეხის ტაძარში, საქართველოსთვის წამებული დედოფლის საფლავს ამშვენებს.
პოეტის ერთ-ერთ ლექსზე: „ჩემო საქართველო, მართლმადიდებელო“ შექმნილ ჰიმნს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ „მართლმადიდებლობის სიმღერა“ უწოდა. მის ლექსებზე ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორებმა არაერთი სიმღერა შექმნეს. და ყველაზე მთავარი: ის მარტო მდიდარი შემოქმედებით კი არ გამოირჩეოდა, ის პიროვნული ღირსებებით, ესთეტურობით, დახვეწილი ჩაცმის კულტურითაც გამოირჩეოდა და ასე მოხდენილად დააბიჯებდა თბილისის ქუჩებში და ამშვენებდა ქალაქს. ყველა რანგის ადამიანი მოწიწებით და სიყვარულით ესალმებოდა. ასეთი დამოკიდებულება ხალხისგან იშვიათობაა დღეს ამ ტიალ დროში.
ახლა ის ეპიზოდიც არ მინდა გამომრჩეს, როცა პოეტი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში სახლში მოვინახულე. მე იქ ერთდროულად დავინახე სიყვარული და სიკვდილი… სულმთლად დაუძლურებული პოეტი მობილური ტელეფონითთავის განუყრელ მეგობარს, თენგიზ არჩვაძეს ესაუბრებოდა. ეს ორი რაინდი ერთმანეთს ამხნევებდა. ამ საუბრიდან ორიოდე დღის შემდეგ თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. მას თემურ ჩალაბაშვილიც მალე მიჰყვა. როცა პოეტისთვის თენგიზის გარდაცვალების შესახებ უთქვამთ, მე ის არ დამტოვებს, მალე წამიყვანსო, უპასუხია. ასეც მოხდა… სიცოცხლეში განუყრელი მეგობრები სიკვდილმაც ვერ დააშორა.
პოეტი თემურ ჩალაბაშვილი სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. სამგლოვიარო ცერემონიას ზღვა ხალხი მიჰყვებოდა. კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის გარდა, მთავრობის სხვა წევრები იქ არ მინახავს…
თემურ ჩალაბაშვილი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
პოეტის ხუთი წლის შვილიშვილს, თარაშ ჩალაბაშვილს ყელში გაჩრილი ცრემლებით უთქვამს, ქრისტემ ხომ გააცოცხლა ლაზარე, პაპას არ გააცოცხლებსო? იმდენად წმინდა იყო პოეტი, მთელი თავისი ოჯახით, რომ პატარა თარაშს ქრისტეს ისტორია კარგად ასწავლა.
აი, თურმე, რატომ იფიცებდა პოეტი კაცი პატარა თარაშს: – „თარაშოს თვალებს გეფიცებიო“.
ჩემო საყვარელო თარაშ, გავა დრო და შენი პაპა კიდევ უფრო გაცოცხლებული იქნება. თქვენ ყველა ნახავთ ამას!
კომენტარები