ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა სამხედრო მაღალჩინოსნები გაათავისუფლა, რომლებიც უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე წარმატებული ოპერაციები ვერ განახორციელეს. ინფორმაციას ამაზე ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.
ანგარიშის მიხედვით, გათავისუფლებულთა შორის არის გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც პირველი ელიტარულ გვარდიის სატანკო არმიას მეთაურობდა და ხარკოვის აღება ვერ მოახერხა. ასევე, თანამდებობა დაკარგა ვიცე-ადმირალმა იგორ ოსიპოვმა, რომელიც მეთაურობდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს კრეისერ МОСКВА-ს ჩაძირვის დროს.
“რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი სავარაუდოდ რჩება თანამდებობაზე, მაგრამ უცნობია, ინარჩუნებს თუ არა ის პუტინის ნდობას.
რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების სისტემაში, სავარაუდოდ, განტევების ვაცის კულტურაა გავრცელებული, შესაბამისად, უკრაინის შეჭრაში ჩართული ბევრი ოფიციალური პირი მეტ ძალისხმევას დახარჯავს, რათა თავიდან აიცილოს პირადი პასუხისმგებლობა ოპერაციის ჩავარდნის გამო.
დიდი ალბათობით, ეს რუსეთის მართვისა და კონტროლის ცენტრალიზებულ მოდელს კიდევ უფრო დაძაბავს, რადგან ოფიცრები სულ უფრო მეტად ცდილობენ, საკვანძო გადაწყვეტილებები თავიანთ უფროსებს გადააბარონ. ამ პირობებში რუსეთს ინიციატივის დაბრუნება გაუჭირდება”. – წერია ანგარიშში.
კომენტარები