თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი, კახა ესებუა:
“ვაგრძელებ სამხედრო სტრატეგიის ძირითადი პრინციპების აღწერას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ჭრილში.
დღეს ვეცდები ავხსნა რა არის ინდუქციური და დედუქციური სტრატეგიები და რას ნიშნავს ეს ამ ომისთვის.
ზოგადად, სტრატეგიული მიდგომები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად, ინდუქციურად და დედუქციურად. ინდუქციური სტრატეგიები უფრო, ძველი, კლასიკური სტრატეგიებია. ინდუქციური სტრატეგიები გულისხმობს, რომ სტრატეგიული გამარჯვება არის ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებების ჯამი. ეს ნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე იგებ ტაქტიკურ დაპირისპირებებს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში, ბოლოს მოწინააღმდეგეს გადაეყრები გენერალურ ბრძოლაში, გაიმარჯვებ და საბოლოოდ, გამარჯვებულიც შენ გამოდიხარ.
დედუქციური სტრატეგიები უფრო გასული საუკუნის დასასრულის ნაყოფია. ეს ნიშნავს, რომ ომს იგებ მის საწყის ეტაპზევე სწორი სამხედრო-პოლიტიკური მოქმედებებით და მთელი შემდგომი ომი უბრალოდ ამ მიღწეული გამარჯვების თარგმნაა ბრძოლის ველზე. ამ ტიპის ომების მაგალითებია ნატო-იუგოსლავიის ომი და მეორე ერაყის კამპანია. ასეთი ოპერაციები იწარმოება დიდი რაოდენობის Stand-off (ჰორიზონტსმიღმა) რაკეტების, ფრთოსანი რაკეტების და სხვა ტიპის ზეზუსტი იარაღის გამოყენებით და ყველა დომეინში (ხმელეთი, ზღვა, ჰაერი, კიბერი, ინფორმაცია/დაზვერვა) სრული უპირატესობის დამყარების პირობებში. ამ დროს, ნადგურდება მოწინააღმდეგის ომის წარმოების საკვანძო შესაძლებლობები და ამის შემდეგ უკვე იწყება მოწინააღმდეგის დამარცხების “გაფორმება”.
რატომ იყო საჭირო ეს თეორიული წიაღსვლა? ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ამეხსნა რა მოხდა რუსეთ-უკრაინის ომში. უფრო სწორედ, რა შეცდომები დაუშვა რუსეთმა უკრაინასთან ომში.
24 თებერვალს რუსეთმა გაუშვა დაახლოებით 120 ფრთოსანი რაკეტა “კალიბრი” უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, რომელშიც შედიოდა აეროდრომები, რადიო-ლოკაციური სადგურები, ავიაცია, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, საბრძოლო მასალების საწყობები. ამის შემდეგ, საავიაცოო დამუშავების გარეშე დაიწყეს სახმელეთო შეტევა – ბლიც კრიგი კიევის ალყაში მოქცევის და ხელისუფლების სწრაფად დამხობის მიზნით. რეალურად, რუსეთი პრაქტიკულად იმავე თავდაცვის ზღუდეებს უტევს, რასაც პირველ დღეს შეუტია. რა მოხდა? რატომ ვერ იმუშავა დედუქციურმა მიდგომამ? ქვემოთ ჩამოვთვლით შეცდომებს, რომელიც დაუშვა რუსეთის გენშტაბმა ამ ოპერაციის დაგეგმისა და აღსრულების დროს.
შეცდომა 1 – რუსეთს არ გააჩნდა სადაზვერვო/საინფორმაციო უპირატესობა. აშშ პრაქტიკულად LIVE-რეჟიმში აქვეყნებდა მოსკოვის გეგმებს. შესაბამისად, უკრაინულ მხარეს გააჩნდა სრული ინფორმაცია მოსალოდნელი დარტყმის შესახებ. ამიტომაც ავიაცია ამ დარტყმას ჰაერში შეხვდა, დარტყმები კი ცარიელ აეროდრომებზე განხორციელდა. გადარჩა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაც, რომელიც უკრაინელებმა წარმატებით გადამალეს.
შეცდომა 2 – რუსეთს არ გააჩნდა ფრთოსანი რაკეტების საკმარისი რაოდენობის მარაგები, ამიტომ მათი გამოყენება უკიდურესად ხელმომჭირნედ მოხდა. ერთი მოზრდილი საჰაერო ბაზის სრულად მწყობრიდან გამოყვანას 50-60 რაკეტა ჭირდება. რუსეთმა კი ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოს სულ ჯამში 120 ესროლა ოპერაციის საწყოს ეტაპზე.
შეცდომა 3 – ავიაციის არასაკმარისი გამოყენება ოპერაციის საწყის ეტაპზე. რუსეთის საჰაერო ძალები საკმაოდ დიდი რაოდენობის საფრენ აპარატს აერთიანებს. მიუხედავად ამისა, რუსეთს არ გააჩნია უნარი აწარმოოს კომპლექსური ერთობლივი საჰაერო ოპერაციები დიდი რაოდენობის საფრენი აპარატების ერთდროულად ჰაერში ყოფნის პირობებში. ამიტომაც, საავიაციო დამუშავება ძალიან ხანგრძლივი იქნებოდა. შესაბამისად, გენშტაბმა გადაწყვიტა ეს ფაზა პრაქტიკულად ოპერაციიდან ამოეღოთ. შედეგი სახეზეა.
შეცდომა 4 – არასაკმარისი რაოდენობის ცოცხალი ძალა ამბიციის ამ დონისთვის, ან ამბიციის ზედმეტად მაღალი დონე ცოცხალი ძალის ამ რაოდენობისვის. იმ პირობებში, როცა ვერ მოხერხდა უკრაინის სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი დასუსტება პირველი დარტყმებით, რუსული ძალები, მარტივად რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგეზე უფრო მცირე რიცხოვანი აღმოჩნდნენ, იმ პირობებში, როცა შემტევ დაჯგუფებას კლასიკურად 3/1 უპირატესობა სჭირდება წარმატებისთვის.
შეცდომა 5 – დასავლეთის მხარდაჭერის არაჯეროვანი შეფასება. რუსულმა მხარემ ვერ გათვალა, რომ თუნდაც უკრაინული რადიოლოკაციურო სადგურების განადგურების პირობებშიც, უკრაინას სადაზვერვო უპირატესობა ექნებოდა აშშ-ის და სხვა ნატოელი პარტნიორების მიერ მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციის ხარჯზე. გარდა ამისა, რუსულმა გენშტაბმა ვერ გათვალა, თუ რა საფრთხეს წარმოადგენდა დასავლური შეიარაღების თითოეული ნიმუში რუსეთის “უანალოგო” შეიარაღებისთვის.
შესაბამისად, რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს აქედან? ჩანაფიქრის მიხედვით, რუსებს “ამერიკულად” უნდა ეომათ. მათ ომი მის დაწყებამდე უნდა მოეგოთ და მერე აუღელვებლად გაეფორმებინათ ეს ბრძოლის ველზე. რეალურად კი გამოუვიდათ საპირისპიროდ – მათ ომი მის დაწყებამდე წააგეს, ახლა კი უკრაინელები უფორმებენ მათ ამ წაგებას. უზარმაზარ ფასად, თუმცა მაინც. როგორც იტყვიან, არა შეჯდა მწყერი ხესაო…”
კომენტარები