მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღებული ხელშეკრულება, აზერბაიჯანისთვის ცალსახად ძალიან დიდი წარმატებაა, თუმცა ყველაზე დიდი გამარჯვებული არის რუსეთი და გამოჩნდა რა იყო რეალურად რუსეთის სიჩუმის მიზეზი მთელი კონფლიქტის განმავლობაში, – ამის შესახებ ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
„ის საბრძოლო მოქმედებები, რომელიც რეგიონში მიმდინარეობდა, აზერბაიჯანის სასარგებლოდ იყო და ეს ბრძოლებში წარმატება აისახა, შემდგომში დიპლომატიურ მიმართულებაზე – ხელშეკრულებაზე, რომელიც არის სომხური მხარის კაპიტულაცია, რომელსაც მოუწია ბევრ დათმობაზე წასვლა თავისი გადმოსახედიდან. რეალურად გამარჯვებული, რა თქმა უნდა, არის აზერბაიჯანული მხარე, ოღონდ ეს 100%-იანი გამარჯვება არ არის, ის იბრუნებს კონტროლს ძალიან დიდ ტერიტორიაზე, რაც ცალსახად ძალიან დიდი წარმატებაა, თუმცა ყველაზე დიდი გამარჯვებული რუსეთი არის და გამოჩნდა რა იყო რეალურად რუსეთის სიჩუმის მიზეზი მთელი კონფლიქტის განმავლობაში.
რუსეთი შემოდის უკვე კავკასიის მესამე რესპუბლიკაში ოფიციალურადაც. საქართველოში ოკუპირებულ რეგიონებში აქვს ბაზები, ბაზა აქვს სომხეთში და ახლა უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რეალურად არის ის, რომ სულ საბრძოლო მოქმედებებს ვერ აწარმოებ სადმე უნდა გაჩერდე. რუსეთის სიჩუმე მიანიშნებდა იმაზე, რომ რაღაც სახის შეთანხმება არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის იდეალური აზერბაიჯანისთვის, თუმცა დაახლოებით 2/3 იმ ტერიტორიების, რომლებიც ოკუპირებული იყო, იბრუნებს, აბრუნებს თავის ლტოლვილებს და ჩემი აზრით, აზერბაიჯანმა მოიპოვა საკმაოდ დიდი წარმატება, მოგებული არის როგორც რუსეთი, ასევე აზერბაიჯანი და თურქეთი, ხოლო დამარცხებული არის სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც მძიმე დღეები ელის და უკვე ვხედავთ არეულობებს სომხეთის ტერიტორიებზე“
კომენტარები