უკრაინაში, ქალაქ ხარკივსა და სოფელ ზოლოჩოვს რუსულმა ძალებმა დრონებით შეუტიეს, შედეგად ხარკივში 9 ადამიანი დაშავდა, ხოლო ზოლოჩოვში 8. ამის შესახებ ინფორმაციას, ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი და ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხარკივში სულ მცირე 15-ჯერ გაისმა აფეთქების ხმა. ქალაქში დაზიანდა მაღლივი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
“დღეს უკვე ათზე მეტი დრონი დაარტყა ჩვენს ხარკივს, უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქს. დაზიანებულია ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები და ამ დროისთვის დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგონა. არცერთმა ქვეყანამ არ უნდა გამოიაროს ეს. და ამ ფონზე საუბარი რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებაზე, სანქციების მოხსნაზე და ა.შ., ნამდვილად შეუსაბამოა და არ გვეხმარება,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმის შემდეგ.
მოგვიანებით, ხარკივის ოლქის პროკურატურამ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ ზოლოჩოვში თავდასხმის შედეგად 18 წლის გოგონას, მის 26 წლის ძმას და 67 წლის ქალს მრავლობითი დაზიანებები მიადგათ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, ერთი სახლი მთლიანად დაინგრა და სულ მცირე 12 დაზიანდა. ასევე დაზიანდა საოფისე შენობა, ადგილობრივი სტადიონი და ელექტროგადამცემი ხაზები.
ასევე, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის სერჰი ლისაკის ინფორმაციით, რუსების მიერ ქალაქ დნიპროზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა 10-ზე მეტი მაღალსართულიანი შენობა, ბიზნესი, საგანმანათლებლო დაწესებულება და ათობით მანქანა.
კომენტარები