„ალიას“ ესაუბრება 24 წლის ცირა კელენჯერიძე, რომელიც პროფესიით ექთანია და რამდენიმე წელია „ნიუჰოსპიტალსში“ მუშაობს, იგი ექიმობაზე ოცნებობს. თუმცა, შარშან მისი ოცნების ახდენა საშიშროების წინაშე დადგა.
ცირა კელენჯერიძე:
გასული წლის ზაფხულში ბათუმში მივდიოდით მანქანით, თუმცა, ბათუმამდე ვერ ჩავედით, გზაში ავარიაში მოვყევით. მე და კიდევ ერთი მგზავრს გვქონდა დაზიანება, ტვინის შერყევა მქონდა და კიდევ არაერთი მცირე ტრავმა, მაგრამ ყველაზე მეტად მარჯვენა ხელი მქონდა დაზიანებული, მთლიანად დამსხვრეული იყო ძვალი. მოვახერხე და მოვითხოვე „ნიუჰოსპიტალსში“ გადავეყვანე სასწრაფო დახმარების ბრიგადას. დიდი იმედი მქონდა ჩემი კოლეგების და ამიტომ, დასავლეთიდან წამოვაყვანინე თავი თბილისში. პირველი ოპერაცია გადაუდებელი იყო და მყისიერად ჩამიტარდა. საჭირო იყო მეორე ოპერაცია, რადგან ნერვი თითქმის ძვალს იყო მიხორცებული. ჩამიტარეს კვლევები, მიოგრაფია და მივხვდით, რომ ნეიროქირურგის ჩართვა იყო საჭირო. რთული მდგომარეობა იყო, არ ვიცოდით, ოპერაციისას, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ნერვი, არ ვიცოდი, შევძლებდი ისევ, მარჯვენა ხელით სარგებლობას, თუ ვერა. ოპერაციამდე, არ დავმალავ, შიშმა შემიპყრო, წარმოვიდგინე, როგორ იქნებოდა ჩემი ცხოვრება ხელის მოძრაობა შეზღუდული რომ დარჩენილიყო, უარი უნდა მეთქვა ჩემ ოცნებებზე, დამოუკიდებლად ვერ უნდა მომეხერხებინა ბევრი რამის გაკეთება – ხეიბარი უნდა გავხდარიყავი. არ იყო ადვილი ამ ფიქრების გამკლავება, თუმცა, ის მაიმედებდა, რომ ნიჭიერ და პროფესიონალ ქირურგს, რუდიკო ჯიგანიას უნდა გაეკეთებია ჩემთვის ოპერაცია, მას მანამდეც ვიცნობდი და დიდ პატივს ვცემდი.
მეორე ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარდა და საოპერაციო მაგიდიდან რა წამსაც ჩამოვედი, უკვე ვიგრძენი უკეთესობა. ჭრილობა რომ შემიხორცდა, სარეაბილიტაციო კურსი ჩავიტარე და ძალიან მალე, ხელის ამოძრავება ჩვეულებრივ შევძელი. მეორე ოპერაციიდან 8 თვე გავიდა და უკვე ნელ-ნელა უკან ვტოვებ კოშმარულ ფიქრებს. ზოგჯერ, ღამით, წამით მავიწყდება რომ ხელი უკვე აღარ მტკივა და არც მოძრაობა მაქვს შეზღუდული – შიშით ვახელ თვალებს, მაგრამ შემდეგ მახსენდება წარმატებით დასრულებული ოპერაცია და ჩემივე შიშის გამო, მეღიმება.
3 წელია ექთანად ვმუშაობ, თან სტუდენტი ვარ, ვსწავლობ, იმედი მაქვს 4-5 წელიწადში რეზიდენტურასაც დავამთავრებ და ვიქნები დიპლომირებული ექიმი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი. „ნიუჰოსპიტალსში“ რომ მოვედი ექთნად, მოვხვდი ინტენსიური თერაპიიის განყოფილებაში. მართალია, რთულია ემოციურად აქ მუშაობა, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე დგახარ და ვერ იქნება მარტივი, მაგრამ ასევე ვერაფერი შეედრება იმ სიხარულს, რასაც განიცდი, გადარჩენილი და გამოჯანმრთელებული პაციენტის დანახვისას, არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება ექიმისთვის, როდესაც უყურებ და ხვდები, რომ კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენაში შეიტანე მოკრძალებული წვლილი. სწორედ აქ და ამიტომ გადავწყვიტე რეანიმატოლოგი გამოვიდე.
სამსახურიდან გამომდინარე, ხშირად ვხედავ რუდიკო ექიმს, რომ ვუყურებ, სულ მინდა თავიდან და თავიდან ვუთხრა მადლობა, მადლობა, რომ ჩემი ოცნებები გადაარჩინა, მის გარეშე, ჩემი ცხოვრება არ ვიცი, როგორ წარიმართებოდა.
“ალია“ დაუკავშირდა ექიმ რუდიკო ჯიგანიას, რომელიც წლების მანძილზე პეტერბურგში სწავლობდა, იქ დაიცვა სადოქტორო და ამჟამად, უკვე 37 წლის ასაკში მედიცინის დოქტორია.
– ვესაუბრეთ თქვენ ყოფილ პაციენტს და თქვენ თანამშრომელს ცირა კელენჯერიძეს, რომელსაც ურთულესი ოპერაცია გაუკეთეთ და თავად მისივე თქმით, „ხეიბრობას გადაარჩინეთ“. რა არის ასეთი ოპერაციებისას მთავარი?
– არ მიყვარს ეს სიტყვა, ხეიბარი, მაგრამ სწორად უთქვამს ცირას, იყო ეგ საშიშროება. მსგავსი პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ არ დაკარგონ დრო და საჭირო ჩარევა სპეციალისტის მიერ, მაქსიმალურად მალე განხორცილდეს. ცირას შემთხვევაში სხივის ნერვი იყო დაზიანებული. ეს პათოლოგია ყველაზე ხშირად სწორედ ტრავმების შედეგად ვითარდება. ტრავმის გარეშეც შემხვედრია სხივის ნერვის დაზიანების რამდენიმე შემთხვევა პრაქტიკაში, თუმცა იშვიათად. მიღებული ტრავმის შემდეგ, ცირას ტრავმატოლოგები დაეხმარნენ, ძვალი სწორად იყო დაფიქსირებული, მაგრამ ნერვი იყო დაზიანებული, რაც იწვევდა კუნთების ატროფიას. ასეთ შემთხვევაში ნეიროქირურგისთვის დროულად მიმართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან, 18-24 თვის შემდეგ, შესაძლოა, კუნთი ისე იყოს ატროფირებული, ოპერაციას აზრი ეკარგებოდეს. ინდივიდუალურია დროც, მქონია შემთხვევა, რომ სიმპტომების გამოჩენიდან 3 წლის შემდეგ გაკეთდა წარმატებული ოპერაცია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, დრო გადამწყვეტია, სამწუხაროდ! სწორედ, ამიტომ მნიშვნელოვანია პაციენტმა დროულად მიმართოს სპეციალისტს. ძალიან მარტივი ენით რომ ვთქვათ, მცენარეს რომ წყალს აღარ მივაწვდით, მცენარე იწყებს კვდომას, ხომ ასეა? ასე იწყებს კუნთიც კვდომას, თუ ბოლომდე ატროფირდა კუნთი, მას ვეღარ ვუშველი, სამწუხაროდ.
ვიდეო გადაღებულია ოპერაციამდე
– რა არის სიმპტომები, რომელიც ნერვის დაზიანებაზე მიგვანიშნებს?
– ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა, კიდურების დაბუჟება, ცირას შემთხვევაში, მაჯის და ხელის თითების მოძრაობის შეზღუდვა. უჭირდა თითების გაშლა – ამას დაკიდულ მტევანს ვეძახით.
– ცირა მიყვება, რომ თქვენი ყოველი დანახვისას, სურვილი უჩნდება, მოვიდეს და კიდევ და კიდევ გითხრათ მადლობა…
– ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში, როდესაც ცირას ოპერაცია გავუკეთე. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ამ ოპერაციამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო, მთელი მისი მომავალი ამ ოპერაციაზე იყო დამოკიდებული.
ოპერაციის შემდგომ გადაღებული ვიდეო
– გარდა იმისა, რომ იცოდით, მისი ოცნებების ასრულება ამ ოპერაციაზე იყო დამოკიდებული, ის თქვენი თანამშრომელი და თქვენი მომავალი კოლეგა იყო – ამან იმოქმედა ოპერაციისას?
-არა, ყველა პაციენტი ერთი უნდა იყოს ქირურგისთვის, თანაბრად მნიშვნელოვანი. სხვაგვარად, ის ვერ იქნება კარგი ქირურგი. არის შემთხვევა, ერთ პაციენტზე 50 ადამიანი მირეკავს და მთხოვენ მათ ახლობელს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო და კარგად გავუკეთო ოპერაცია, მაგრამ ჩემთვის ყველა პაციენტი მთავარია, ისიც, ვისაც ვიცნობ და ისიც, ვისაც არ ვიცნობ. მე მიყვარს ჩემი საქმე. ნეიროქირურგია რთული სპეციალობაა, რთული დარგია, რომელიც ან იცი, ან არ იცი. მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვაგან, გარდა ნეიროქირურგიისა, ჩემთვის ეს უმაღლესი კლასია.
ოპერაციის საბოლოო შედეგი
– როდის და როგორ გადაწყვიტეთ, რომ ექიმი უნდა გამოსულიყავით?
– არ მახსოვს, პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ ექიმი გამოვიდოდი, ასე არ მომხდარა, რომ, აი, სკოლა დავამთავრე და მერე გადავწყვიტე, რაც თავი მახსოვს, სულ ვიცოდი, რომ ექიმი ვიქნებოდი და ადამიანებს დავეხმარებოდი. არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა მადლიერი პაციენტი გეკითხება, შეიძლება ჩაგეხუტოთ? თავისუფლად შემეძლო უცხო ქვეყანაშიც დამემკვიდრებინა თავი, მაგრამ მინდოდა ჩემ სამშობლოში გამოვდგომოდი ჩემ ხალხს. ამიტომ დავბრუნდი საქართველოში. 9 წელია ექიმი ვარ, ჩემი კრედოა, მოვექცე ადამიანებს ისე, როგორც მე მინდა, რომ მომექცნენ და ნამდვილად არ მინდა ცუდად მომექცნენ. ჩემამდე რომ მოვა პაციენტი, ის უკვე შეჭირვებულია ავადმყოფობის გამო, მას უკვე აქვს პრობლემა, რომელიც მე უნდა მოვუგვარო. პაციენტი, რომელიც პირველად მოდის ჩემთან, კაბინეტიდან გასვლისას, უკვე უკეთ უნდა გრძნობდეს თავს, მისთვის უკვე უნდა არსებობდეს ნათელი წერტილი, იმედი. ამ პრინციპით ვხვდები ყველა პაციენტს.
კომენტარები