ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი, ჯუმბერ კირვალიძე.
– სამშობლოს დაცვას დანაშაული დაარქვეს ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა… ალბათ ამიტომ უწუნებენ უკრაინელებს გმირულ ბრძოლას. თქვენ რას ფიქრობთ?
– ენაზე მომდგარ სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდაო, მშვენიერი ნათქვამია. უნდა აწონ-დაწონო და ის თქვა, რაც ქვეყნისა და საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებშია და ამის უნარი თუ არ გაქვს, არ არის შენი საქმე პოლიტიკა, შენ ამით ქვეყანას აზიანებ და მერე ეს წინ გხვდება. გერმანიის პრეზიდენტს, შტაინმაიერს ზელენსკიმ უარი უთხრა უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტზე, არ შეუშვა ქვეყანაში და ამის მიზეზად, შტაინმაიერისა და რუსეთის ხელისუფლების მჭიდრო და საეჭვოდ თბილი ურთიერთობა დაასახელა. ზელენსკის ერთი შენიშვნა არ მისცეს არც ამერიკელებმა, არც ბრიტანელებმა და არც ევროპის გავლენიანმა ქვეყნებმა. უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა ზელენსკიმ, რუსეთის მიმართ ნეიტრალური პოზიციის გამო, უკრაინელი ლტოლვილები რომ არ შეუშვა უნგრეთში და არც ამაზე ამოუღია ხმა არავის. რამდენი ამგვარი არაორდინალური რამ მოხდა და იცვლება მსოფლიო, ამას ყველა ხვდება და ჩვენი ხელისუფლება ვერა და ვერ მიხვდა. ვერ დადგა იმ პოზიციაზე, რომელიც სამომავლოდ მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის. ეს კი ის პოზიციაა, რაზედაც მთელი ცივილიზებული სამყარო დგას. არ დადგები იქ და ვერ მიიღებ სამომავლოდ პოლიტიკურ, ფინანსურ თუ სხვა სახის მხარდაჭერას, რომ რუსეთის მიტაცებული ტერიტორიები დაიბრუნო. ომს არ ვგულისხმობ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ ბრძოლას დასავლეთის დიდი მხარდაჭერის გარეშე, ვერ მოუგებ რუსეთს. ახლა, ვინც ამას ვერ ხვდება, იმასთან აზრი არ აქვს ლაპარაკს. უკრაინის ხელისუფლების ლანძღვა უკვე ჩვევად ექცა ჩვენს ხელისუფლებას. ეს კიდევ არაფერი, ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს აღარ ინდობენ, უკადრებელს აკადრებენ. ეს ირაკლი კობახიძე რომ არის, წარმოდგენა არ აქვს პოლიტიკაზე, ისევე როგორც სხვებს. იურისტია კობახიძე და რაიმე პოლიტიკურ შეცდომას თუ დაუშვებს პრემიერი, რომელიმე მინისტრი თუ დეპუტატი, გამოდის და კანონებით გველაპარაკება, კანონის ენით ამართლებს პოლიტიკურ შეცდომებს. არ არის ეს კაცი პოლიტიკოსი, პოლიტიკურ შეცდომას იურისპრუდენციით ვერ გაამართლებ. შეიძლება კანონი არ დაარღვიოს, მაგრამ ისეთი შეცდომა დაუშვას პოლიტიკოსმა, თაობები მოუნდნენ მის გამოსწორებას. მე მოგიყვანთ მათემატიკოსებს, ფიზიკოსებს, რომლებიც ისეთ პოლიტიკურ ანალიზს დადებენ, ათი იურისტი ვერ დადებს მსგავს პოლიტიკურ ანალიზს. იურისტობა არ ნიშნავს, რომ ყველაზე ჭკვიანი პოლიტიკოსი ხარ. ჩვენ რომ ვიყოთ დეპუტატები და დავწეროთ კანონპროექტი, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი იმისთვის არსებობს, რომ ეს კანონპროექტი იურიდიულად გამართოს, მაგრამ იდეა ჩვენი იქნება. კარგი პოლიტიკოსი რომ იყო, არ არის აუცილებელი, იურისტი იყო. იდეისგან დაცლილი ხელისუფლება გვყავს, გული მიკვდება, რა. გულით მინდოდა ამათი მოსვლა ხელისუფლებაში, მაგრამ გამიცრუვდა იმედები. სად იყო ივანიშვილი, ტელეფონზე „ნაცების“ გინებების მესიჯები რომ მომდიოდა ყოველდღე. 10 წელია, რაც „ნაცებს“ დარჩათ დასანგრევი, იმ სფეროებს მიადგნენ და ანგრევენ. უმძიმესი სოციალური ფონია ქვეყანაში და ხალხს საზღვრები რომ გაუხსნა, 60 წლამდე და მეტი და 18 წლამდე ასაკის ქვემოთ ვინც არის, მარტო ისინი დავრჩებით საქართველოში, ყველა წავა. ესენი გამოდიან და იძახიან, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ქვეყანაშიო. ამათ ვეძახი ჩარჩების ხელისუფლებას, დაუდგამთ დახლი და ვაჭრობენ.
– ბევრს ევროპა და ამერიკა არ უნდა ჩვენში და მათიც მესმის, მაგრამ რუსეთი თუ გახდებოდა ამ ხალხისთვის მათი საპირწონე, ეს არ მეგონა. ამოიჩემეს რუსეთის ერთმორწმუნეობა და მათ ამ კოზირსაც მოეღო ბოლო – უკრაინაში რა საშინელებებს სჩადიან ერთმორწმუნე რუსი ჯარისკაცები, ვნახეთ.
– პირველად ამერიკისა და სხვა ქვეყნების საელჩოები რომ გაიხსნა საქართველოში, უცხოეთის ქვეყნებმა რომ აღიარეს ჩვენი დამოუკიდებლობა, მაშინ ვთქვით გარკვეულმა ადამიანებმა, რომ ახლა უკვე რუსებისგან თავისუფლები ვართ, ეს საელჩოები იქნება ჩვენი ფარი და ნელ-ნელა განვითარდებითო. ასეც იყო. ეს საელჩოები, საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლობები რომ არ გახსნილიყო, ისეთები თუ ასეთები, ჩვენ უკვე ვიქნებოდით რუსეთის ფედერაციაში. ან ისე, როგორც ტაჯიკეთი და ყირგიზეთი არიან. დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, ვერაფერს გავაკეთებდით. ახლა გამოდიან ესენი და ხან ამერიკის ელჩი გალანძღეს და ჩააწვინეს მიწაში, ხან ევროკავშირის. ამას ან რუსი პოლიტიკოსები უწერენ, ან „ფეესბე“, სხვა ახსნა არ აქვს. ეგენი გვაძალებენ ამ გეების პროპაგანდას და მაგათ პრაიდების ჩატარებასო, იძახიან. დავიბრუნოთ რეფერენდუმის უფლება, ჩავატაროთ რეფერენდუმი და ხალხმა გადაწყვიტოს, გეების პროპაგანდა უნდა აიკრძალოს თუ არა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა სოდომის ცოდვის აკრძალვას დაუჭერს მხარს და მორჩა და გათავდა. მერე, ამით ის ხალხი გვემუქრება, ვინც ამ ხელისუფლების მომხრეა და პარლამენტში 150 დეპუტატი შეიკრიბა, „ანტიდისკრიმუნაციული კანონი“ და შემდეგ „იუვენალური კანონი“ მიიღო, ამაზე არ იღებენ ხმას. როგორ? მეუბნები, რომ ორივე კანონი საფრთხის შემცველია, ანტიეროვნული და და ეროვნულ ფასეულობებს, ოჯახის ინსტიტუტს დარტმას აყენებს, არც ერთი კანონი არ მოგწონს და ვინც ეს კანონები მიიღო, ის ხელისუფლება როგორ მოგწონს და იმას მხარს როგორ უჭერ? სად არის აქ ლოგიკა და ელემენტარული პატიოსნება? ბოდიში და, ეს არის ვირეშმაკობა, მეტი არაფერი. როგორ შეიძლება, ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია და ვექტორი იმით განსაზღვრო, რომ ადამიანის უფლებებთან ერთად, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია, რადგან არ შეიძლება უსამართლობა, რომ რაღაც ჯგუფები ლობირებენ გეებს და ეწევიან მათი ცხოვრების წესის პროპაგანდას. სოდომის ცოდვა ჩემთვისაც მიუღებელია და ეს არის ღმერთის წინააღმდეგ წასვლა. თუმცა, იმის წინ წამოწევა დანაშაულია, რომ პუტინს აკრძალული აქვს ჰომოსექსუალიზმი, რუსეთში სისხლის სამართლის წესით ისჯება და ამიტომ თურმე რუსეთის მხარეს უნდა ვიყოთ, იმ პუტინს უნდა მივბაძოთ და მადლობა უნდა ვუთხრათ, რომელმაც ორი რეგიონი წაგვართვა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სისხლის ზღვები დააყენა, საჯიშე ახალგაზრდები ამოგვიწყიტა. ეს აღარ ახსენდებათ? ისე, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში რომ ჰომოსექსუალიზმია და განსაკუთრებით, ელიტარულ საზოგადოებაში, ჰოლანდია და ბელგია მონაგონია იმათთან შედარებით. ვინ არის მართლმორწმუნე? ჩვენმა პატრიარქმა თქვა ერთხელ, რუსეთი არის უპირატესად მართლმადიდებელი ქვეყანაო. ეს „უპირატესი“ ყველაფერს ნიშნავს, ამით ყველაფერი თქვა პატრიარქმა. რაც მაგათ სისხლი აქვთ დაღვრილი, სტეპური ველურობა, აღმოსავლური სისასტიკე დალექილია მაგათ ძარღვებში. ჩვენ არავინ გვინდა სამაგალითოდ, ჩვენგან აიღონ მაგალითი. რუსეთამდე 600 წლით ადრე გაქრისტიანდა საქართველო და მაგათი მისაბაძი რა გვჭირს? ქრისტიანობისთვის ბრძოლას, მის შენარჩუნებას გადაჰყვა საქართველო და ევროპაში ქრისტიანობის დასაცავად, რუსეთზე მეტი წვლილი მიგვიძღვის. “თბილისი რომ არა, შესაძლოა, ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგის-ხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები, სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე” – წერდა ავსტრიელი პოეტი, ჰუგო ჰუპერტი.
ესენი რომ კითხულობენ. მშვიდობა გინდათ თუ თავისუფლება? აღრეულია ეს ცნებები. მშვიდობას რა ჯობია, მაგრამ მშვიდობა თავისუფლებას არ ჯობია. შეგნებულად უპირისპირებენ თავისუფლებას მშვიდობას. თუ შენს ქვეყნაში მშვიდობა გინდა, ცოტა თავისუფლება დათმეო და ეს არის შეგნებული თუ შეუგნებელი საქციელი ქვეყნის საზიანოდ. „ის, ვინც დათმობს თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მისაღებად, არც თავისუფლების ღირსია და არც უსაფრთხოების.“ — ეს თქვა ბენჟამენ ფრანკლინმა. სახელმწიფოს თავისუფალი განვითარება, სუვერენიტეტი, ეს არის უმაღლესი კატეგორია. ამის ხელყოფას ვინც გაბედავს, ის არის ქვეყნის მტერი.
კომენტარები