ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, უსაფრთხოების ექსპერტი, ვახტანგ მაისაია.
– უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებამ ამერიკაში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში – ნატო-ს სამხედრო ბაზაზე, მოსალოდნელი შედეგი უკვე გამოიღო?
– რა თქმა უნდა, აქ ორი აზრი არ არსებობს. უკრაინის არმია ბევრად ძლიერია და უკეთ მომზადებულია, ვიდრე ომის დასაწყისში. თან, პრინციპში, რუსული და უკრაინული სამხედრო-საბრძოლო სკოლები ერთ დონეზე იყვნენ იმთავითვე. საბჭოთა კავშირი იმიტომ იყო ძლიერი, რომ რუსულ-უკრაინული სამხედრო პოტენციალის გაერთიანება იყო. აქვე ბელარუსიც უნდა ვახსენოთ და ზოგადად, სლავური რესპუბლიკები. კი, დანარჩენი 12 რესპუბლიკის წვლილიც იყო, მაგრამ სამი მთავარი რესპუბლიკა სამხედრო პოტენციალით, ესენი იყვნენ. ცხადია, მეორე მსოფლიო ომში, მთავარი დამრტყმელი ძალა, სწორედ ამ სამი რესპუბლიკის სამხედრო შენაერთები იყვნენ. ამ შენაერთებში დანარჩენი 12 რესპუბლიკის წარმომადგენლებიც იბრძოდნენ, მათ მარშლები და გენერლებიც ჰყავდათ, მაგრამ რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის უპირატესობა აშკარა იყო. საბჭოთა კავშირის დროს, სხვათა შორის, არავის არაფერს უკარგავდნენ, ყველა რესპუბლიკას თავისას მიაგებდნენ. მერე, საბჭოთა კავშირი, როცა დაიშალა, რუსეთმა დაიწყო ისტორიის გადაწერა. ჯერ რუსები დააჯერეს, რომ საბჭოთა კავშირმა მარტომ მოიგო ომი ფაშისტურ გერმანიასთან და მოკავშირეების დახმარებას სიმბოლური ხასიათი ჰქონდა. თითქოს, ამერიკა და ბრიტანეთი რომ არ ჩარეულიყვნენ ომში გერმანიის წინააღმდეგ, მაინც მოიგებდნენ იმ ომს, რაც სრული აბსურდია. ამის მერე რუსებს დააჯერეს, რომ გერმანიასთან ომი რუსებმა მოიგეს, მხოლოდ რუსეთის ზურგზე გადაიარა ომის ყველაზე დიდმა ბრძოლებმა. ამით, დააკნინეს ყველა დანარჩენი რესპუბლიკის წვლილი, პირველ რიგში, უკრაინელებისა და ბელარუსებისა. უკრაინელებს მეორე მსოფლიო ომში, რუსებზე ნაკლები საბრძოლო სულისკვეთება არ ჰქონიათ. ახლა გამოჩნდა, რომ ამ იდეოლოგიურმა ტყუილმა, ამ პროპაგანდამ ძალიან ცუდად იმუშავა და პირველ რიგში, რუსული არმიისთვის. რუსი ჯარისკაცები გაოგნებულნი არიან უკრაინელთა ბრძოლისუნარიანობით, ეს ძალიან უკვირთ და ამას ღიად აცხადებენ. არადა, ეს მათთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო. სიმართლე რომ არ დაემალათ მათთვის. გამოვიდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში გაგზავნა ჯარი, რომელმაც მტრის საბრძოლო შესაძლებლობები, პოტენციალი არ იცოდა სრულად. ეს კი მოწინააღმდეგის შეუფასებლობაა, რაც დამღუპველია ომში. შესაბამისი შედეგიც სახეზეა. შტემენკო, როკოსოვსკი, ერემენკო, ბაპენკო, კულიკი, ბატიცკი, მალინოვსკი, ტომოჩენკო, ვოროშილოვი, ტუხაჩევსკი და კიდევ არაერთი გენერალი და მარშალი უკრაინელები იყვენ. მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების შექმნაში და მეორე მსოფლიო ომში. ტუხაჩევსკი 1937 წელს დახვრიტეს, მაგრამ ბევრი გააკეთა საბჭოთა არმიის შესაქმნელად.
კომენტარები